სტატიის ავტორი: ელენე ბურდილაძე
შიში არის ემოცია რომელიც ადამიანს ან აცოცხლებს, ან უძლურს ხდის. ის გვეუფლება მაშინ, როდესაც ვგრძნობთ საფრთხეს, გაურკვევლობას ან ცვლილებას. ზოგჯერ , გონებაში იკავებს ადგილს და საკუთარ ფიქრებსაც კი ფერს უცვლის. შიში ყოველთვის იყო ადამიანის ემოციური ცხოვრებისა და სოციალური ქცევის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. თუმცა ის არ არის ერთგვაროვანი ემოცია — მას ორი სახე აქვს: ერთ შემთხვევაში გვიცავს და გვასწავლის სიფრთხილეს; მეორე კი გვაბნევს, გვაკარგვინებს კონტროლს და პანიკაში გვაგდებს.
შიშში განსაკუთრებულად გამოიყოფა სამი თვისება: პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და სინდისი. ასეთი შიშის დროს ადამიანი არ გადადგავს დაუფიქრებელ ნაბიჯს, არამედ გვაფრთხილებს: „სიფრთხილე გმართებს; არჩევანი მნიშვნელოვანია.“

მაგრამ ქრისტიანობაში ეს შიში კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს.
მართლმადიდებლურ სწავლებაში „ღვთის შიში“ ნიშნავს არა დაშინებას, არამედ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობას, სინდისის გამკაცრებას და სიფხიზლეს. ქრისტიანული სინდისის სიფხიზლე კარგად ჩანს თამარ მეფის ცხოვრებაში, მისი შიში არ იყო პანიკა — ის იყო საკუთარი პასუხისმგებლობა ერის წინაშე, ვალდებულებისა და ღვთისადმი ანგარიშვალდებულების განცდა. თამარს სარწმუნოება ეხმარებოდა, გადაწყვეტილებები სიბრძნით მიეღო. მისი შიში არ იწვევდა დაბნევას, არამედ პასუხისმგებლობას: „მე ვარ დაუცველი ერის დედა და ღმერთი იქნება ჩვენი სიძლიერე.“

„აბო თბილელის წამება“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითია, თუ როგორ ძალას აძლევს ადამიანს რწმენა. აბო არ იყო გმირი დაბადებიდან — იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მაგრამ სწორედ ამ უბრალოებაში ჩანს მისი სულიერი სიმტკიცე. როდესაც მან უარი არ თქვა ქრისტიანობაზე, ბუნებრივად ჰქონდა ადამიანური კრთომა: იცოდა, რომ წამება და სიკვდილი ელოდა. ეს ის „ცუდი შიშია“, რომელიც ადამიანს აბნევს და პანიკაში აგდებს. მაგრამ აბომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რწმენის მქონეს შეუძლია.
აბო თბილელის წამებამ მთელი ქალაქის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოახდინა გავლენა. იმ დროის თბილისში მძიმე მდგომარეობა იყო: ქრისტიანები ხშირად იმალებოდნენ, საკუთარი რწმენის გამო თავს არიდებდნენ თავისუფალ ცხოვრებას. პანიკა, უნდობლობა, დაბნეულობა — ხალხში უკვე ღრმად იყო გამჯდარი.
როდესაც აბო საჯაროდ აწამეს, ბევრს ეგონა, რომ ეს უფრო მეტ ქაოსს, მეტ მორიდებას გამოიწვევდა,მაგრამ მოხდა საპირისპირო: ქალაქმა დაინახა ადამიანი, რომელმაც სიკვდილის წინაც კი სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნა. ეს გახდა მაგალითი იმისა, რომ სინდისისა და რწმენის სიფხიზლე შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე ძალადობის შიში. აბოს წამების ამბავი როდესაც შეიტყვეს, გაერთიანდნენ, დაძლიეს შიში, ყველა მის სანახავად მიდიოდა. „მოხუცებულნი მორბიოდეს კუერთხებითა თვსისითა, მკელობელნი–ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი–სრბით, ყრმანი–ხდომით ურთიერთას. … და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს.“
მეორე სახე — არასახარბიელო შიში, უკვე ემოციაა, რომელიც რეალურ საფრთხეს აღარ უკავშირდება. ეს არის შფოთვა, ცარიელი ფიქრების ნაკადი, რომელიც ადამიანს ავიწროვებს და აქცევს მხდალ პიროვნებად. გონება იწყებს ცუდი სცენების მოფიქრებას: „ვერ შეძლებ… ვერ გაბედავ… სხვები უკეთესები არიან.“ ასეთ გრძნობას ფსიქოლოგიაში დესტრუქციულ შიშს უწოდებენ — ემოციას, რომელიც ჩვენი შინაგანი თავისუფლების წინააღმდეგ მუშაობს.
