სტატიის ავტორი: ნონა ლეშკაშელი
(ხმამაღალი ფიქრები)
წელს საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელს აღვნიშნავთ. ეს მხოლოდ ისტორიული თარიღი არ არის, არამედ გზა, რომელმაც განსაზღვრა ქართველი ერის სულიერი სახე და მისი კულტურა, ხოლო ქართული ლიტერატურა საუკუნეების განმავლობაში აქცია იმ სივრცედ, რომელშიც ცოცხლობს ქრისტიანული მორალი, რწმენა და ადამიანური იდეალები.
უცნობი ავტორის ,,ნინოს ცხოვრება“ გვიამბობს, რომ ნინო , კაბადოკიელი ქალწული, ვაზის ჯვრით ხელში მოვიდა საქართველოში და სიტყვით, რწმენითა და სიყვარულით შემოიტანა ქართველის გულში სინათლე. მისმა მოსვლამ ჩვენი ქვეყნის სულიერი და სახელმწიფოებრივი ბედი განსაზღვრა. ,,და იყო ნინო დედაკაცი უცხო ნათესავისა, სავსე სარწმუნოებითა და ძალითა ქრისტესითა“- ვკითხულობთ ტექსტში ,,მოქცევაი ქართლისაი“. მირიან მეფის ნადირობისას ჩამოწოლილმა სიბნელემ და სასოწარკვეთილი მეფის მიერ წარმოთქმულმა ლოცვამ ახალი ნათელი მოჰფინა ქვეყანას და ამის შემდეგ დაიწყო მასშტაბური აღმასვლა – ქვეყანა ერთიან სულიერ სივრცეში მოექცა, რწმენა იქცა ერის გამაერთიანებელ ძალად… საერთო რწმენით გაერთიანებული ხალხის ფორმირებაში კი უდიდესი წვლილი ქართულმა მწერლობამ შეიტანა.
ქრისტიანობამ რომ ქართულ მწერლობას ჩაუდგა სული, მისცა მას ახალი მსოფლხედვა, მორალური კანონი, რომელმაც თანდათან ჩამოაყალიბა ერთიანი ეროვნული ცნობიერება, ამაზე არავინ კამათობს. ქართული მწერლობის დასაწყისშივე ვხედავთ, რომ რწმენა ადამიანის არსებობის მთავარი საზომია. სპარსელთა, არაბთა, მონღოლთა თუ თურქთა ბატონობის ეპოქებში ქრისტიანული იდეალებით გამსჭვალული ქართული მწერლობა იყო ქართველის თავშესაფარი. წმინდა ნინოს მისია გაგრძელდა ქართულ სიტყვაში და ქართულმა ჰაგიოგრაფიამ შექმნა წმინდანთა სახეები, რომლებიც ერს ახსენებდა, რომ რწმენის ერთგულება სიცოცხლეზე მაღლა დგას! ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების პერსონაჟი წმინდანები უდიდეს სულიერ სიმტკიცეს გვიჩვენებენ და მათი მაგალითი მკითხველს უმაღლეს ფასეულობებზე დააფიქრებს.
შუა საუკუნეებში ქრისტიანული სიყვარულისა და მოყვასისათვის თავგანწირვის იდეალები ახალ მხატვრულ სიმაღლემდე აიყვანა შოთა რუსთველმა, რომელმაც ,,ვეფხისტყაოსნით“ გვასწავლა, რომ ადამიანი ღვთის/სიყვარულის ნაწილია და მისი ღირსება სხვისთვის თავგანწირვაში ვლინდება. რა არის ეს, თუ არა სახარებისეული ეთიკა?! მოგვიანებით ქრისტიანობის მთელ კონცეფციას დიდი დავით გურამიშვილი ასე ჩამოაყალიბებს: ,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“. დადგება დრო, როცა ქართული ლიტერატურა ეროვნულ იდეას ქრისტიანულ პასუხიმგებლობას დაუკავშირებს და ასე დაიწერება ,,ოთარაანთ ქვრივი“, ,,გამზრდელი“. ,,ხევისერი გოჩა“… ვერც ავბედითი მე-20 საუკუნე იტყვის უარს ქრისტიანულ ღირებულებებზე და ადამიანის სიყვარულს, თანაგრძნობას, მიტევებას უმაღლეს ფასეულობად წარმოაჩენს ნოდარ დუმბაძის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ჯემალ ქარჩხაძისა და სხვათა შემოქმედება. სწორედ მათგან ვისწავლით, რომ სიყვარული და პატიება, თანაგრძნობა და ზრუნვა ადამიანს ხსნის გზას აჩვენებს, რომ ქრისტიანობა ყოველდღიური ცხოვრების საფუძველია და იგი ყოველდღიურ ურთიერთობებში ვლინდება.
გავა საუკუნეები, შეიცვლება დამოკიდებულებები ფასეულობებისადმი, მაგრამ ქართული ლიტერატურის მთავარი გზავნილი უცვლელი დარჩება – ადამიანი ფასობს იმით, რამდენად შეუძლია მას სიყვარული, პატიება, თავგანწირვა…
ასე აგრძელებს დღემდე ქართული ლიტერატურა წმინდა ნინოს გზას – რწმენის გადატანას ყოველდღიურ ცხოვრებაში…
ასე იქმნება 1700 წლიანი უწყვეტი ტრადიცია, ქართულ სიტყვაში ხორცშესხმული…
ღირსეულად გავლილი 1700 წელი კი გვასწავლის, რომ რწმენა, როცა იგი ღრმა შინაგან გამოცდილებად იქცევა, აყალიბებს არა მხოლოდ ადამიანს, არამედ მთელ ერს!