სტატიის ავტორი: სანდრო დგვარელი
„საქართველო ევროპას მიეკუთვნება თუ აზიას“? ეს არის კითხვა, რომელიც ძალიან ხშირად დაისმის და პასუხებიც მუდმივად სხვადასხვაგვარია. წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, მართლაც რთულია ევროპასა და აზიას შორის ზუსტი საზღვრების დადგენა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე გეოგრაფია მხოლოდ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ობიექტებსა და მოვლენებს არ შეისწავლის, არამედ − საზოგადოებასაც. მაშ, რა განსაზღრავს დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს?
ქრისტიანობის ჩამოყალიბება ის მოვლენაა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მსოფლიო. როდესაც ვსაუბრობთ დასავლურ ცივილიზაციაზე, პირველ რიგში, ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბებულ პლატონისეულ და არისტოტელესეულ იდეებს გავიხსენებთ, მაგრამ იქვე ვერ დავივიწყებთ, რომ ეს იდეები და მორალი სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანა ქრისტიანობამ. ქრისტიანობამ, რომელიც საქართველოში პირველივე საუკუნეში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, მატათამ და სვიმონ კანანელმა.
სწორედ ანდრია პირველწოდებულს უკავშირდება საეკლესიო ტრადიციის მიხედვით პირველი ქადაგებები. მისი სავარაუდო მარშრუტი, ძირითადად მოიცავდა დასავლეთ საქართველოს, შავი ზღვის სანაპირო ზონებს.
მოციქული სიმონ კანანელი ტრადიციულად დაკავშირებულია აფხაზეთის ტერიტორიასთან. შუა საუკუნეების წყაროები აღნიშნავენ, რომ მისი მოღვაწეობა უკავშირდება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს და მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ ცენტრად მიიჩნევა დღევანდელი ახალი ათონის ტერიტორია.
მატათა მოციქულის ქადაგება ასევე დაკავშირებულია დასავლეთ საქართველოსთან, თუმცა მისი საქმიანობის გეოგრაფია შედარებით ნაკლებად არის დოკუმენტირებული.
იმ მოსაზრების განსამტკიცებლად, რომ პირველი მქადაგებლები ძირითადად დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობდნენ, ალბათ, ისიც კმარა, რომ 325 წელს, (ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე) ნიკეის საეკლესიო კრებას, ბიჭვინთის ეპისკოპოსი, სტრატოფილეც ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ქრისტეს სამ მოციქულთაგან ორი − მატათა და სვიმონ კანანელი საქართველოში არიან დაკრძალული, კონკრეტულად აჭარასა (გონიო) და აფხაზეთში. რაც, თავის მხრივ, იმის დასტურია, რაოდენ განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი საქართველოსი.
ქართლის გაქრისტიანება. წმინდა ნინოს გზა
პირველ საუკუნეში მოციქულთა ქადაგებებმა, რასაკვირველია, გარკვეული ნიადაგი მოამზადა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე დღეში ვერ მოხდებოდა.
არ უნდა დავივიწყოთ მსოფლიოში არსებული ვითარებაც. ის, რომ რომში პირველი ქრისტიანები კატაკომბებში ლოცულობდნენ და რომ ისინი სასტიკ დევნას განიცდიდნენ სახელმწიფოსგან.
ქრისტიანთა დევნა მხოლოდ 313 წელს შეწყდა, როდესაც რომის იმპერატორმა კონსტანტინემ მილანის ედიქტი გამოსცა და ქრისტიანობა გაუთანაბრა სხვა რელიგიებს. (მალევე ქრისტიანობა რომის სახლემწიფო რელიგიადაც გამოცხადდა).
ქრისტიანთა დევნის შეწყვეტამ ახალი გასაქანი მისცა ქრისტიან მისიონერებს. მათგან მნიშვნელოვანია წმინდა რიფსიმეს მეთაურობით შემდგარი ქრისტიან ქალწულთა ჯგუფი, რომელშიც, სავარაუდოდ, წმინდა ნინოც შედიოდა.
გადმოცემის მიხედვით, ქალწულთა ჯგუფმა, კავკასიაში, პირველად სომხეთში იქადაგეს. მათ იქ იოლი დღეები არ გაუვლიათ და სწორედ სომხეთიდან ლტოლვილი წმინდა ნინო გადმოვიდა საქართველოში, ჯავახეთში. ფარავნის ტბასთან, ნინო, დაახლოებით ორი დღე შეჩერებულა. აღსანიშნავია, რომ წმინდა ნინოს საკმაოდ რთულ კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებთან გამკლავება მოუწია, რაც ერთგვარად ქრისტიანობის „თანმდევი სულია“.
