სტატიის ავტორი: გიორგი გობეჩია
მინდოდა შესავალს გავქცეოდი და იმთავითვე ვიტყვი, რომ ეს ჩემი ბავშვობის ყვავილია. მიმოზის ხეს ტანზე, რომ შემოხვევია, ვარდობის თვეში ჩემს აივნამდე ამოაღწევდა და მთელი სიმძლავრით შემომინგრევდა სარკმელს. ღმერთო, როგორი გრილი სურნელი შემოჰქონდა, მზის სხივებთან ერთად დილაობით. მახსოვს ბებიაჩემი სირენს ეძახდა, მაგრამ მე იასამანი უფრო მომწონდა.
ჩემს ბავშვურ წარმოდგენებში ყურძნის მტევანს გავდა – დიონისოს, რომ ჩამოუკიდია ყურებზე.
მამაჩემისგან ბევრი რამ არ დამრჩენია. რაც დრო გადის, ვხვდები რომ მოგონებებიც მილევადი ყოფილა. ზოგჯერ თვალებს მაგრად მოვუჭერ, სადაცაა გუგები სააღდგომო კვერცხებივით ჩატყდებიან და ვცდილობ მისი მოღიმარი სახე გავიხსენო. არ მინდა დამავიწყდეს, მისი იფქლისფერი თმები ან მისი ზღვისფერი თვალები, სადაც ყოველდღე იძირებოდა ათასი ტიტანიკი, ლოთი მეზღვაურის გამო.
მეცნიერული კვლევების თანახმად, ადამიანის ტვინი 2.5 მილიონი გეგაბაიტის ეკვივალენტია. არამგონია ჩემი მცირე „ბაგაჟით“ ის ისე გადამეტვირთოს, რომ ძველი მოგონებებისთვის ადგილი არ რჩებოდეს. არადა ვერ ვიხსენებ მამაჩემის ხმას!
უბრალოდ მახსოვს სანთლის შუქის ფონზე, კედელზე თითებით ჩრდილებს მიხატავდა და ზღაპრების უსასრულო სამყაროში გადავყავდი.
დღეს, როცა ჩემი ტვინის ავგიას თავლაში მამაჩემის ხმას უშედეგოდ ვეძებ, ვხვდები, რომ მეხსიერება ყველაზე დაუნდობელი და, ამავე დროს, ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც გაგვაჩნია. ზოგჯერ ისტორიაც ასეა — ინახავს სურნელს, ფერებს, მაგრამ კარგავს მთავარს – „ხმებს“. სწორედ ასე, საუკუნეების მტვერში ჩაიკარგა ერთი კაცის ხმაც, რომელიც ოდესღაც იბერიის სამეფო კარიდან რომის იმპერიის მწვერვალამდე ავიდა.
378 წელს მსოფლიოში შეიძლება ბევრი რამ მოხდა, თუმცა არა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ადრიანოპოლის ბრძოლა იყო. ახლანდელ ედირნესთან (თურქეთი) ახლოს გავარვარებული 9 აგვისტოს მზის ქვეშ ვესტ გუთებისა და რომაელების არმიები ერთმანეთის პირისპირ იდგა და ახალი სამყაროს ფურცლის გადაშლა საათების საკითხი იყო.
ბრძოლის შემდეგ რომაელთა მიმოფანტულ გვამებს შორის, წითელი წაღებით იმპერატორ ვალენეტის ცნობა რთული არ იყო. ეს იმპერიისთვის სრული კრახი და საბოლოო განადგურების დასაწყისი გახლდათ. იმპერიის ჯარისკაცთაგან მხოლოდ მცირედი გადარჩა. მათ შორის იყო ქართველი უფლისწული ბაკურ იბერიელი, რომელიც ალბათ ტალახში და სისხლში ამოსვრილს ისრებს აგროვებდა და რომელთა გაჩეხილ თავებში გუთების სპატებს აკვირდებოდა. ამიანე მარცელიანუსს თუ დავუჯერებთ, ბაკურ ინერიელის თანამდებობა Tribunus Scutariorum იყო,რაც ელიტური ქვედანაყოფის „ფარისმტვრეველების“ მეთაურს ნიშნავს. ასევე მას ტრიბუნის თანამდებობაც ეკავა და მსუბუქად შეჭურვილ მეისრეების ქვედანაყოფსაც მეთაურობდა.
