სტატიის ავტორი: საბა ლომთაძე
საქართველოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ უდიდესი ფუნქცია შეასრულა, გავლენა მოახდინა როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკის გამყარებასა და ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ქრისტიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჰუმანური, კულტურული და წიგნიერი ერის ფორმირების საკითხში.

ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 325 წელს იმპერატორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით, კონსტანტინოპოლის მახლობლად, ქალაქ ნიკეაში. კრებას ესწრებოდა ეკლესიის 318 გამოჩენილი პატრიარქი. კრების ძირითადი მიზანი იყო ოფიციალური დადგენილების გამოტანა ქრიასტიანობის, როგორც სახელმწიფოებრივად აღიარებული სარწმუნოების შესახებ, რომელიც თავისი არსებობის პირველი ხანებიდან IV საუკუნის დასაწყისშიც კი მკაცრად იდევნებოდა და, ამასთან ერთად განხილვა იმ უმთავრესი დოგმატიკურ-კანონიკური და იერარქიულ-ადმინისტრაციული საკითხებისა, რომლებიც იმ ხანებში ერთობ მწვავედ ისმოდა და რომელთა მოგვარება-მოწესრიგება ნიშნავდა ქრისტიანობის უკვე, როგორც სახელმწიფო რელიგიის ძლიერებასა და მის შემდგომ განვითარებას მთელ საქრისტიანო მსოფლიოში.
ერთი წლის შემდეგ, 326 წელს, იბერიაში, მირიან მეფის დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს მხოლოდ შიდა საეკლესიო რეფორმა არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს საერთაშორისო კურსის არჩევა. ქვეყანა მტკიცედ მიემართებოდა რომის იმპერიისა და შემდგომში ბიზანტიის პოლიტიკური და კულტურული წრისაკენ. ეს კავშირი უზრუნველყოფდა, როგორც სულიერ-კულტურულ ერთიანობას, ასევე სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას. ქრისტიანობის მიღებამ გააძლიერა სახელმწიფოს შიდა სტრუქტურები, გააერთიანა საზოგადოება და განაპირობა სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამ პირობებში ქვეყანამ შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ინტერესების უფრო მკაფიოდ გამოხატვა.

ქრისტიანობის მიღების შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკა დიდწილად განისაზღვრა რელიგიური იდენტობით. ქვეყანა ცდილობდა დაემყარებინა მჭიდრო ურთიერთობები ქრისტიანულ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიასთან. ბიზანტია იყო საქართველოს მთავარი პოლიტიკური და კულტურული პარტნიორი, რომელიც ეხმარებოდა როგორც სამხედრო, ისე რელიგიურ საკითხებში. ამასთანავე, ბიზანტიასთან კავშირი საქართველოს აძლევდა შესაძლებლობას, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიცია რეგიონში.
მეორეს მხრივ, ქრისტიანობამ განსაზღვრა საქართველოს ურთიერთობა არაქრისტიანულ სახელმწიფოებთან, როგორიც იყო სპარსეთის იმპერია. რელიგიური განსხვავება ხშირად იწვევდა დაძაბულობასა და კონფლიქტებს. სპარსეთი ცდილობდა საქართველოში ზოროასტრიზმის გავრცელებას, რასაც ქართველი მეფეები და ეკლესია აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. ეს წინააღმდეგობა არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, არამედ პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასაც წარმოადგენდა.
ქრისტიანობა ასევე გახდა ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორი. საქართველოს ეკლესია ქვეყნის გაერთიანებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სწორედ რელიგიურმა ერთობამ შეუწყო ხელი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბებას და მის შენარჩუნებას რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში.
საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანობა ხშირად გამოიყენებოდა, როგორც დიპლომატიური იარაღი. საქართველოს მეფეები ცდილობდნენ, ქრისტიანული სოლიდარობის საფუძველზე მოეპოვებინათ მხარდაჭერა სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად, შუა საუკუნეებში ჩვენი ქვეყანა აქტიურად ცდილობდა კავშირების დამყარებას ევროპულ სახელმწიფოებთან, რათა გაერთიანებულიყვნენ მუსლიმანური ძალების წინააღმდეგ.
საბოლოოდ, ქრისტიანობის მიღებამ საქართველოს მისცა მკაფიო ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც განსაზღვრა მისი პოლიტიკური კურსი საუკუნეების განმავლობაში. ეს არჩევანი არა მხოლოდ სარწმუნოებრივ, არამედ სტრატეგიულ მნიშვნელობასაც ატარებდა, რადგან იგი განსაზღვრავდა ქვეყნის მოკავშირეებს, მოწინააღმდეგეებსა და მის ადგილს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.
ამრიგად, ქრისტიანობა საქართველოსთვის იყო არა მხოლოდ რელიგია, არამედ ძლიერი პოლიტიკური ფაქტორი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის საგარეო ურთიერთობებზე და ქვეყნის ისტორიულ განვითარებაზე.