
სტატიის ავტორი: დანიელა დალალიშვილი
“Good bye Lenin!” – წარსულის მეხსიერება და ახალი რეალობა
ზაფხულობით ბებოსთან ჩავდივარ ხოლმე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებთ და ის თავის ბავშვობასა და იმ წლებზე მიყვება ხოლმე, რომლებიც საბჭოთა კავშირში გაატარა. მე, როგორც ოცდამეერთე საუკუნის ქართველ ახალგაზრდას, ცუდი წარმოდგენა მაქვს ამ პერიოდზე შექმნილი. მართალია, პირადად არ მიცხოვრია საბჭოთა სინამდვილეში, თუმცა შეუძლებელია იყო ქართველი და არ გქონდეს მოსმენილი ისტორიები ამ საშინელი, ბნელი წლების შესახებ. მაშ, წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ბებიაჩემმა გამოაცხადა : „ კარგი იყო საბჭოთა კავშირი, აბა ახლა ყველაფერი გადაგვარდაო.“ გავოცდი ; არ ვიცოდი, რა მეთქვა. თუმცა მალევე მივხვდი რაში იყო საქმე. არსებობს გამონათქვამი : „ შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველ ლხინსაო.“ ბებიაჩემს, და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ ბევრ მის დროინდელ ქართველს, ენატრებოდა ახალგაზრდობა და სიმარტივე. ის შეპყრობილი იყო ნოსტალგიით. წარსულის იდეალიზაციის ფენომენი მეტად საინტერესოა და ალბათ ამიტომ მოახდინა ვოლფგანგ ბეკერის ფილმმა „Good bye Lenin“ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება.
2003 წლის ფილმი, რომელსაც 21 ჯილდო აქვს მოგებული, ასახავს კომუნიზმის დაშლასა და მის შედეგებს აღმოსავლეთ გერმანიაში იქ მცხოვრები ოჯახის მაგალითზე. კრისტიანი, ორი შვილის დედა, რომელიც ფილმის დასაწყისში ქმარმა მიატოვა, არის ფანატიკოსი კომუნისტი . მისი შვილები, ალექსი და არიანე, ეწინააღმდეგებიან დედის ამ შეხედულებას და მათ სურთ უკეთესი მომავალი, თავისუფლება, რომელიც დასავლეთ გერმანიაში არსებობს. ისე მოხდება, რომ პროტესტზე გასულ ალექსს გერმანელი ოფიცრები სცემენ და დააკავებენ, რასაც დაინახავს მისი დედა და ნერვიულობის გამო კომაში ჩავარდება. არავინ იცის, ქალი როდის გაიღვიძებს, ხოლო ალექსი და მისი და იძულებულნი არიან გააგრძელონ ცხოვრება, ვიანიდან დრო არ ჩერდება. კრისტიანის კომაში ყოფნისას მოხდება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები და ბოლოს ბერლინის კედელი , რომელიც ყოფდა ამ ქალაქს აღმოსავლეთად და დასავლეთად , დაინგრევა. გავა 8 თვე და დედა იღვიძებს. ექიმი აფრთხილებს ალექსსა და მის დას, რომ მცირედმა შოკმაც კი შეიძლება მეორეჯერ ჩააგდოს ქალი კომაში, რაც მათ მძიმე სიტუაციას შეუქმნის. ახალგაზრდებმა არ იციან, როგორ აუხსნან დედას ის ყველაფერი, რაც ამ 8 თვის განმავლობაში მოხდა, ვინაიდან მამის წასვლის შემდეგ სწორედ ეს კომუნისტური სისტემა გახდა კრისტიანისთვის ხელმოსაკიდი და იმის გაგებას, რომ ეს რეჟიმი აღარ არსებობს, შესაძლოა ცუდად ემოქმედა მის გულზე. ამიტომ ალექსი გადაწყვეტს, რომ დედას მოატყუოს. იგი ქალს უქმნის ილუზიას, რომ ცხოვრება ისევ ისეთია, როგორიც 8 თვის წინ იყო. ის აკეთებს ამისთვის ყველაფერს, მათ შორის თავის მეგობართან ერთად ქმნის ყალბი ამბების მაუწყებლობას იმ ცვლილებების ასახსნელად, რომლებიც ქრისტიანმა შეამჩნია. რა თქმა უნდა, ამ ილუზიის შენარჩუნება სამუდამოდ შეუძლებელია და აღმოჩნდება, ქრისტიანსაც აქვს საიდუმლო, რომელსაც შვილებს უკვე 10 წელია უმალავს. ფილმის უკეთესად გააზრებაში გვეხმარება ისტორიული კონტექსტი. აი რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის ისტორიაზე:
1. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს, გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიამ აღმოსავლეთ გერმანიაში დიქტატურა დაამყარა, რამაც გამოიწვია მასობრივი მიგრაცია დასავლეთ გერმანიაში. SED-მა უკვე ჩაკეტა აღმოსავლეთ გერმანიის საზღვარი დასავლეთ გერმანიასთან 1952 წელს, მაგრამ ბერლინის სექტორის საზღვრები ღია დარჩა და ხალხი ამ გზით გადადიოდა დასავლეთში. მალევე აღმოსვალეთ გერმანიამ 4 მილიონი ადამიანი დაკარგა, რის გამოც 1961 წლის 13 აგვისტოს მეორე მსოფლიო ომამდე გაერთიანებულმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს პოტსდამის ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავდა ბერლინის საზღვრებს. მაშასადამე, ბერლინი დაიყო 2 ნაწილად. მას ყოფდა კედელი, ახლა უკვე ნაცნობი როგორც ბერლინის კედელი. აღმოსავლეთში იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ), რომელზეც გავლენა მოახდინა საბჭოთა სისტემამ, ხოლო დასავლეთით იყო გერმანიის ფედერაციული რესპიბლიკა (გფრ), რომელზეც გავლენა მოახდინა აშშ-მ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა. გდრ-ში ადამიანები იძულებულნი იყვნენ ეცხოვრათ მკაცრი და შემზღუდველი რეჟიმით და მათ კონტაქტი არ ჰქონდათ დასავლეთ ბერლინთან.
2. ერიხ ჰონეკერი გადადგება – ის იყო გერმანელი კომუნისტი პოლიტიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას 1971 წლიდან 1989 წლის ნოემბერამდე. იყო დიქტატორი და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქვეყანას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. ის ჩაანაცვლა ეგონ რუდი ერნსტ კრენცმა, რომელიც იყო გერმანიაში ბოლო კომუნისტი პოლიტიკოსი. მას მალევე გადადგომა მოუწია ბერლინის კედლის დაცემის გამო.
3. ბერლინის კედლის დაცემა – 1989 წლის 9 ნოემბერს აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად გადაეკვეთათ საზღვარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს შორის. ამას მოჰყვა ისტორიული მომენტი, როდესაც ათასობით აღმოსავლეთ გერმანელი გადავიდა დასავლეთ ბერლინში და მათ დაანგრიეს ბერლინის კედელი, რომელიც გაყოფის სიმბოლო იყო თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში.
4. საყოველთაო არჩევნები – ეს ჩატარდა 1990 წლის 18 მარტს. ეს იყო პირველი თავისუფალი არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში 1932 წლის შემდეგ .
5. გერმანიის გაერთიანება – ბერლინის კედლის დაცემამ აღნიშნა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის გაერთიანების პროცესის დასაწყისი. 1990 წლის 3 ოქტომბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ოფიციალურად გაერთიანდა. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.
