
სტატიის ავტორი: დავით მაისურაძე
თუ ვახსენებთ მოდას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ან აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქალი, რომელმაც მოდა შეცვალა. ეს გახლავთ ფრანგი მოდის დიზაინერი “კოკო” შანელი.
ბიოგრაფია:
გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი (Gabrielle Bonheur “Coco” Chanel) დაიბადა 1883 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ სამიურეში. მისი ბავშვობა მძიმე იყო – დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, ხოლო მამამ ბავშვთა თავშესაფარში გაამწესა, სადაც კოკომ კერვა ისწავლა.
მოზარდობაში მან რამდენიმე წელი მულენში, ტრიკოტაჟის მაღაზიაში, იმუშავა. საღამოობით კაფეებში მღეროდა, სადაც მიიღო მეტსახელი „კოკო“. სწორედ აქ გაიცნო გავლენიანი ადამიანები, რომელთა დახმარებითაც შეძლო კარიერის დაწყება მოდის სამყაროში.
მოდის რევოლუცია:
კოკო შანელმა მოდის სამყაროში ახალი ეპოქა შექმნა. მისი მთავარი იდეა იყო კომფორტული, ელეგანტური და მინიმალისტური დიზაინების შექმნა, რაც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ პერიოდის მოდის ტენდენციებისგან. XX საუკუნის დასაწყისში ქალის სამოსი ჯერ კიდევ სავსე იყო მძიმე ქსოვილებით, კორსეტებითა და ზედმეტად დეკორატიული ელემენტებით. შანელმა ეს ყველაფერი შეცვალა.
კოკო შანელის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია მოდის სამყაროში:
1) პატარა შავი კაბა – რომელმაც 1926 წელს საზოგადოება აალაპარაკა და მოდა ამოაყირავა. კოკომ შეძლო და შავი ფერი გაათავისუფლა მწუხარების ასოციაციისგან. სწორედ მის სახელს უკავშირდება მოდაში შავი ფერის დამკვიდრება. დიზაინერს სურდა, რომ შეექმნა ისეთი სამოსი, რომელიც ერთნაირად მოერგებოდა, როგორც საქმიან ლანჩს, ასევე მდიდრულ წვეულებასაც და ამავდროულად იქნებოდა უნივერსალური. სწირედ ამ იდეით გაჩნდა პატარა შავი კაბა, რომელიც 1926 წელს თანამედროვე ქალის ფორმად აღიარეს და დღემდე მოდის აუცილებელი ელემენტია.
2) კომფორტული და ელეგანტური ქალის ტანსაცმელი – შანელმა მოაშორა კორსეტები და ისინი უფრო თავისუფალი და კომფორტული სილუეტებით ჩაანაცვლა. კოკოს ეკუთვნის ჯერსის, თავისუფალი სტილის ზედასამოსის მოდაში შემოტანაც. ჯერსი, რომელიც პრაქტიკული და კომფორტული იყო, იმდროინდელი ქალების სამოსის სინთეზს წარმოადგენდა.
3) ქალის შარვლები – შანელის აზრით, შარვალი არა მარტო კომფორტული, არამედ ქალური დამოუკიდებლობის სიმბოლოც იყო. მან ორნაირი შარვლის სტილი დაამკვიდრა მოდაში: სწორი და ვიწრო – საქმიანი ქალებისთვის, ხოლო ფართე შარვლები – წვეულებებისთვის.
4) ტვიდის კოსტიუმი – ადრე ტვიდისგან მხოლოდ მამაკაცის ქურთუკები იქმნებოდა. კოკომ შთაგონება სწორედ მათგან აიღო და დაამტკიცა, რომ ქალებს შეუძლიათ იყვნენ ისეთივე ამბიციურები, როგორც კაცები. 1927 წლიდან შანელი იყენებს ტვიდის ქსოვილს ქალის კოსტიუმებსა და პალტოების შესაქმნელად, ხოლო 1954 წელს მან პირველად წარადგინა ტვიდის პიჯაკი, რომელსაც დღეს შანელის საკულტო პიჯაკად ვიცნობთ.
5) Chanel No 5. სუნამო – ”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის”. კოკომ 1926 წელს გამოუშვა თავისი საკულტო სუნამო. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც ატარებდა დიზაინერის სახელს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სუნამოა. “მე არ მიზიდავს ვარდის ან შროშნის სურნელი; ჩემი სუნამო სურნელთა სინთეზს უნდა განასახიერებდეს.” მან შექმნა (“აბსტრაქტული” ან “სინთეზური”) Chanel No.5 რომელსაც არ ჰქონდა რომელიმე ერთი ყვავილის არომატი და ასახავდა შანელის პიროვნებას. მერლინ მონრომ თქვა: “ძილის წინ ყოველთვის ვიპკურებ ორ წვეთ Chanel No.5-ს”.
6) მოდური ხელჩანთები ჯაჭვის სახელურით – Chanel 2.55 არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. კოკო შანელმა Chanel 2.55 პირველად 1920-იან წლებში შექმნა, თუმცა საზოგადოებას მოგვიანებით წარუდგინა. ეს პროდუქტიც, როგორც შანელის სხვა ინოვაციები, თავისუფლებისა და პრაქტიკულობის იდეის მატარებელი იყო. კოკოს მობეზრდა ე.წ. კლათჩების ტარება, ამიტომ გადაწყვიტა ისეთი ჩანთა შეექმნა, რომელიც მის ხელებს გაათავისუფლებდა. აღსანიშნავია, რომ 2.55 ჯარისკაცების ზურგჩანთების დამჭერებით იყო შთაგონებული. გასული საუკუნის 50-იანებში, როცა შანელი მოდაში კვლავ გააქტიურდა, მან ჩანთის დიზაინი განაახლა და მყიდველს შესთავაზა, როგორც „2.55“, რაც ჩანთის საბოლოო ვერსიის შექმნის თარიღს – 1955 წლის 2 თებერვალს აღნიშნავდა.
7) ბიჟუტერიისა და ნამდვილი ძვირფასეულობის კომბინაცია – კოკო შანელი ქალებს ყოველთვის მოუწოდებდა, რომ აქსესუარების არჩევისას ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგანაც აქსესუარს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. დიზაინერისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნივთი მარგალიტის ყელსაბამი იყო.
“მარგალიტი ყოველთვის იმარჯვებს.” – ამბობდა კოკო შანელი.
8) ზოლიანი მაისურები (Mariniére) მოდაში – მეზღვაურთა სტილის ზოლიანი მაისური დიზაინერთან ასოცირდება – სწორედ კოკო შანელმა გახადა ეს სამოსი პოპულარული და 1920-იან წლებში მოდაში შეიტანა. გარდა ამისა, ზოლების სხვადასხვა პრინტების მიქსსაც აკეთებდა.
კოკო შანელის ინოვაციურმა იდეებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მოდას. მისი გავლენა დღემდე იგრძნობა მოდის სამყაროში, რადგან კომფორტი და ელეგანტურობა, რასაც ის ქადაგებდა, თანამედროვე ტანსაცმლის მთავარი პრინციპებია.
მისი მოდის სახლი, Chanel, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრენდია.
კოკო შანელმა არა მხოლოდ მოდა შეცვალა, არამედ ქალებს ახალი შესაძლებლობები და ხედვა მისცა. მისი ნამუშევრები და იდეები დღესაც ცოცხალია და განაგრძობს გავლენის მოხდენას მსოფლიო მოდაზე.