
მეგობარი თუ ფსიქოლოგი?
ნაწყენი ხარ მეგობარზე, ნაცნობზე, საკუთარ თავზე? დაბნეული ხარ და მარტოდ გრძნობ თავს, ჩიხში ხარ და არ იცი, რა გააკეთო? საუბარი გინდა, მაგრამ არ იცი, ამისთვის ვის მიმართო?!
დიდი მნიშვნელობა და დიდი ზეგავლენა აქვს შენზე იმ ადამიანის რჩევას, რომელსაც შენს პრობლემებსა და გასაჭირზე ესაუბრები. მეგობარმა შეიძლება თავისი გამოცდილებიდან მოგცეს რჩევა, რომელიც შეიძლება სრულიად შეუსაბამო იყოს შენს ემოციებთან, შეიძლება არსებობდეს ორი ერთნაირი პრობლემა, მაგრამ ვერ იარსებებს ორი ერთნაირი პიროვნება და გადაჭრის ორი ერთნაირი გზა, თუნდაც ერთი და იმავე შემთხვევისთვის.
სწორედ აქ ჩნდება კითხვა: ვინ უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჩემს პრობლემაზე ვესაუბრო და მართებული რჩევა-დარიგება მივიღო?
ეს ადამიანი არის ფსიქოლოგი. მასთან ვიზიტი ადამიანს დაეხმარება იპოვოს საყრდენი საკუთარ თავში და არა სხვა ადამიანებში, თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, ისწავლოს ემოციების მართვა და მიაღწიოს ყველაზე მნიშვნელოვანს – საკუთარ თავთან ჰარმონიას.
უამრავი ადამიანისათვის ფსიქოლოგის, ფსიქიატრისა და ქოუჩის ცნებები სინონიმებს წარმოადგენს. სინამდვილეში კი ამ სპეციალისტების ფუნქციები და ამოცანები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.
➢ ფსიქოლოგი მზადაა გესაუბროთ თქვენი პიროვნული თავისებურებების, თქვენი ხასიათის დადებითი და უარყოფითი, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, აგრეთვე დაგეხმარებათ ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციაში.
➢ ფსიქოთერაპევტი – იყენებს ფსიქოთერაპიულ მეთოდებს, საუბარს და აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მედიკამენტის დანიშვნა. მას მიმართავენ დეპრესიის, ცხოვრების აზრის დაკარგვისა და სხვა მსგავსი პრობლემის შემთხვევაში.
➢ ფსიქიატრი – კურნავს რთულ ფსიქიკურ აშლილობებს, ნერვული სისტემის დაავადებებს (შიზოფრენია, ეპილეფსია, ნევროზები, ჰალუცინაციები და ა.შ.) ფსიქოთერაპევტული მეთოდების, საუბრებისა და მედიკამენტების გამოყენებით.
ქოუჩი – აიოლებს კლიენტის სვლას მისი მიზნებისკენ და უზრუნველყოფს მისი პიროვნების ყოველმხრივ განვითარებას. ქოუჩინგი – ურთიერთობის განსაკუთრებული სახეა, რომელიც შემუშავებულია ქოუჩის მიერ კლიენტთან ერთად და აქვს კლიენტის პოტენციალის გამომჟღავნებისა და განვითარების უნარი.
ამრიგად, ადამიანს პიროვნული და პროფესიული ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია მიმართოს შესაბამის სპეციალისტს. აიმაღლოს მოტივაცია, ცხოვრების რთული პერიოდები გადაიტანოს ნაკლები დანაკარგებით და ისწავლოს საკუთარი თავის მიმღებლობა.