სტატიის ავტორი: მარიამ სიმონიძე
ქრისტიანული ესთეტიკა ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში
“პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი”.- ამ ფრაზით იწყება იოანეს სახარება და ცხადყოფს, რომ ქრისტიანობაში სიტყვა, შემოქმედების ინსტრუმენტია. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მას უბოძა სამი მთავარი რამ – თავისუფლების, სიყვარულისა და შემოქმედების უნარი. ეს უკანასკნელი უკავშირდება ადამიანის თვითგამოხატვის გზებს, ხელოვნებასა და ლიტერატურას.
პირველი ადამიანი, რომელიც სამოთხეში შევიდა მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკი იყო. ლუკას სახარება გვამცნობს, რომ ავაზაკმა გააცნობიერა თავისი ცოდვები და ღმერთს შეწყალების თხოვნით მიმართა, რამაც იხსნა საუკუნო ტანჯვისგან. ეს ფაქტი ამტკიცებს ღმერთთან საუბრისა და ურთიერთობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. ლიტერატურა კი, არის გზა, რომელიც შემმოქმედთან დაკავშირების შესაძლებლობას გვაძლევს.
ადამიანებს, ოდითგანვე გვქონდა ესთეტიკური სიამოვნებისკენ მიდრეკილება, ამას ადასტურებს ქვის ხანიდან შემორჩენილი ნახატები გამოქვაბულის კედლებზე. ლეგენდები, მითები თუ ლექსები საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადადიოდა თაობიდან თაობაზე, რამაც წარმოსახვის განვითარება განაპირობა და ხელი შეუწყო ლიტერატურის ჩამოყალიბებას.

გილგამეშის ეპოსი კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლია, რომელიც ასევე ხელოვნების ნიმუშიცაა. ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო კულტურაში და აერთიანებს სიტყვიერ, ვიზუალურ და სიმბოლურ ხელოვნებას.
ეპიკური თხზულება „გილგამეში“ასურულ-ბაბილონური მწერლობის ძეგლია და ეფუძნება ძველ შუმერულ თქმულებებს, ურუქის I დინასტიის მეფის, გილგამეშის, შესახებ. ნაწარმოებმა ერთიანი ეპოსის სახე ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს – II ათასწლეულის დასაწყისში მიიღო. ტექსტი შექმნილია ლურსმული დამწერლობით, თიხის ფირფიტებზე.
ეპოსი გვიყვება მეფე გილგამეშის თავგადასავალს. მის მეგობრობას ენქიდუსთან, ბრძოლებს, დანაკარგსა და საბოლოოდ, მის სულიერ გარდაქმნას. გილგამეში არ არის იდეალური გმირი. ის ვითარდება, იცვლება და სწავლობს, რაც მას თანამედროვე ლიტერატურული პერსონაჟების წინამორბედად აქცევს.
ერთი შეხედვით, გილგამეშის ეპოსი და ქრისტიანობა სრულიად განსხვავებულ კულტურულ და რელიგიურ სამყაროს ეკუთვნის. გილგამეში წარმოიშვა ძველ მესოპოტამიაში, ქრისტიანობა კი ახლო აღმოსავლეთში, ებრაული ტრადიციის საფუძველზე. თუმცა, მათ შორის არსებობს საინტერესო თემატური და სიმბოლური პარალელები, რომლებიც გვაჩვენებს, როგორ ეძებდა ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე სულიერ პასუხებს.
გილგამეშის ეპოსსა და ქრისტიანობას შორის კავშირი არ არის პირდაპირი, მაგრამ ისინი იზიარებენ საერთო კითხვებს:
ამ უძველესი ლიტერატურული წყაროს კავშირი ქრისტიანობასთან, ცხადყოფს,რომ მწერლობა ღმერთთან დაკავშირებისა და საუბრის საშუალებაა, რომელიც ადამიანს ეხმარება ქრისტიანული ღირებულებების გააზრებაში.
ღმერთან დიალოგი ჩანს იაკობ ხუცესის ჰაგიოგრაფიულ ძეგლში „შუშანიკის წამება“, რომელიც პირველი ქართული ლიტერატურული წყაროა. ნაწარმოებში ეს კავშირი წარმოჩენილია ქრისტიანობის სიყვარულითა და მისთვის თავგანწირვით.
V საუკუნეში, სპარსეთის ძლიერი გავლენის პირობებში, საქართველო რელიგიისა და კულტურის დაკარგვის საშიშრობის წინაშე იდგა. შუშანიკის ძალამ, რომელიც ღვთის რწმენამ მისცა, საზოგადოებას მოქმედებისა და ღვთის გზაზე სიარულისკენ მოუწოდა.
შუშანიკის ცხოვრების მთავარი ღერძი არის მისი ურყევი რწმენა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე, ვასქენ პიტიახში, უარს ამბობს ქრისტიანობაზე და მაზდეანობას იღებს, შუშანიკი რჩება ქრისტეს ერთგული.
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ყველაფრის განჭვრეტა შეუძლია, შუშანიკი მას ყოველვის ესაუბრება და თავის დარდს უზიარებს, რაც მას რწმენის სიმტკიცესა და სულიერ თავისუფლებას ანიჭებს. შუშანიკის ღმერთთან კავშირი განსაკუთრებით ჩანს მის ლოცვებში. ლოცვა მისთვის არის ნუგეში. სწორედ, ეს სულიერი კავშირი აძლევს მას ძალას, გაუძლოს განსაცდელს და არ უღალატოს საკუთარ რწმენას.
საუბარი ზეციურ სამსჯავროზე და აღსრულების მოახლოების წინათგრძნობა მეტყველებს დედოფლის კავშირზე შემმოქმედთან. „წამებაი წმინდაი შუშანიკისა“ გადმოგვცემს წმინდანის მოწამეობრივ მოღვაწეობას, თუმცა ამასთან ის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნიმუშია, ვინაიდან საზოგადოებას მოუწოდებს უფლის ერთგულებისა და მასთან ურთიერთობის შენარჩუნებისკენ.
შუშანიკის ცხოვრება სავსეა ტანჯვით, თუმცა ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს ტანჯვა არ არის მხოლოდ ტკივილი ის სულიერი ამაღლებისა და რწმენის გაძლიერების გზაა.
ლიტერატურა, ზეპირსიტყვიერი წყაროების არსებობის მიუხედავად, დამწერლობის შექმნის შემდეგ მეტად განვითარდა. შესაძლოა ამ პროცესს დავუკავშიროთ სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველის მიღებული ათი მცნება. მონობისგან დახსნილმა ერმა ორი დღე განწმენდასა და სულიერ მომზადებაში გაატარა, მესამე დღეს კი სინას მთა კვამლმა დაფარა და ღმერთმა ხალხს ათი მცნება ზეპირად განუცხადა. მოგვიანებით, მოსე ავიდა მთაზე, სადაც ორმოცი დღე-ღამე დაჰყო, ღმერთთან ახლოს. მას სინას მთაზე გადაეცა ორი ქვის ფილა, რომლებზეც მცნებები „ღვთის თითებით“ იყო ამოტვიფრული, რითაც სიტყვიერად ნათქვამი კიდევ უფრო განმტკიცდა.
ადამიანს ბუნებაში აქვს სწრაფვა წმინდა საწყისებისკენ. ამის დასტურია შემოქმედებისა და წარმოსახვის უნარები. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს ღვთის შესატყვისი – შემმოქმედი. ეს მსგავსების მცდელობა კი ღმერთთან საუბრის საშუალებას გვაძლევს.