ისტორიის ჩარდახებში სწორ-მართალის გარკვევა ისეთივე რთულია, როგორც დაბალგანვითარებულ პრიმატთა ტომის ენაზე ტექნიკის მიღწევებზე საუბარი. სამწუხაროდ ქართულ წყაროებში სრული ვაკუუმია. თუმცა ბერძნულ-რომაული წყაროები იმდენად მრავლადაა, რომ არიადნეს გორგალი თუ არ გაქვს, ამ ლაბირინთში დაიკარგები.
რომაელთა ისტორიაში სულ ორი ბაკურ იბერიელიე – ერთი მეოთხე საუკუნეში მოღვაწე და მეორე მეხუთეში. ჩვენი გმირი მეოთხე საუკუნისაა. ორი დამოუკიდებელი წყარო მას სულაც იბერიის მეფედ მოიხსენიებს, ერთი კი უბრალოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლად წარმოგვიჩენს.
ბიზნტიელ ისტორიკოსს ზოსიმეს თუ გავყვებით ბაკურ იბერიელი იბერთა მეფეა. ამ პერიოდში ამ სახელით ორი მონარქი – ბაკურ II და ბაკურ III გვხვდებიან. თუ ფანტასტიკის დონეზე დავუშვებთ, რომ ბაკურ იბერიელი შესაძლოა ბაკურ II იყოს, მაშინ სრულ სიგიჟეს ვაწყდებით, რადგან ამ შემთხვევაში მისი შვილიშვილი არც მეტი არც ნაკლები პეტრე იბერი გამოდის.
მეფე თუ უბრალოდ მეფური წარმომავლობის ბაკურ იბერიელის რომაელთა სამსახურში ჩადგომა ცალკე ჟანრის წიგნია. მანამდე კი მისი პორტეტის დახატვაში ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი ლიბანიოსი დაგვეხმარება. რა გამოარჩევს ლიბანიოსს სხვა ავტორებისგან? ის პირადად იცნობდა ბაკურ იბერიელს.
და როგორ მოიხსენიებს ის ამ უკანასკნელს? როგორც მაღალი კულტურის, განათლებული და ზნეკეთილი პიროვნება. ლიბანიოსი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ კაცი, რომელიც მთელ ცხოვრებას ომში ატარებდა, ასე აფასებდა მწერლობასა და ფილოსოფიას.
ლიბანიოსი გვიჩვენებს ბაკურის ინტელექტუალურ მხარეს — „ბარბაროსი“ უფლისწული, რომელიც ბერძნულ-რომაულ ელიტაში სრულფასოვან ინტელექტუალად ითვლებოდა.
ლიბანიოსი არ არის უკანასკნელი ვინც ბაკურ იბერიელს იცნობდა. რუფინუს აკვილეელი ბაკურ იბერიელს პალესტინაში შეხვდა. არ დაგვავიწყდეს, რომ რუფინუსი ეს არის კაცი, რომელიც ერთერთი იყო, ვინც ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ამბები აღწერა და შემოგვინახა. თავის „საეკლესიო ისტორიაში“ რუფინუსი აღწერს იბერიის მოქცევას. იგი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ამბავი მას თავად ბაკურმა, „ამ ტომის მეფემ და სარწმუნოების დიდმა დამცველმა“, უამბო. რუფინუსის წყალობით ვიცით, რომ ბაკური იყო არა მხოლოდ მეომარი, არამედ თავისი ქვეყნის ისტორიის მემატიანე და წმინდა ნინოს ისტორიის პირველწყარო ევროპული სამყაროსთვის.
დავუბრუნდეთ ისევ ავად სახსენებელ 378 წლის 9 აგვისტოს. ამ უზარმაზარი ტრაგედიის ფონზე, ამიანე მარცელიანუსი მაინც გამოყოფს ერთი კაცის თავდადებას, ნიჭიერებას და სიმამაცეს. ეს კაცი კი ბაკურ იბერიელია. მკითხველი იმედია აპატიებს ავტორს ფეხბურთის სიყვარულს და უადგილო შედარებას, თუმცა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშე, წაგებული ლიონელ მესი გახდა. ისტორიიდან კი დამარცხებულის ასე შექება, მხოლოდ მამლუქებთან ომიდან დაბრუნებული დემეტრე II თავდადებული მახსენდება.