ქართულ ისტორიაში არასდროს გვაკლდა მაგალითები, სადაც რწმენის გარეშე დარჩენილი ხალხი პანიკაში ვარდებოდა. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინოა ის ვითარებები, როდესაც რწმენამ ხალხი პანიკიდან გამოიყვნა — მაგალითად, გიორგი ჭყონდიდელის ქადაგებები, რომლებიც ლაშქარს „სულის სიმტკიცეს“ აძლევდა. მის გარეშე შიში ქაოსად იქცეოდა, მასთან ერთად — პასუხისმგებლობად. ამას მიუთითითებს ბიბლიური ფრაზა: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენთან ვარ.“
ამ ორ უკიდურეს მხარეს შორის კი დგას სანუგეშო ფსიქოლოგია — ემოციური მხარდაჭერის ფორმა, რომელიც ადამიანს შიშთან გამკლავებაში ეხმარება. აქ განსაკუთრებულ როლს თამაშობს რწმენა, როგორც სტრესის წინააღმდეგ დაცვა, ასევე ლოცვა და გალობა. ლოცვა ამშვიდებს გონებას, ამცირებს შფოთვას. გალობა ქმნის განსაკუთრებულ რიტმს და ჰარმონიას, რომელიც ნერვულ სისტემას აწყნარებს. ტაძარში ყოფნა — სიმშვიდის, სითბოს, სივრცისა და ერთობის განცდაა.
ცუდი შიშის დროს ქრისტიანობა გვაძლევს სხვა ემოციას — ნუგეშს. იგი აქცევს ადამიანს დახშულად, ნუგეში კი ხსნის გულს; შიში გვყოფს—ნუგეში გვაერთიანებს; შიში გვაშორებს სიყვარულს—ნუგეში გვახსენებს, რომ მარტო არ ვართ. ბიბლიაში ეს ასე აისახება:
„სრულყოფილმა სიყვარულმა შიში განდევნა.“- სრულყოფილი სიყვარული ადამიანს შინაგან სიმშვიდეს აძლევს. ამიტომ შიშს აღარ აქვს ძალა.
საქართველოს ისტორიდან ყველაზე ძვირფასი მაგალითია ქართლის დედის სახე, რომელიც ომის დროსაც კი ხალხისთვის ნუგეში და სიმტკიცე იყო — არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ ემოციურადაც. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ წმინდა ილარიონ ქართველის სიცოცხლე, რომლის ლოცვამ და სულიერმა სიმშვიდემ უამრავი ადამიანი შეიფარა კრიზისის დროს.
კარგი და ცუდი შიშის განსხვავება გვაჩვენებს, რომ ადამიანში ყველაზე დიდი ბრძოლა ყოველთვის შიგნით მიმდინარეობს. იქ, სადაც სინდისის სიფხიზლე, პასუხისმგებლობა და რწმენით ნაპოვნი ნუგეში მოქმედებს, პანიკა და დაბნევა ძალას კარგავს. აბო თბილიელის მაგალითმა და მისმა მოწამეობამ სწორედ ეს დაგვისაბუთა: სიყვარული, რწმენა და სულიერი სიმტკიცე ის ძალებია, რომლებიც არა მხოლოდ ადამიანს, არამედ მთელ საზოგადოებას აძლევენ უნარს, შიშს გაუმკლავდეს და სულიერად გაიზარდოს — როგორც მაშინ, ისე დღესაც.