
ავტორი: ლიზი საყვარელიძე
გავიქეცი. გავიქეცი, როგორც მჩვევია. ისევ თენდება, ვიკაზმები ბედნიერი დღის გასატარებლად, მაგრამ მთვარე მაინც ამოიწვერება და ყველაფერი თავდაყირა დგება. არც კი ვიცი, რატომ გავრბივარ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს გულს ბაგაბუგი აღარ გაუდის. იქნებ უძრაობაა, რაც მკლავს. ასე მგონია, ყოველ წამს უფრო და უფრო ვიძირები უკიდეგანობაში, ვუფერულდები და ვილევი… მეშინია, ჩემგან არაფერი დარჩება. ბნელდება, თვალს თვალში უყრის მე მეს, არც მეორე მე აშორებს თვალს პირველ მეს და ასე ელოდებიან სამყაროს გადაყირავებას. სხვა რა გზაა, ერთად ხურდებიან მარათონზე საასპარეზოდ. დღისით ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ უსაქმოდ არ ისხდნენ და იფიქრონ გაფლანგულ დროზე. ყველა საქმე უნდათ, სულ ყველა. გამონაკლისის გარეშე! სხვა რა უნდა აკეთონ, არც კი იციან. მხოლოდ თავდავიწყება და სირბილი. მე ამბობს, რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობს. ნაცრისფრად ფიქრობს, ასე სხვა ფერების აღქმის უნარს კარგავს. მე ყველაფერს ხედავს, მერე კი იხრჩობა გონების ზღვაში, იყინება… მეორე მეც ბევრს ფიქრობს, მაგრამ მისი მთელი ენერგია მოძრაობაზე იხარჯება. იმდენს დარბის, მასაც ავიწყდება ცხოვრება. ეს მე სამყაროს გადღაბნილ ფერებში ხედავს. მალე გული წაუვა. ერთხელ უკვე მიაღწია ფინიშის ხაზს, მედალი დაიმსახურა. დგება შემაღლებულზე და თავს ხრის, კისერზე ოქროს ეჟვანს ჰკიდებენ. აწი რომ გაიქცევა, მთელ სადარბაზოს გააღვიძებს. ეგ კი არა, შორს თუ წავა, შავ ზღვასაც კი გადაიყვანს ჭკუიდან. ახლა ორივენი სხედან ძირს ფეხმორთხმით და სიყვარულზე ლაპარაკობენ. რა სისულელეა, სიყვარულზე სალაპარაკოდ არც პალიტრა აქვთ და არც ენერგია. ისევ დუმილი ურჩევნიათ. უცნაურია, ერთმანეთის დანახვაზე თვალები უფართოვდებათ, ნეტავ ეშინიათ თუ, უბრალოდ, უხარიათ, კვლავ რომ ხვდებიან. მარცხენა მძიმედ და არათანაბრად სუნთქავს, თითქოს ცუდ სიზმარს ხედავს. მარჯვენა ქოშინებს და რაკარუკი გაუდის ყოველ გამოძრავებაზე. მთელ ქვეყანას ჭორავენ ერთ ღამეში ხმაამოუღებლად. ან რაში სჭირდებათ ლაპარაკი, ერთმანეთის ისედაც ესმით. მე ხელს ჰკიდებს მეს და გულში იხუტებს, თან, ღიღინს იწყებს. სანამ მზე ამოვა, ფერებს ცვლიან და იღიმიან. თენდება, უბრუნდებიან ჩვეულ რიტმს და ღამით ისევ ხვდებიან. ახლა იციან, რომ ერთ დღესაც ოთახში არავინ დახვდებათ. არა იმიტომ, რომ გაქრებიან, არამედ იმიტომ, რომ საერთო პალიტრას გაამდიდრებენ. შავ-თეთრ კინოს უეცრად შეეპარება ფერები, ოქროს ეჟვანი კი დაკარგავს ენას. მაშინ კი უდავოდ გაიყინება წამი და ამოისუნთქავენ. ბოლოს მათშიც შემოიჭრება სიყვარულის ფერები.