სტატიის ავტორი: მარიამ სიმონიძე
რა არის თეოლოგია?

თეოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან „თეოს“ – ღმერთი, ხოლო „ლოგოს“ სიტყვა, შესაბამისად თეოლოგია არის სწავლება ღვთის შესახებ. ქრისტიანული კუთხით ეს ცნება გულისხმობს ბიბლიაში ღვთის წარმოდგენილი სახის გააზრებასა და განმარტებას, რაც შეუძლებელია მოკვდავთათვის, ვინაიდან ღმერთი ‘’უჟამო ჟამია’’, ის მარადიულია და წარმავალი ქმნილებას არ ძალუძს მის არსს სრულად ჩასწვდეს. თუმცა თეოლოგია გულისხმობს შეძლებისდაგვარად დავუახლოვდეთ ღვთის სწავლებას, რისთვისაც აუცილებელია წმინდა წიგნის სიღრმისეულად გააზრება.
რა არის ფილოსოფია?
ამ კითხვაზე დაფიქრებაც, კმარა მისი არსის უკეთ გაგებაში, ვინაიდან პასუხის ძიებისას ხშირად ვაბიჯეთ ფილოსოფიურ საწყისებში. ადამიანი სხვა არსებებისგან ფიქრისა და მსჯელობის უნარით განსხვავდება, სწორედ ეს აღრმავებს ფილოსოფიის მნიშვნელობას. ტერმინი ბერძნული სიტყვებიდან მომდინარეობს და სიტყვა-სიტყვით „სიბრძნის სიყვარულს“ ნიშნავს. დაზუსტებული არ არის, თუ ვინ გამოიყენა იგი პირველად, თუმცა წყაროები გვამცნობს, რომ სიტყვა „ფილოსოფია“ ძვ.წ მე-6 საუკუნეში მოღვაწე ბერძენმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა, პითაგორამ გამოიყენა, როდესაც ტირანი მმართველის კითხვაზე, მიაჩნდა თუ არა თავი ბრძნად მან მიუგო,რომ სიბრძნის მოყვარული იყო. ამ ამბავს ხშირად მიმართავენ ანალიტიკური ფილოსოფიის არსის გამოსახატავად. ტერმინის დამკვიდრებას პითაგორას შემდეგ ხელი შეუწყვეს ჰერაკლიტე ეფესელმა და პლატონმა.
ფილოსოფია ჩვეულებრივი ფიქრისგან მისი მასშტაბით განსხვავდება.ის უფრო მეტად უღრმავდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – სიცოცხლისა და წუთისოფლის არსი, სიკვდილის რაობა, იმქვეყნიური სამყარო და ღმერთი. მასთან დაკავშირებულ საკითხთა სიმრავლის გამო რთულია მისი ჩარჩოებში მოქცევა, სწორედ აზრთა თავისუფლება სძენს მას ხიბლს.
ეფრემ მცირე

საქართველოს ისტორიაში მრავალი ფიგურაა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ამ სფეროთა განვითარებაში. მათ შორის აღსანიშნავია XI-XII საუკუნეებში მოღვაწე მთარგმნელი, თეოლოგი და ფილოსოფოსი ეფრემ მცირე. მისი მოღვაწეობის პერიოდზე ინფორმაცის გვაწვდის 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“. მან განათლება საწყის ეტაპზე კონსტანტინოპოლში მიიღო, სადაც შეისწავლა ბერძნული ენა და ლიტერატურა, რის შემდეგაც ანტიოქიაში, შავ მთაზე დამკვიდრა და აქტიურად ჩაერთო მთარგმნელობით საქმიონობაში. შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იოანე დამასკელის ,,ცოდნის წყაროსა’’ და დიონისე არეპაგელის ნაშრომების – ,,არეოპაგიტული კორპუსის’’ ეფრემისეულ თარგმანებს. ის ორიგინალი ენიდან თარგმნიდა ნაშრომებს და მათ ურთავდა თავის კომენტარებს, რაც მრავალ ფილოლოგიურ უნარს მოითხოვდა.
