სტატიის ავტორი: ნუგზარ მოლაშვილი
პეტრე იბერის კონფესიური კუთვნილების შესახებ
IV-V საუკუნეები საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ხანაა. სწორედ ამ პერიოდში დგას პეტრე იბერი – პიროვნება, რომელსაც ძველ საქართველოში „სიქადულს, მნათობს და ბრწყინვალებას“ უწოდებდნენ.
პეტრე იბერი (მურვანოსი) სამეფო გვარის შვილი იყო. იგი ანგელოზის ხარებით მიეცათ მის ღვთისმოსავ მშობლებს – ბუზმარს და ბაკურდუხტიას. წყაროების თანახმად, პეტრეს ოჯახში და ზოგადად, იმდროინდელ საქართველოში, წმინდა ნინოს ქადაგების შემდეგ, უკვე მძლავრად იყო ფესვგადგმული ასკეტური და სამონასტრო სულისკვეთება. პატარა მურვანოსი 3 წლიდან ეცნობოდა წმინდა წერილს, სავარაუდოდ ქართულ ენაზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ბიბლიის თარგმანები საქართველოში V საუკუნის დასაწყისშივე არსებობდა.
12 წლის ასაკში იგი ბიზანტიაში გაგზავნეს, სადაც დაეუფლა ბერძნულ და ასურულ ენებს. მოგვიანებით კი, თავის თანამებრძოლ იოანე ლაზთან ერთად, იერუსალიმში გაემგზავრა, სადაც მათ არაერთი მონასტერი და „ქართველთა სასტუმრო“ დააარსეს.
პეტრე იბერის ბიოგრაფიაში ყველაზე რთული და საკამათო საკითხი მისი კონფესიური კუთვნილებაა. ტრადიციულად, ქართული ეკლესია მას მართლმადიდებელ წმინდანად მიიჩნევდა და მისი ხსენების დღედ 2 დეკემბერს აღნიშნავდა. თუმცა, XVIII საუკუნიდან გაჩნდა მოსაზრება მისი მონოფიზიტობის შესახებ.
პეტრე იბერი,იოანე ლაზთან ერთად, სამშენებლო საქმიანობას ეწეოდა წმინდა მიწასა და ეგვიპტეში.
პეტრე იბერის ცხოვრება და მოღვაწეობა ნათელს ჰფენს ქართული მონაზვნობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს დეტალს. გავრცელებული შეხედულების (კ. კეკელიძე) თანახმად, საქართველოში სამონასტრო ცხოვრება VI საუკუნეში, ათცამეტ ასურელ მამას უნდა დაეწყო. თუმცა, პეტრე იბერის ბიოგრაფია ამტკიცებს, რომ ასკეტური და სამონასტრო ტრადიცია საქართველოში გაცილებით ადრე, IV საუკუნიდან იღებს სათავეს.
წყაროების მიხედვით, ეს ტრადიცია წმინდა ნინომ დაამკვიდრა, რომელიც თავად განდეგილ ქალწულთა („რიფსიმიანი დედების“) თემს ეკუთვნოდა. პეტრე იბერის ბავშვობის აღწერისას ჩანს, რომ მისი ოჯახის წევრები – მეფე ვარაზ-ბაკური და დედოფალი დუხტია – სამეფო სასახლეშივე ცხოვრობდნენ „როგორც მონასტერში“: იცავდნენ მარხვას, ეწეოდნენ ქველმოქმედებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ უარი თქვეს ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებაზეც კი. დუხტიამ დაქვრივების შემდეგ „მონაზვნის კაბა“ ჩაიცვა, ხოლო გამზრდელი „ძუძუ“ ღამეებს ლოცვაში ათევდა.
პეტრე იბერის სახელს უკავშირდება პირველი ქართველი მთარგმნელების საქმიანობის კვალიც. ბიოგრაფის ცნობით, პეტრე (მურვანოსი) საქართველოში 3 წლის ასაკიდან სწავლობდა წმინდა წერილს. რადგან მან ბერძნული და ასურული ენები მოგვიანებით ისწავლა, სავარაუდოა, რომ ბიბლიური ტექსტები მას ქართულ ენაზე ჰქონდა ხელთ. ეს ადასტურებს, რომ V საუკუნის დასაწყისში უკვე არსებობდა ქართული თარგმანები.
ამ ვარაუდს ამყარებს პალესტინაში, პეტრე იბერის მიერ აგებულ მონასტერში აღმოჩენილი უძველესი ქართული მოზაიკური წარწერები. ამ წარწერებში მოხსენიებულნი არიან კონკრეტული ისტორიული პირები: ანტონი, აბაი და იოსია. მეცნიერთა აზრით, ისინი პეტრე იბერის წრის წევრები და „პირველი ქართველი მთარგმნელები“ უნდა ყოფილიყვნენ (სახელი „აბაი“ შესაძლოა იგივე „საბა“ იყოს, რომელიც ძველ წყაროებშიცაა მოხსენიებული). ეს ფაქტი ადასტურებს, რომ პეტრე იბერის გარშემო შეკრული იყო ქართველ მოღვაწეთა ძლიერი ინტელექტუალური ჯგუფი, რომელიც ქართული მწიგნობრობის საძირკველს ქმნიდა.
XVIII საუკუნეში, როდესაც საქართველოში ირანული და ოსმალური გავლენების პარალელურად მონოფიზიტური (სომხური) ეკლესიის პროპაგანდა გაძლიერდა, პეტრე იბერის საკითხმა პოლიტიკური კამათი წამოიწყო. სომეხი და კათოლიკე მისიონერები იყენებდნენ გაყალბებულ უცხოურ წყაროებს იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართველთა მნათობი“ მონოფიზიტი იყო. ამით ისინი ცდილობდნენ ქართველთა გადაბირებას.
ამ „სქოლასტიკური ხაფანგის“ თავიდან ასაცილებლად და მართლმადიდებლობის დასაცავად, კათოლიკოსმა ანტონ I-მა და ქართულმა ეკლესიამ პეტრე იბერის ხსენება საეკლესიო კალენდრიდან ამოიღეს. ეს იყო არა მისი წმინდანობის უარყოფა, არამედ იძულებითი ზომა მწვალებლობის გავრცელების წინააღმდეგ.
პეტრე იბერი იყო დიდი ქართველი მოღვაწე, ქართული სამონასტრო კულტურისა და მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეჭვი მის მართლმადიდებლობაში პოლიტიკურ ნიადაგზე აღმოცენდა გვიანდელ საუკუნეებში, ხოლო უძველესი ქართული წყაროები მას ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად და „ქართველთა ერის სიქადულად“ მოიხსენიებენ.
https://drive.google.com/file/d/1Lf6UekaggtmldJy-P0sUKRimuM8xddgU/view
გამოყენებული ლიტერატურა
“პეტრე იბერი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი” –მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
“Asceticism as Locus of Authority: The Case of Peter the Iberian” – Cornelia B. Horn
“ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია” – კეკელიძე, კორნელი
“ბირ–ელ–ყუტის მონასტერში არსებული ქართული კვალი” – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო