სტატიის ავტორი: გია მურღულია
მწერლობა დანახვა, შეცნობა, სახელის დარქმევა და გამოხატვაა. გიორგი მერჩულე, ოთხივე ამ თვალსაზრისით, შესანიშნავი მწერალია. ის მოვლენებს, ფაქტებსა და ადამიანთა ნამოქმედარს როგორც ისტორიულ (დროით), ისე მეტაფიზიკურ (ზედროულ) კონტექსტში ხედავს. ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის პიროვნულის, სახელმწიფოებრივისა და ღვთაებრივის ჰარმონიული ერთობაა, რაც არაერთგზის და სხვადასხვა რაკურსით ცხადდება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
ერთხელ გოეთემ თქვა: „ის, ვისაც სიქსტეს კაპელა არ უნახავს, ვერასდროს წარმოიდგენს, რისი გაკეთენა შეუძლია ერთ ადამიანს“. არსებობს გამკეთებლის სიკეთე და დამნახველის სიკეთეც – მიქელანჯელომ შედევრი შექმნა, გოეთემ კი ერთი შესანიშნავი ფრაზით გამოხატა მისი მნიშვნელობა.
გიორგი მერჩულემაც მკაფიოდ დაგვანახვა, რა მასშტაბის მოღვაწე იყო გრიგოლ ხანძთელი – რა გააკეთა მან საქართველოსთვის და, ზოგადად – ადამიანებისთვის.
გრიგოლი ნერსე ერისთავის ოჯახში იზრდებოდა და კარგად დაინახა ამ დიდებული ქართველის პიროვნული ტრაგედია – კატასტროფული მარცხი საქართველოს არაბი დამპყრობლებისგან გათავისუფლების საქმეში. ნერსეს მთელი მოწიფული ცხოვრება საკუთარი ქვეყნის მსახურება იყო. ის არაერთგზის შეეცადა, არაბთა აგრესიულ ნებას წინ აღსდგომოდა, მაგრამ ამას კარგი შედეგი არ მოჰყოლია. თავად ერისთავი ჯერ ბაღდადში გაიწვიეს და იქ, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ჰყავდათ, შემდეგ თბილისში დააბრუნეს და აქედან ხაზარეთში გაქცევამ მოუწია, ბოლოს კი, აფხაზეთში ერთხანს ყოფნის შემდეგ, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე უარის თქმის საფასურად, თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს.
გრიგოლი მთელი ეს დრო ნერსესთან იმყოფებოდა და ერთ უცილობელ ჭეშმარიტებას მიხვდა – მხოლოდ ხმალი (შიშველი ფიზიკური ძალა), თუ მას საზოგადოებისა და ადამიანის გამაძლიერებელი და გამაერთიანებელი იდეა არ უდგას უკან, პრობლემას ვერ გადაწყვეტს. განათლება, წიგნი და ფიქრი ქმნის ამ იდეას, რომელიც განწყობად იქცევა და მთების დაძვრა შეუძლია.
გიორგი მერჩულე გვიჩვენებს, როგორ წამოვიდა გრიგოლი თავის სამ თანამოაზრესა და მეგობართან ერთად სამხრეთ საქართველოში და მრავალწლიანი დაუღალავი მოღვაწეობითა თუ მოქმედებით შექმნა ეს მაცოცხლებელი იდეა. მისი ხელმძღვანელობით აგებული ეკლესია-მონასტრები არ იყო მხოლოდ ადამიანის დამაშვრალი და ცოდვით დამძიმებული სულის მოსაოხებელი ადგილები – ეს განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერებიც იყო, რომლებშიც არა მხოლოდ სულის ხსნაზე, არამედ საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს თემებზეც ფიქრობდნენ და არსებითად უწყობდნენ ხელს მათ ადამიანთა ცნობიერებაში დამკვიდრებასა და შემდეგ – რეალიზებასაც.
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ სამხრეთი საქართველოდან დაიწყო და დაგვირგვინდა კიდეც (ბაგრატ მესამის მეფობის ხანაში) ჩვენი ქვეყნის გაერთიანების საქმე – თბილისი ოდნავ მოგვიანებით (დავით აღმაშენებლის დროს, 1122 წელს) დაუბრუნდა საერთო მიწას.
ამ პროცესის სათავეში ტაოელი ძმები დგანან, რომელთა საქმე დიდმა ათონელებმა (ექვთიმემ, გიორგიმ და სხვებმა) გააგრძელეს და ქართველთა მიწიერი მესიის – დავით აღმაშენებლის – წინამორბედობა იკისრეს.
გრიგოლის მიერ დაწყებული მოძრაობა მერჩულემ „უდაბნოს ქალაქმყოფლობად“ შეაფასა. „უდაბნო“ ძველისძველი სიმბოლოა, ისევე როგორც „ქალაქი“ – პირველი, ამ კონტექსტში, სიმბოლურად, ღვთის სიკეთეს მოკლებულ, უსახურ, ქაოსისკენ მიდრეკილ ადგილს ნიშნავს, მეორე კი – წესრიგს. მართლაც, გრიგოლის მოსვლამდე ტაო-კლარჯეთი მურვან-ყრუს შემოსევისა და ჟამიანობის (შავი ჭირის ეპიდემიის) გამო პრაქტიკულად უდაბურ ადგილად იყო ქცეული, ხოლო მისი მრავალწლიანი გონივრული მოღვაწეობის შემდგომ საქართველოს ახალ პოლიტიკურ, კულტურულ და ზნეობრივ ცენტრად იქცა – სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ წესრიგად.
