
სტატიის ავტორი: დავით მაისურაძე
Met Gala მოდის სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმირებული საღამოა, რომელზეც მსოფლიო შოუ ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები წამყვანი დიზაინერების მიერ საგანგებოდ ამ მოვლენისათვის შექმნილ სამოსს ირგებენ. Met Gala ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში საზეიმოდ იხსნება. ყოველ Met Gala-ს აქვს თემა, რომელსაც გამოფენის კურატორი და საღამოს ორგანიზატორები არჩევენ. თემის გათვალისწინებით, არსებობს დრესკოდი, რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა უნდა დაიცვან. მთავარი საღამოს შემდეგ კი იხსნება კოსტიუმების გამოფენა, რომელიც დაახლოებით ხუთ თვეს გრძელდება.
Met Gala, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც The Costume Institute Gala, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ღონისძიებაა, მისი ისტორია გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება. 1948 წელს ნიუ იორკის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა ელეონორ ლამბერტმა (Eleanor Lambert), რომელიც ნიუ-იორკის მოდის ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ახალი პროექტი წამოიწყო. მან საფუძველი ჩაუყარა მასშტაბურ წვეულებას, რომლის მიზანი მეტროპოლიტენის მუზეუმში ახლად დაარსებული კოსტიუმების მუზეუმის ფონდის მხარდაჭერა იყო.
თავდაპირველად Met Gala იყო შედარებით მცირე და ექსკლუზიური ღონისძიება, რომელიც მოდის სამყაროსა და მაღალი საზოგადოების წევრებს აერთიანებდა. თუმცა, 1995 წლიდან, როცა ანა ვინტური ჩაერთო მის ორგანიზებაში, Met Gala გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და სანახაობრივ “წითელი ხალიჩის” ღონისძიებად.
დღესდღეობით, Met Gala არა მხოლოდ მოდის ინსტიტუტის გამოფენების ფინანსურ მხარდამჭერად ითვლება, არამედ იგი მოდის, ხელოვნების და პოპ-კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრებაა.
ლამბერტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი და ის იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალევე ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, კოსტიუმების ინსტიტუტის ხელმძღვანელი Vogue-ის, მთავარი რედაქტორი დაიანა ვრილენდი გახდა. მან საქველმოქმედო წვეულებას ახალი დატვირთვა მიანიჭა და სწორედ ასე დაიწყო Met Gala-მ იმ ფორმითა და კონტექსტით ჩამოყალიბება, როგორსაც დღეს ვიცნობთ.
დროთა განმავლობაში იზრდებოდა მეტ გალას მასშტაბები და მასში უფრო მეტი ცნობილი დიზაინერი და ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას. 1995 წლიდან, Vogue-ს რედაქტორი, ანა ვინტური მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებული მიღების უცვლელი კურატორია და თანამედროვე Met Gala-ს ამჟამინდელი გავლენაც სწორედ მის პერსონას, რეპუტაციასა და ხედვას უკავშირდება.
ამჟამად, Met Gala თანამედროვე მოდის და პოპკულტურის განუყოფელი ნაწილია. მის გახსნას საგანგებოდ ესწრებიან დიზაინერები, მოდელები, კინოსა და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები. ეს არის საღამო, რომელზეც მოდის სამყარო ირჩევს ფავორიტებს.
Met Gala-ს “მოდის ოსკარს” უწოდებენ. მაისის თვის პირველ ორშაბათს, მეტროპოლიტენის მუზეუმის წინ გაშლილია წითელი ხალიჩა. ეს არის მსოფლიო მოდისა და ხელოვნების პრესტიჟული ღონისძიება. შეკრებაზე მიწვევა დიდი პატივია ცნობილი ადამიანებისთვისაც კი, სადაც დიზაინერები ირჩევენ “მუზებს”. მას ყოველ წელს 600-მდე ადამიანი ესწრება.
ამ დღისთვის მზადება ექვსი თვით ადრეც კი იწყება, იმისთვის რომ მიწვეულ სტუმართა შორის, დიზაინერებმა თუ მოდელებმა ღირსეულად დაიმკვიდრონ ადგილი და დაიმსახურონ ანა ვინტურის სიმპათია.
რიგით 70-ე Met Gala 2018 წლის, 7 მაისს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. თემა “ზეციური სხეულები, მოდა და კათოლიკური წარმოსახვა“ იყო. სტუმრებს მოეთხოვებოდათ დაეცვათ დრესკოდი.
მაგრამ კონკრეტულად რა არის კათოლიკური ესთეტიკა? და რას მოიცავს იგი?
Vogue-ის მიხედვით, თემის მიზანია „დიალოგის შექმნა მოდასა და რელიგიური ხელოვნების შედევრებს შორის“.
გამოფენის მთავარმა კურატორმა, ენდრიუ ბოლტონმა ახსენა, რომ ეს თემატიკა და მისი რელიგიური ასპექტი შეიძლება სადაოც იყოს უმეტესობისთვის. განსაკუთრებით „კონსერვატიული კათოლიკებისთვისა და ლიბერალური კათოლიკებისთვის“.
თუმცა, ბოლტონი იმედოვნებს, რომ გამოფენას განიხილავენ, როგორც “საერთო ჰიპოთეზა იმის შესახებ, რასაც ჩვენ კათოლიკურ წარმოსახვას ვუწოდებთ და როგორ ჩაერთნენ მხატვრები და დიზაინერები და ჩამოაყალიბეს მათი მიდგომა შემოქმედებისადმი, განსხვავებით ნებისმიერი სახის თეოლოგიისა და სოციოლოგიისგან”.
გამოფენამ მიიღო ვატიკანის კურთხევა და მოიცავდა 40-ზე მეტ სამოსს და აქსესუარს რომის კათოლიკური ეკლესიის შტაბიდან. 150-ზე მეტ კათოლიციზმითა და მისი იკონოგრაფიით შთაგონებულ დიზაინს.
მარცხნივ: ელ გრეკო, კარდინალი ფერნანდო ნინო დე გევარა (1541–1609) მარჯვნივ: საღამოს ქურთუკი, Cristóbal Balenciaga for Balenciaga, შემოდგომა/ზამთარი 1954–1955.
მარცხნივ: ლიპო მემის მიმდევარი, წმინდა პეტრე, მე-14 საუკუნის შუა ხანები, ტემპერა ხეზე, ოქროს მიწა; მარჯვნივ: საღამოს კაბა, ელზა სქიაპარელი, ზაფხული 1939 წ.
მარცხნივ: იატაკის მოზაიკის ფრაგმენტი ქთისის პერსონიფიკაციით, ბიზანტიური, 500–550, თანამედროვე რესტავრაციით, მარმარილოთი და მინით; მარჯვნივ: ანსამბლი, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა Dolce & Gabbana-სთვის, შემოდგომა 2013–2014.