დაუშრეტელი ენერგიისა და გაუტეხელი სულის წყალობით, ბაკურ იბერიელი თამაშში რჩება, ის მომავალი იმპერატორის თეოდოსიუსის სამსახურში დგება. ბაკურ იბერიელი მონაწილეობას იღებს პრაქტიკულად ყველა სამხედრო კამპანიაშია, რომელსაც თეოდოსიუსი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აწარმოებს. ბაკურ იბერიელის წყალობით იქნება დამარცხებული უზურპატური გრაციანე.
მე-4 საუკუნის 80-იან წლებში თეოდოსიუსი ბაკურ იბერიელს ყველაზე ცხელ წერტილში პალესტინაში აგზავნის, როგორც Dux Palaestinae – რაც პალესტინის სამხედრო მმართველს ნიშნავს.
სწორედ პალესტინაში ყოფნისას გამოიყენა ბაკურმა თავისი გავლენა და სახსრები, რათა ხელი შეეწყო ქართული სამონასტრო ცხოვრებისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის და სხვა ქართული სავანეების მშენებლობას.
ამ ამბებიდან 15 საუკუნის შემდეგ, ქართველები წმინდა მიწაზე, სამწუხაროდ ერთ ტაძარსაც არ ფლობენ. თუმცა… თუმცა… თუმცა… ვერავინ და ვერაფერი წაშლის ქართველთა კვალს. 1952 წელს იტალიელი არქეოლოგი ვირჯილიო კორბო იუდეას უდაბნოში ბირ ელ ყუტის ტაძარში, ქართულ წარწერას აღმოაჩენს.
ეს წარწერა უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის. შესრულებულია მოზაიკით (სეფი) იატაკზე ასომთავრულით. უკეთ, რომ გავიგოთ, ბოლნის ცნობილ წარწერის შესრულებამდე 2 საუკუნეა დარჩენილი. სწორედ ეს გენიალური მიგნება მოგვითხრობს ბაკურ იბერიელის შესახებ.
ბაკურ იბერიელის თავბრუდამხვევ თავგადასავალს დასასრულიც ეპიკური ქონდა.
394 წელი. ალპები. ბრძოლა მდინარე ფრიგიდუსთან. ადრიანოპოლიდან 16 წელი გავიდა. მაშინ ბაკურ იბერიელი ცოცხალი დარჩა, თუმცა წაგებული ომი და მოკლული იმპერატორი ვალენტი. 16 წლის შემდეგ ბაკურ იბერიელი წინმებრძოლთა რაზმებს სარდლობდა, სააღდგომო კვერცხივით წითლად შეღებილ მდინარეში ქართველი კაცის ცხედარი ესვენა, თუმცა ომი მოგებული იყო და იმპერატორი თეოდოსიუსიც ცოცხალი. იმ დღეს ქრისტიანული სამყარო წარმართებთან ბრძოლაში გადარჩა და ეს ბაკურ იბერიელის დამსახურება იყო.
და დღეს ჩვენ ქართლის გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეზე, თუ ვისურვებთ შევეხოთ, ქართულ სიტყვიერებას, ქართლის გაქრისტიანების წიაღებს და ზოგადად ვიფიქროთ ჩვენს ადგილზე მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროში – ბაკურ იბერიელი არის ის სინათლე ვინც ისტორიის უკუნეთიდან უფლის სიყვარულივით ანათებს.
ვიცი მკითხველო, ბაკურ იბერიელის ისტორია არა საკმარისია – „ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან.“ ვიცი შეიძლება ის შეგრძნებაც გეუფლებათ, როგორც მე – როცა მამაჩემის ხმას ვიხსენებ. მაგრად ვხუჭავ თვალებს და ამ სიბნელეში მამაჩემის სახესთან ერთად, ვცდილობ წარმოვიდგინო ბაკურ იბერიელის ხატებას. დროში ჩაკარგული ქართველი უფლისწულის ისტორია.
ღმერთო მომეცი ძალა, ოდესმე ბაკურ იბერიელის ისტორია დავწერო. ახლა კი თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს. საკუთარი სახელი ბაკური – ირანული წარმოშობისაა და ის „ღვთის შვილს“ ნიშნავს. შეუცნობელ არს გზანი უფლისანი!