ისტორიული ფილმები, თანაც ორ საათიანი, არ მომწონს და მოველოდი, რომ არც ეს ფილმი იქნებოდა განსაკუთრებული. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ფილმში შესაძლოა იმაზე მეტი აზრი დევს, ვიდრე მხოლოდ ისტორიული მოვლენების ასახვაა. ეს კომედია / დრამა ეხება ძალიან სერიოზულ თემას და ამას ისე მხიარულად გადმოსცემს, რომ ადვილი გასაგები ხდება ის ფართო საზოგადოებისთვის. ადამიანებს გვჩვევია წარსულის განდიდება, რასაც ჩვენ ნოსტალგიას ვუწოდებთ. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგალითად, კომფორტისა და უსაფრთხოების შეგრძნება, ზოგს ენატრება დრო, როდესაც ყველაფერი შედარებით „მარტივი“ იყო, ვინაიდან წარსული ნაცნობია, ხოლო მომავლის მოულოდნელობა ბევრს აშინებს. ამ ყველაფრის გამო ბევრს უყვარს წარსულში ცხოვრება. ფილმი ოსტატურად იკვლევს ადამიანის მიდრეკილებას წარსულის იდეალიზაციისკენ. მთავარი გმირი, ალექსი, ყველა ღონეს ხმარობს საკუთარ სახლში აღმოსავლეთ გერმანიის ცხოვრების სტილის ხელახლა შესაქმნელად, რაც ასახავს იმ დროის ნაცნობი და დამამშვიდებელი ასპექტების შენარჩუნების სურვილს, მიუხედავად მისი ხარვეზებისა. ჩვენი ტვინი იმით არის საოცარი, რომ ხშირად ის ყურადღებას ამახვილებს კარგ მოგონებებზე და ცდილობს დაგვავიწყოს ის ცუდი, რომელიც ადრე გამოვიარეთ. დაგ ლარსონმა თქვა : „ ნოსტალგია ხერხია , რომელიც წარსულის მოგონებებს აშორებს უხეშ კიდეებს.“ ამ ფილმში კრისტიანის ურყევი ერთგულება გდრ-ის სოციალისტური იდეალებისადმი სიმბოლოა ღრმად დამკვიდრებული ნოსტალგიისა წარსულის მიმართ. ის არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს წარსული ადამიანისთვის გაქცევის ფორმად და როგორ ხდება ის ინდივიდებისთვის აწმყოს მკაცრი რეალობისგან დამცავი ფარი. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა ჩაებღაუჭო წარსულს, ის არასოდეს დაბრუნდება, ნოსტალგია კი მანუგეშებელთან ერთად შეიძლება იყოს შემზღუდველი და საბოლოოდ დამანგრეველი. ის დამამშვიდებელია გაურკვევლობის დროს, თუმცა ბოლოს აუცილებელი ხდება რეალობასთან დაპირისპირება და ცვლილებებთან შეგუება. როდესაც კრისტიანი ბერლინის გადატვირთულ ქუჩებს უყურებს და ხვდება, რომ მისი ილუზიები დაიმსხვრა, ის აღიარებს, რომ სამყარო, რომელსაც ოდესღაც იცნობდა, შეიცვალა. და მაინც, ამ სიცხადის მომენტში, არსებობს იმედის ნაპერწკალი. მიუხედავად იმისა, რომ წარსული შეიძლება წასულიყო, მომავალი კვლავ სავსეა შესაძლებლობებით. მაშ, საჭიროა დაიჭირო ბალანსი. რა თქმა უნდა, უნდა გახსოვდეს წარსული („ვისაც წარსული არ ახსოვს, განწირულია მისი გამეორებით“ – ჯორჯ სანტაიანა), თუმცა საჭიროა ბალანსის პოვნა. მესმის, რომ მარტივია იცხოვრი კომფორტულ ილუზიაში, მაგრამ ის მალე დაიმსხვრევა. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ წარსულის გაშვება, სიახლეებთან შეგუება და მომავალს იმედიანად უნდა შევხედოთ. რაღაცასთან დაშორება არ არის მარტივი, მაგრამ პროგრესისთვის აუცილებელია. „ადამიანის ცხოვრება ველოსიპედის ტარებასავითაა. მხოლოდ მოძრაობისას შეგიძლია კომფორტულად შეინარჩუნო ბალანსი.“ – ალბერტ აინშტაინი.