შენიშნულია (რევაზ სირაძე), რომ არაბმა დამპყრობლებმა თბილისში დამკვიდრებით ქართლი, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ციტადელი მთლიანად დაუქვემდებარეს საკუთარ გავლენას და მისთვის წართმეული ლიდერის ფუნქცია ტაო-კლარჯეთს რომ არ აეღო, საქართველოს გაერთიანება (რომელიც, როგორც ვთქვით, სწორედ აქედან დაიწყო და წარმატებით გაგრძელდა) სათუო გახდებოდა. აქედან გამომდინარე, გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება ჩვენი ქვეყნის სულიერი განვითარების საქმეში. რას ნიშნავს „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“? ეს იმას ნიშნავს, რომ გრიგოლი საკუთარ თავში ატარებს სვეტიცხოვლობის დიად იდეას. სვეტიცხოველი დაკავშირებულია იაკობის კიბესთან და, სიმბოლურად, ცისა და მიწის არსებით და ჰარმონიულ კავშირს გამოხატავს. კაცობრიობის ერთ-ერთ პირველ მამას, იაკობს, ეზმანა, როგორ ჩამოდიოდნენ და ადიოდნენ ციდან მიწამდე დაშვებულ კიბეზე ანგელოზები. მოძრაობა აქ ცალმხრივი არ არის – როგორც ზეციურ ძალებს შეუძლიათ ამსოფლად მოსვლა, ისე ადამიანებს ძალუძთ განღმრთობა. კაცის გაზეციურება შეუძლებელი არ არის და სწორედ ამისკენ უნდა მიისწრაფვოდეს ის. მაშინ ექნება მას „ღმრთის-მხედველი სული“ (ამგვარ სულს ხედავს გრიგოლი თავის საყვარელ მოწაფე ეფრემ აწყურელში, თუმცა, პირველ რიგში, საერთო აღიარებით, სწორედ თავად არის მისი განსახიერება). გიორგი მერჩულეს აზრით, გრიგოლი საკუთარ თავში მოიცავს წუთისოფელში ჩამოსულ ანგელოზსა და ზეცაში ასულ ადამიანს – ამგვარი ჰარმონიული ერთობის განსახიერებაა. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ გრიგოლ ხანძთელისნაირი კაცები იესოს შემდგომ და მისი ამქვეყნიური ცხოვრების მიმსგავსებულობის კვალდაკვალ გამოხატავენ ღვთის ნამდვილ ხატებას ადამიანში.
ასეთი ხატება გულისხმობს, ერთი შეხედვით, უცნაურ შუამავლობასაც ცოცხლებსა და გარდაცვლილებს, ამ სამყაროსა და მიღმა სამყაროს შორის. ადარნერსე მეფემ საყვარელი გაიჩინა, რომლის გამოც საკუთარ ცოლს, დედოფალს განეშორა. გრიგოლი განრისხებული იყო მეფის სატრფოზე, რადგან მან არ შეისმინა წმიდა მამის შეგონებანი. ამ ამბის დასასრულს მეფის საყვარელი ფებრონიასთან მივიდა და სიცოცხლის ბოლო მონანიებასა და სინანულში გაატარა. როდესაც ეს ქალი გარდაიცვალა, „ბრძანა დედამან ფებრონია მახლობლად დათა მათ ქრისტეს ნების-მყოფელთა დამარხვა მისი“, მაგრამ, მართლაც, გაუგონარი რამ მოხდა – გარდაცვლილმა მონაზვნებმა ამ განზრახვის აღსრულება არ ინებეს – მიწა არ იღებდა მიცვალებულს: „რამეთუ დამარხვასა სხვათა მიცვალებულთასა სამ-გზის იპოვა შინაგან კარსა აკლდამისასა მდებარე“ (ალბათ, გაგვახსენდა ცნობილი ქართული ფილმის „მონანიების“ რამდენიმე ეპიზოდი, რომლებშიც უკვე დამარხული ადამიანი კვლავ მიწის ზედაპირზე ხვდებოდათ, თუმცა იქ მსგავსი რამ ერთი კონკრეტული ადამიანის ნებით ხდება). ფებრონიამ ამ სასწაულის შესახებ გრიგოლს მისწერა და პრობლემის მოგვარება სთხოვა („აწ ჟამი არს შენდობისაო“).
ზეციური სასწაული მიწიერმა ადამიანმა გააგრძელა – გრიგოლმა წერილი მისწერა მიცვალებულ მონაზვნებს, რომელშიც მათ სთხოვდა: „აწ გევედრებით, საწყალობელისა მაგისთვის დედაკაცისა ითხოეთ ქრისტესგან ბრალთა მისთა შენდობა და ღირს ყვენით ძვალნი მისნი ძვალთა თქუენთა და სული მისი სულისა თქუენისა თანა“. მხოლოდ ამ წერილის საფლავთან წაკითხვის შემდეგ საბოლოოდ გაიხსნა მიწა ცოდვილი ქალისთვის.
გიორგი მერჩულე არაორდინალური კაცის არაორდინალურ პორტრეტს ქმნის.
მან დაინახა, შეიცნო და გვაუწყა.
ამით მან სულიერი მარადისობის გვერდით ლიტერატურული მარადისობაც შექმნა – ვიდრე ადამიანები მის ნაწერს წაიკითხავენ და გააცნობიერებენ, ყოველთვის გაუჩნდებათ სურვილი, ფიქრითა და განწყობით მიეახლონ კაცს, რომელსაც სიცოცხლეშივე მიეკუთვნა ადგილი მიწაზეც და ზეცაშიც.