წმინდა ნინოს შემდეგი გაჩერება, ისტორიული ტრადიციის მიხედვით ურბნისია. სწორედ ის უბრნისი, რომელიც საუკუნეების შემდეგ ისევ საკვანძო ადგილია საქართველოს ქრისტიანულ გეოგრაფიასა და ისტორიაში და რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საეკლესიო კრება.
წმინდა ნინოს მისიონერული საქმიანობის მთავარი ცენტრი გახდა მცხეთა − მაშინდელი ქართლის დედაქალაქი. სწორედ აქ გაქრისტიანდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, რასაც მოჰყვა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება IV საუკუნეში.
ამიტომაც მცხეთა დღემდე რჩება უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ცენტრად. აქ არის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სადაც პირველი ეკლესია სწორედ წმინდა ნინოს დროს აშენდა. გადმოცემის მიხედვით კი სწორედ აქ ინახება უფლის კვართი, რომელიც საქართველოში ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა ჩამოიტანეს ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ.
საქართველოს ქრისტიანულ გეოგრაფიაში მნიშვნელოვანია თხოთის მთა – სადაც ხდება ის მისტერია, რამაც მირიან მეფე ქრისტიანულ მრწამსზე მოაქცია.
საქართველოს გაქრისტიანების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართლის მთიანეთის რეგიონებს, სადაც ქრისტიანობის გავრცელება რთულ სოციალურ-კულტურულ გარემოში მიმდინარეობდა. ქართლის ცენტრალურ ტერიტორიებთან შედარებით, მთიანეთში ქრისტიანობის დამკვიდრება უფრო ხანგრძლივი და ეტაპობრივი პროცესი იყო. მიუხედავად ამისა, საეკლესიო ტრადიცია და ჰაგიოგრაფიული წყაროები აღნიშნავენ, რომ ამ პროცესის საწყის ეტაპზეც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წმინდა ნინომ.
მთაში ერთხელ ვინც ყოფილა დამეთანხმება, რომ წარმართული ტრადიციები დღემდე მკაფიოდ არის შემორჩენილი და დიდად არის გადაჯაჭვული ქრისტიანობასთან. ეს ყველაფერი დიდწილად სწორედ გეოგრაფიული იზოლაციით არის გამოწვეული.
როდესაც ქრისტიანულ გეოგრაფიაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ საქართველო ისტორიულადაც და დღესაც ტოლერანტული ქვეყანაა. იშვიათია ქალაქები, სადაც ერთად შეხვდებით ეკლესიას, სინაგოგასა და მეჩეთს. სხვა რელიგიის კომპაქტურ დასახლებებსაც წააწყდებით სხვადასხვა რეგიონში, რასაც ასევე ისტორიულ-გეოგრაფიული ახსნა აქვს. (მაგ. ქვემო ქართლში თურქმანული ტომების ჩამოსახლება შაჰ-აბასის მიერ).
საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოში, კონკრეტულად სამცხეში, გვაქვს რამდენიმე კათოლიკური სოფელი. მაგ. უდე. ოსმალობისას ქართველთა გარკვეულმა ნაწილმა, გამუსლიმების თავიდან ასაცილებლად კათოლიციზმი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის გავრცელების მარშრუტები საქართველოში მხოლოდ რელიგიური ფუნქციით არ გამოირჩეოდა. ეს გზები ემთხვეოდა ძველი საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო, სამხედრო და ადმინისტრაციულ კომუნიკაციებს, რომლებიც აკავშირებდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ერთმანეთთან და მეზობელ კულტურულ სივრცეებთან.
ასევე, აღნიშნული მარშრუტები წარმოადგენდა კულტურული კომუნიკაციის სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა სხვადასხვა ეთნიკური და კულტურული გავლენა. ამგვარად, ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში მოხდა იმავე გზებით, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები.
დაბოლოს, კითხვაზე „საქართველო ევროპაა თუ აზია“, ვფიქრობ, ეს მომცრო სტატიაც გასცემს პასუხს. მეტიც, საქართველო იყო ის გეოგრაფიული ზღუდე, რომელიც ისლამის გავრცელებას აფერხებდა უფრო დასავლეთით.