ეფრემ მცირე ტექსტების თარგმნის გარდა საკუთარ თხზულებებსაც წერდა. მათგან აღსანიშნავია „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“. ნაწერში იგი განიხილავს ქართული ღვთისმეტყველების მნიშვნელოვან საკითხებს და აკრიტიკებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის უარმყოფებს. ის ცდილობდა წიგნებიდან მოეხმო მაგალითები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენდა საქართველოს გაქრისტიანების პროცესს. ნაშრომში ყურადღებას ამახვილებს ანდრია პირველწოდებულსა და მისი მისიონურ საქმიანობაზე საქართველოში. ეფრემ მცირე ემხრობოდა გიორგი მთაწმინდელის მოაზრებას, რომლის მიხედვით ქართველები ბერძნებზე ადრე მოექცნენ ქრისტეს რჯულზე. ის ანტიოქიის პატრიარქს თეოდოსის მიუთითებდა, რომ ანდრია მოციქულმა, რომელმაც პირველად იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში ,,ჰპოვა ძმაჲ თვისი’’ სიმონი, რომელსაც მოქცევის შემდეგ პეტრე ეწოდა. ვინაიდან, ბერძნები თავს პეტრეს მიმდევრებად მიიჩნევდნენ, ხოლო ქართველები ანდრია პირველწოდებულს აღიარებდნენ გიორგი მთაწმინდელის მიაჩნდა, რომ ქართველებმა უფრო ადრე აღიარეს ღმერთი ვიდრე ბერძნებმა.
ღვთისმეტყველებასთან ერთად საინტერესოა მისი ფილოსოფიური მოღვაწეობა. ის ფიქრობდა ფილოსოფიის არსსა და მის ფუნქციებზე, მას თეოლოგიას უქვემდებარედა და მის მყარ საფუძვლად მიაჩნდა. ეს შეხედულება ნათლად წარმოჩინდა მისი წარმოდგენით ფილოსოფიური განხრის – დიალექტიკის, როგორც მეცნიერებისადმი. სწორედ, ამიტომ თარგმნა იოანე დამასკელის ,,დიალექტიკა’’, ,,არეოპაგიტული კორპუსი’’. ,,დიალექტიკის’’ თარგმნას წინ უძღოდა ეფრემ მცირის წინათქმა, რომელშიც მან ზუსტად განმარტა თავისი მიზანი და ამ მეცნიერების რაობის თავისებური ხედვა. ის მიიჩნევდა,რომ ამ ნაშრომს მნიშვნელოვანი როლი აქვს ქრისტინაული თეოლოგიის დაფუძნებასა და აპოლოგიაში.
ფილოსოფიური ცოდნა ეფრემ მცირეს ეხმარებოდა ურწმუნოთაგან თავის მოზღუდვასა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაში. მისი მტკიცებები ხშირად ფილოსოფიურ საყრდენს ეფუძნებოდა.
ნეოპლატონიზმი ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც მიზნად ისახავს ფილოსოფიისა და რელიგიის გაერთიანებას. ის ეფუნება ძველი ბერძენი ფილოსოფოსების პლატონის, პითაგორასა და არისტოტელეს დებულებებს. ეფრემ მცირემ ხელი შეუწყო ქრისტიანული ნეოპლატონიზმის დამკვიდრებას საქართველოში.
გასაოცარია, რომ მე-11 საუკუნეში ერთმა პიროვნებამ შეძლო თავისი ცოდნით წვლილი შეეტანა ყველა სფეროში. მან დაიცვა ქვეყნის ავტოკეფალია, ქართულ ენაში შემოიღო მეცნიერულ-ფილოსოფიური ტერმინოლოგია. ის იყო ხიდი და ბიზანტიური მეცნიერული მიღწევების ქართულ ნიადაგზე დანერგვისას. ეფრემ მცირე იყო ერთ-ერთი პირველი ადამინი, რომელმაც ჩამოაყალიბა იდეა, რომ ენა და კულტურა ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორებია. ეს იდეა საუკუნეების განმავლობაში ექოდ გასდევდა საქართველოს და საზოგადოების გამოფხიზლების მთავარ იარაღად იქცა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მეშვეობით. ეფრემ მცირემ ქართველ ბერ-მონაზვნებთან ერთად შავ მთაზე შექმნა აკადემიური ცენტრი, რომელშიც დამკვიდრებული სწავლების მეთოდები მომავალში გელათისა და იყალთოს აკადემიაშიც. ეფრემ მცირის წვლილი საქართველოსთვის ფასდაუდებელია და, ვფიქრობ, სასურველია მეტი ადამიანი იცნობდეს მის მოღვაწეობას.