სტატიის ავტორი: მაშო სისვაძე
ხელოვნება არის შესაძლებლობა მიწიერ ცხოვრებაში უფალთან, ზეციურ სამყაროსთან დაკავშირების. ქრისტიანობა და ხელოვნება განუყოფელია, ეს ასე იყო, არის და იქნება. ეკლესიის კედლები ერთგვარი „უხმო ქადაგებებია“, ასეთ დროს ფერები და ფორმები წმინდა წერილს ცოცხალ სურათებად აქცევს.
ჭეშმარიტი ხელოვანის გზა ყოველთვის მიმართულია ზეცისაკენ, იდუმალი ძალა და მოთხოვნილებაა, რომელიც უბიძგებს ადამიანს კალმის, ფუნჯის, ან ნებისმიერი ნივთის საშუალებით გასცდეს საზღვრებს. სწორედ ამიტომ ენიჭება ხელოვნებას ამხელა მნიშვნელობა ქრისტიანულ კულტურაში, ფრესკები და ხატები ამ ფორმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ქრისტიანულ კულტურაში ხატს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის არის ერთგვარი ფანჯარა, რომელიც გვაკავშირებს სულიერ სამყაროსთან, თუმცა რენესანსის ეპოქაში, ხელოვანებმა ამ სულიერებას ადამიანური ემოციები და მათემატიკური სიზუსტე შეჰმატა:
საიდუმლო სერობა:

ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ (1495–1498) არ არის უბრალოდ რელიგიური სცენის ასახვა, არამედ უიშვიათესი შემთხვევა, რომელშიც ღვთაებრივი სიმშვიდე და ადამიანური ღალატი ერთმანეთს ხვდება. შედევრის კომპოზიცია ისეა აგებული, რომ მნახველის მზერა ყოველთვის იესოსკენ მიდის. ის ქმნის სრულყოფილ სამკუთხედს, რაც წმინდა სამების სიმბოლოა.
ამ ნახატისთვის ლეონარდო თვეობით აკვირდებოდა ადამიანებს ქუჩაში, რათა ზუსტად გადმოეცა გაოცების, შიშისა და სინანულის გამომეტყველება.
ასევე არსებობს თეორია, რომ მოციქულთა ხელებისა და პურების განლაგება ნოტებს ქმნის, რაც ჰარმონიულ, სამგლოვიარო მელოდიას აწყობს.
ამ შედევრს უკავშირდება ერთი გამორჩეული ლეგენდა: ამბობენ, რომ ლეონარდომ იესოს სახის დასახატად ეკლესიის მგალობელთა გუნდში იპოვა ახალგაზრდა, სათნო გარეგნობის ჭაბუკი. ხატვის პროცესი წლები გაგრძელდა, თუმცა მხატვარი იუდას პროტოტიპს ვერ პოულობდა. ბოლოს, მან ციხეში ნახა დაცემული, სასტიკი გამომეტყველების მქონე კაცი, რომელიც იუდას სახით გადმოხატა ნახატში. როდესაც მუშაობა დაასრულა, აღმოჩნდა, რომ ეს კაცი სწორედ ის მომღერალი იყო, რომელიც წლების წინ იესოსთვის პოზირებდა. ეს ლეგენდა ხაზს უსვამს ადამიანის ბუნების ორგვაროვნებას – თუ რამდენად მაღლა შეუძლია მას ასვლა და ამავდროულად რამდენად ღრმად დაცემა.
სიქსტეს კაპელა: ზეცის შეხება მიწასთან.

თუ ლეონარდო სიმბოლოებითა და ფსიქოლოგიით გვესაუბრება, მიქელანჯელო ბუონაროტი სიქსტეს კაპელაში (ვატიკანი) ადამიანის სულისა და ღვთის – მიწიერისა და ზეციერის შეხვედრას გვიჩვენებს.
კაპელას ჭერზე გამოსახული „ადამის შექმნა“ ქრისტიანული ხელოვნების კულმინაციაა. ღვთისა და ადამიანის თითები თითქმის ეხება ერთმანეთს,რაც გამოხატავს სიცოცხლის გადაცემის საიდუმლოს. ფრესკაზე უფლის ხელი ბოლომდეა გაწვდილი ადამიანისაკენ და მთლიანად გადახრილია მასთან შეხებისა და დაკავშირებისთვის, თუმცა მთელი სხეულით ღვთისკენ მიმართული წუთისოფლის მდგმურის, საჩვენებელი თითი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით იმდენადაა დახრილი, რომ ვერ ან არ წვდება უფლის გაშლილ ხელს. ფრესკაზე მხატვარს გამოსახული აქვს ადამიანური ბუნების არასრულფასოვნება, წარმავალ ფასეულობებზე მიჯაჭვულ კაცთა მოდგმის მარადიული ცოდვა.
მიქელანჯელომ, რომელიც თავს უწინარეს ყოვლისა მოქანდაკედ მიიჩნეოდა, ფრესკებზე მუშაობას 4 წელი შეალია, რამაც მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად დააზიანა, თუმცა კაცობრიობას დაუტოვა სამყაროს შექმნიდან განკითხვის დღემდე გადაჭიმული ვიზუალური ეპოსი.
ქრისტიანულ სამყაროში ხელოვნება, იქნება ეს მართლმადიდებლური ხატი თუ რენესანსული ფრესკა, ყოველთვის ემსახურებოდა ერთ მიზანს: ეჩვენებინა ადამიანთათვის უხილავი სილამაზე, ჭეშმარიტი ღირებულებები. ლეონარდოსა და მიქელანჯელოს შემოქმედება გვახსენებს, რომ ხელოვნება არის ენა, რომლითაც ადამიანი ღმერთს ესაუბრება.