
სანდრო ბოტიჩელი, ალესანდრო და მარიანო ფილიპეპი, დაიბადა 1444 წელს (1445წ) ფლორენციის მოქალაქის, ტყავის დამამუშავებელი მარიანო ფილიპეპის ოჯახში. იგი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში. 1458 წელს საგადასახადო ჩანაწერებში მარიანო ფილიპეპი იუწყება, რომ მისი შვილი სანდრო 13 წლისაა, სწავლობს კითხვას და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია . სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობს, შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელს მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც. არსებობს სხვა ვერსიაც: ბოტიჩელი იტალიურად მსუქანს ნიშნავს, ასე ეძახდნენ მის უფროს ძმას, ვარაუდობენ რომ ძმის ეს მეტსახელი აირჩია მხატვარმა ფსევდონიმად. სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი თუ სად და როდის ისწავლა მხატვრობა, თუმცა ზოგი წყაროს თანახმად, მან თავიდან საიუველირო ხელობა შეისწავლა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფერწერაზე მუშაობა. სავარაუდოა, რომ ბოტიჩელი იყო ცნობილი ფერმწერის ფილიპო ლიპის მოსწავლე და მასთან მუშაობდა სახელოსნოში 1465-1467 წწ. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან ბოტიჩელიმ გადაიღო ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, ვნებიანი მისწრაფება. არ უნდა გამოირიცხოს ის ცნობაც, რომ სანდრო 1468-69 წ.წ.-ში მუშაობდა ფლორენციის კიდევ ერთ ცნობილ ფერმწერ და მოქანდაკე, ანდრეა ვეროკიოსთან და მისი ზეგავლენა განიცადა. 1470 წლიდან ბოტიჩელს უკვე ჰქონდა საკუთარი სახელოსნო და დამოუკიდებლად ასრულებდა მიღებულ შეკვეთებს. მისი სურათები საოცარი ჰაეროვნებითა და ფანტასტიკის სიყვარულით გამოირჩევა . 60-იანი წლების დასასრულს იგი დაუახლოვდა ცნობილ მხატვარს ანტონიო პოლაიოლოს. მისი გავლენით შექმნა სურათები: „ძალა“ (1470, უფიცის გალერეა) და “წმ. სებასტიანე“ (1473-1474წ.წ. ბერლინ-დალემის სურათების გალერეა). ორივე მათგანისათვის დამახასიათებელია ფიგურების მკაფიო, პლასტიური „ძერწვა“. ბოტიჩელის შემოქმედებაში სამი მთავარი მოტივი გამოირჩევა: ალეგორია („გაზაფხული“), მითოლოგია („ვენერას დაბადება“) და რელიგიური (მადონები). სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი მხატვარი საერთოდ არ მუშაობდა. რამდენიმე წელიწადი გაატარა სიღარიბეში. მოტეხილი მოხუცი დადიოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში და გამკითხავი არავინ ჰყავდა. 1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა ფლორენციაში, რომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდა. იგი დაკრძალულია ოჰნისენტის სასაფლაოზე. დღეს ბოტიჩელს იცნობს ყველა, როგორც იტალიური რენესანსის საუკეთესო წარმომადგენელს. მისი სურათები ამშვენებს ფლორენციის, რომის, ბერლინის, ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, მილანის, პეტერბურგის მუზეუმებსა და გალერეებს.