ავტორი: ელენე ქოიავა
რახანია ჩვენ და ქართველებს დიდი ომი გვაქვს გაჩაღებული, ვმტრობთ. რა თქმა უნდა, სიმრავლით ჩვენ ვჯობნით, თუმცა, ვფიქრობ, ვაჟკაცობით არც ისინი ჩამოგვრჩებიან.
საომრად გვიხმო ჩვენმა შაჰმა, საქართველოს უნდა დავსხმოდით თავს. მიუხედავად იმისა, რომ პირველად მივდიოდი ომში, ასეთი ახალგაზრდა, ჩემს თავდაჯერებულობას საზღვარი არ ჰქონდა.
დანიშნულ დროს, ჩვენ, ყიზილბაშები, უკვე მზად ვიყავით და ვმწკრივდებოდით რიგებში. ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ქართველებს გაეგოთ ჩვენი ფარული განზრახვა და მომზადებულნი დაგვხვდნენ. ერთი სული მქონდა, როდის წარმოვაჩენდი თავს, როგორც ახალგაზრდა, მამაცი და პატრიოტი მებრძოლი. ვიცოდი, სახელს გავითქვამდი და ამაყად ვიდექი ჩემს კუთვნილ ადგილას.
როდესაც ომი დაიძაბა და რამდენიმე თავგანწირულის სული ღმერთს ჩაბარდა, ვეღარ მოვითმინე, მთელი ძალ-ღონე და სიმამაცე მოვიკრიბე და ათასობით უებრო ვაჟკაცის წინაშე გავაჭენე ცხენი. იქაურობას სულ ბუღი ვადინე, გული საგულეს დაუბრუნდა და ცივმა, სუსხიანმა ჰაერმა ჩემს სხეულში ნაზად გაინავარდა. თვალები რომ გავახილე, ვიგრძენი, რომ უამრავი გაკვირვებული სახე მომჩერებოდა. ირგვლივ მიმოვიხედე, ამხელა ტერიტორიაზე მხოლოდ მე ვიდექი ასე, ყველას ყურადღების ცენტრში, განცალკევებულად.
ქართველები გაშრნენ და ფერი ეცვალათ. მათ ამაყი ღიმილი სახეზე შეეყინათ და სახეზე ბრაზნარევი აღშფოთება გამოეხატათ. მეც, მეტი რა მინდოდა, გავაჭენე ცხენი და ისე დავგრიალებდი აქეთ-იქით, თითქოს აქაურობა პაწაწინა, საჯირითო ტერიტორია იყო. ჩემმა ცხენმა ფლოქვებით სულ გათელა საბრალო მცენარეები, ისინიც გრძნობდნენ ჩემს სისასტიკეს, ყოველი მომდევნო ფეხზე ხტებოდა, ყელს თითებით მიწევდა და მევედრებოდა შეწყალებას.
დავინახე ქართველი მებრძოლების გაბრაზებული სახეები და ამპარტავნულად ჩავიცინე, ვაგრძნობინე, რომ ჩემთან შებრძოლებას ვერავის შეძლებდა. ამ დროს ჩემკენ გამოექანა ახოვანი მამაცი ვაჟკაცი. მეც მივუახლოვდი და მოხერხებულად ვკარი შიგ გულის ფიცარში შუბი. ცხენმა ერთი-ორჯერ დაიჭიხვინა, დაიფრუტუნა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს იწყინა ჩემგან ეს ბოროტული საქციელი და ნაღვლიანი გაეცალა იქაურობას.
შემდეგ მეორემაც გაბედა და გამოვარდა გააფთრებული. ჩემსავით ახალგაზრდა იყო და მეტად მონდომებული ჩანდა. გავიფიქრე, რომ ამასთან უფრო გამიჭირდებოდა შერკინება, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ძალიან მალე გავაფრთხობინე სული. მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე და ყველას შავი დღე ვაყარე. სულ რჩეულ-რჩეული ვაჟკაცები დავუხოცე. ქების შეძახილები ჩემი ჯარიდან ისმოდა, ქართველები კი დუმდნენ. ენა გადაყლაპვოდათ იმის შემდეგ, რაც იხილეს. ძალიან შეძრწუნებულნი ჩანდნენ. ამ დროს მათი ჯარის პატარა ნაწილი სადღაც წავიდა.
