სტატიის ავტორი: ნინი პერტენავა
თავი ჭირსა არ დამრიდად, გული
მისცეს გულისათვის, სიყვარული
გზად და ხიდად“
„მეგობარი – საგანძური“

ემოციები გვხდის ადამიანებად, გვაყალიბებს პიროვნებებად, გვაძლევს არჩევის უფლებას და გვიკვალავს გზას. ღმერთმა მოგვცა გრძნობის საშუალება, სიყვარულის, მეგობრობის ერთგულების უფლება და ეს ყველაფერი კი, მოგვიწოდებს სამყაროს ჰუმანისტური აღქმისკენ.
„რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცს ლესავს“,- გვეუბნება ქრისტე. დიახ, ყველას სჭირდება თანამოაზრე, ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, მწუხარება გაუზიარო. რადგან „ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა, რომელმან შეიძინა იგი, ჰპოვა საგანძური. ერთგული მეგობარი ფასდაუდებელი საუნჯეა და არა აქვს საზღვარი მის სიკეთეს. ერთგული მეგობარი სალბუნია ცხოვრებისა და მოშიშნი უფლისანი ჰპოვებენ მას“.
კარგი ამხანაგი მთებსაც გადადგავს. მეგობრობას არაერთხელ გადაურჩენია სიცოცხლე. ამას ადასტურებენ, მაგალითად, ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეგობრები ქართულ ლიტერატურაში. შოთა რუსთაველი წარმოგვიდგენს მტკიცე ამხანაგობის მაგალითს. ავთანდილი ტარიელის დახმარებას საკუთარი სიცოცხლის და მეფის წინაშე რეპუტაციის ფასად გადაწყვეტს. სამივე გმირი ერთად გადის ომისა და განსაცდელის გზას.

ვეფხისტყაოსანი მეგობრობას, როგორც უმაღლეს ადამიანურ ფასეულობას წარმოაჩენს. ავთანდილისა და ტარიელის ერთიერთობა აგებულია ერთგულებაზე, თავგანწირვაზე, ემოციურ სითბოსა და საერთო მიზნისკენ სწრაფვაზე. ის წარმოგვიჩენს, რომ მეგობრობა ზოგჯერ სისხლით ნათესაობაზე ძლიერია.
ზუსტად ამას გვასწავლის ქრისტიანობა. ქრისტემ მას სულიერი მნიშვნელობა მიანიჭა და აჩვენა, რომ მეგობარი არის ის, ვინც გიცავს, გაგიგებს, არ დაგამცირებს შეცდომის გამო და მზადაა შენთან იდგეს, როგორც ბედნიერ, ისე უბედურ დროსაც. „გიყვარდეთ ერთმანეთი“ ეს არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მცნება.
ქრისტიანობა არ ზღუდავს ამხანაგობას, არ მიჯნავს მეგობარსა და მტერს: „გიყვარდეთ მტრები თქვენი და ილოცეთ მათთვის, ვინც გტანჯავთ, რომ იყოთ თქვენი მამის შვილები, რომელიც ზეცაშია“. როგორც ღმერთს უყვარს ყველა, ასევე ჩვენც უნდა გვიყვარდეს, რადგან ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს სიყვარულს.
თუ შეგიძლია მეგობრობა, პატიების უნარიც უნდა გქონდეს. ეს არის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი – გაგება და პატიება. თვისება რომელიც ქმნის მყარ ურთიერთობებს, აკავშირებს ადამიანებს. ყველა იმსახურებს მეორე შესაძლებლობას.
ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება შეძლოს პატიება. „უძღები ძის“ იგავი გვიჩვენებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნაწყენი ან გაბრაზებული ხარ ადამიანზე, თუ ის საკუთარ შეცდომას ხვდება, ყოველთვის შეგიძლია საკუთარ თავში გამონახო ძალა, რომ აპატიო. და მაშინ ხარ ნამდვილი ადამიანი.
ამხანაგობა არის სიყვარული, ერთგულება და პატიება. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ასეთი ურთიერთობა უნდა ვრცელდებოდეს ყველას მიმართ, პატიება და გულწრფელობა ურთიერთობას ამაგრებს. ისტორია აჩვენებს, რომ ნამდვილი მეგობრობა არა მხოლოდ პიროვნული კავშირია, არამედ სულიერი და საზოგადოებრივი სიმტკიცის წყაროც.