
ავტორი: გვანცა ფხალაძე
ადამიანი უცნაური არსებაა. სულ ვიღაცას ელოდება, რომ ის უთხრას, რაც უკვე იცოდა.
– ჩამოჯექი.
– ხომ არაფერს მავნებს?
– გპირდები, არა.
ის ფრთხილად დაჯდა სკამის კიდეზე და ტუჩი მოიკვნიტა.
– ეს, უბრალოდ, სკამია.
– მაინც მეშინია.
ექიმმა სათვალე მოიხსნა და ამოიოხრა.
– იმედი გაგიცრუე?
– არა.
– მე კი მგონია, რომ გაგიცრუე.
– რატომ უნდა გამცრუებოდა იმედი?
– ისევ რომ მეშინია რაღაცების.
ექიმმა გაიღიმა და შეხედა.
– არა, შენზე არ ვარ გაბრაზებული.
– აბა ვისზე?
– უბრალოდ, მეშინია.
– შენც გეშინია?
– ჰო.
– რისი?
– იმის, რომ ვერ გიკმურნალებ.
– მე ცუდად ვარ?
ექიმმა სევდიანად გახედა და გული დასწყდა. პაციენტი პატარა ბავშვად ქცეულიყო, მისგან დახმარებას ელოდა, თვითონ კი ვერაფერს აკეთებდა.
– დავიწყოთ სეანსი?
– კი.
სეანსი დროზე ადრე დაასრულეს. პაციენტი წარსულში ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ბუღალტერი იყო, უბედური შემთხვევის შემდეგ კი ყველაფერი დავიწყებოდა. ეშინოდა ყველაფრის – ადამიანის, ცხოველისა და უსულო საგნებისაც კი. ოჯახმა ყველაფერი იღონა, მაგრამ თანდათნა სახიფათო გახდა, ამიტომ ფსიქიატრიულში მოათავსეს. ექიმი პირველი დღიდანვე მასთან იყო, ცდილობდა, დრო უკან დაებრუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა.
მრავალწლიანმა მკურნალობამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, ყველამ ხელი ჩაიქნია მასზე. ბოლო სეანსის შემდეგ კი ექიმი პალატაში ეწვია.
– დარწმუნებული ხართ, რომ მარტო გინდათ შესვლა?
– დიახ.
ექიმმა ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა. იგი ოთახის კუთხეში მიკუჭნულიყო და ცხვირს აცმაცუნებდა.
– მე მივდივარ.
– რატომ?
– მკურნალობას ვეღარ გავაგრძელებთ.
– რატომ?
– დრო ამოიწურა, აქ დასამშვიდობებლად მოვედი.
– მიდიხარ?
– კი.
– ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან აღარ წავალ.
– ჰო, ასე გამოვიდა.
პაციენტმა გადაიხარხარა.
– მართლა, წუხხარ არა?
– რა?
– გიკვირს?
– ამიხსენი, რა ხდება.
– რადგან აღარაფერი მემუქრება, გეტყვი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. მე ბუღალტერი გავხდებოდი, ოჯახი მეყოლებოდა, ხალხს ვეყვარებოდი. შემდეგ კი თავი რაღაცას დავარტყი და წამში ყველაფერი დაიმსხვა, ფაიფურის თოჯინასავით გაქრა. – იგი ოთახში ბოლთას სცემდა. – თავიდან მართლა ცუდად ვიყავი, შემდეგ გამოვკეთდი, მაგრამ მივხვდი, რომ აქედან წასვლა არ მინდა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პასუხისმგებლობა მამძიმებდა, სამსახურშიც, ოჯახშიც, ახლა კი თავისუფალი ვარ, აქ მყოფ ნებისმიერ პაციენტზე ჭკვიანი ვარ და ისინიც ცხვრებივით მემორჩილებიან. გინდა, ასეთი უზრუნველი ცხოვრება დავთმო და კედლის იქით გამოგყვე?
ექიმი ერთ წერტილს მისჩერებოდა, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს.
– შენი ადგილი აქ არ არის.
– კედლის იქითაც გიჟები არიან და აქაც. რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები?
– უნდა მიხვდე, რომ დანაშაული ჩაიდინე.
– მე, უბრალოდ, თავისუფლება მინდა.
– ეს ვინ შთაგაგონა?
ადამიანი უცნაური არსებაა, სულ ვიღაცას ელოდება, რომ უთხრას ის, რაც უკე იცოდა. – პაციენტმა ჩასისხლიანებული თვალები ჭერს მიაპყრო.
– შევცდი, შენი ადგილი აქ არის, შეშლილი ხარ.
– თუ რაღაც არ გაანადგურე, პირიქით, შენ გაგანადგურებენ.
– და მე რატომ მომიყევი, გინდოდა, თავი ცუდად მეგრძნო?
– მაინც არავინ დაგიჯერებს. – პაციენტი წამოწვა და ხელები თავქვეშ უდარდელად ამოიწყო.
– ნახვამდის, ექიმო.
ექიმს აღარაფერი უთქვამს, გატრიალდა და წავიდა. იქ აღარ დაბრუნებულა. ნეტავ ახლა რას აკეთებდა პაციენტი? ან ვინ იყო იგი – ჭკვიანი ადამიანი, თუ კაცი, რომელმაც საკუთარი თავი გაინადგურა.