გულში გავივლე, ალბათ, კიდევ დიდ ამალას შეკრებენ და დაიხმარებენ-მეთქი და უკან დახევა დავაპირე. თუმცა, მერე რას იფიქრებდნენ?! ქართველთა უსუსურ ხალხს შეუშინდა და უკან გამორბისო?! ამიტომ ჩემს თავს მივენდე და გული დავიმშვიდე. ცოტა ხანს რომ ველოდე და ქართველთაგან აღარავინ დაბრუნდა, ვიფიქრე, დანებდებოდნენ და შეურიგდებოდნენ ამ სირცხვილს. თავი დავიიმედე და სრულიად მშვიდად განვაგრძე ნავარდობა ველზე. ომი კვლავ გრძელდებოდა, უამრავი ადამიანი დაიხოცა და წითლად მოელვარე სისხლი მდინარესავით მოედინებოდა.
ამ დროს გუნდს დაუბრუნდნენ დამშვიდებული და იმედმიცემული ქართველები. ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს მეძახდნენ: „აჰა, გმირი მოგიყვანეთ, დანარჩენი შენსა და შენს ვაჟკაცობაზეაო!’’ – თუმცა მე ამას ოდნავაც არ შევუშინებივარ. ჩემს წინ ერთი ბერიკაცი იდგა, ნუთუ ეს დაჩაჩანაკებული, ჯაგლაგ ცხენზე ამხედრებული კაცი ჩემს ვაჟკაცობასა და სიმამაცეს აჯობებდა?!
დაუფიქრებლად მოვუღერე შუბი, სანამ კარგად მომიახლივდებოდა, დრო ვიხელთე და ღონივრად მოვუქნიე. მოულოდნელად ეს კაცი მომვარდა, ჩემი ნახსენები „ჯაგლაგი’’ ცხენი უცებ თითქოს მფრინავ ცხენად გადაიქცა! მან ძალიან მარჯვედ აიცდინა მოქნეული შუბი, ისროლა შორს და ცხენდაცხენ მწვდა. ამით აღტაცებულმა ქართველებმა შიში დაივიწყეს და სახეზე სიამაყე აღებეჭდათ. თვალის დახამხამხამება ვერ მოვასწარი, რომ ძირს ისე ღონივრად დავებერტყე, კინაღამ სული გამძვრა და ვეღარ წამოვდექი. საგულედან ამოვარდნილი გული თითქმის სხეულიდან ამომივარდა და თვალები მაგრად დავხუჭე, რათა ჩემი სიკვდილი თავად არ მენახა… რომ გამოვფხიზლდი, ჩემკენ ხელგამოწვდენილი ეს უცნობი, თუმცა სასწაული მხედარი დავინახე. ადგილზე გავქვავდი, ვერ მივმხვდარიყავი და ვერ გამეაზრებინა მომხდარი. კაცი მომიახლოვდა, ფეხზე წამომაყენა, მხარზე ხელი მომითათუნა და მომმართა:
– ნუ გეშინია, მე შენს მოკვლას არ ვლამობ. ცოდვაა შენისთანა პატრიოტი, მამაცი და ახალგაზრდა ვაჟკაცის გაფუჭება. წადი შენ შენს გზაზე, ჩვენ -ჩვენს გზაზე, შეგვეშვი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო.
ენა ჩამივარდა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. გარკვეული პაუზის შემდეგ დარცხვენილი გამოვუტყდი:
-მეც თუ სიცოცხლეს ვინმესგან ვიჩუქებდი, მხოლოდ შენისთანა ვაჟკაცისგან! – ვუთხარი მადლიერებით აღსავსემ, ვეღარ მოვითმინე და გადავეხვიე.
… ახლა კი ვზივარ მოხუცი, მასავით ხანდაზმული, დივანზე და, მიუხედავად მრავალი წლის გასვლისა, ვნანობ იმას, რაც გავაკეთე… როგორ დაუნდობლად დავხოცე ის რჩეულ-რჩეული ვაჟკაცები, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ვაჟკაცობა წარმომეჩინა და სახელი გამეთქვა… მე ჩავიდინე ეს საშინელი საქციელი… თუმცა ახლა ვიცი, რომ ყველა დიდი ძალა სულგრძელობის გამოჩენა და პატიების უნარია.