სტატიის ავტორი – მარიამ სიმონიძე

გიორგი მთაწმინდელი, ასევე ცნობილი, როგორც გიორგი ათონელი, მეთერთმეტე საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი და ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი იყო. ის დაიბადა 1009 წელს თრიალეთში ღვთისმოშიშ ოჯახში. 10 წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო კერად მიიჩნეოდა. გიორგის გონიერებამ და გულის სიწმინდემ თავიდანვე მიიპყრო ხახულელი ბერების ყურადღება. მისი წვლილი ქართული კულტურისა და ეკლესიის განვითარებაში ფასდაუდებელია. გიორგი ათონელი ექვთიმე ათონელის საქმის გამგრძელებლად მიიჩნევა. მან ბერძნული ენა კონსტანტინოპოში ცხოვრებისას შეისწავლა, რაც მომავალში მოძღვრის – გიორგი შეყენებულის დავალების განხორციელებაში დაეხმარა – რაც გულისხმობდა საღმრთო წიგნთა ქართულად თარგმნას.
მოძღვარი ამჩნევდა, რომ გიორგი მთაწმინდელი თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ის შავ მთაზე რთულ სამუშაოს ასრულებდა – თავლას აწესრიგებდა, ნაგავს ეზიდებოდა. ამასთან მუდამ მხურვალედ ლოცულობდა და ბევრს კითხულობდა. სწორედ, ამიტომ დაჟინებით ცდილობდა გიორგი შეყენებული მოწაფისთვის შესაფერისი მიმართულება მიეცა, რათა სრულყოფილად გამოევლინა თავისი სულიერ-შემოქმედებითი შესაძლებლობები. ამ განზრახვით გიორგი შეყენებულმა მთაწმინდელი იერუსალიმის მოსალოცად წარგზავნა, შემდეგ კი ათონის მთაზე, სადაც ექვთიმე ათონელის დაწყებული საქმე უნდა დაესრულებინა. გიორგი მთაწმინდელი მთარგმნელის გარდა თავადაც წერდა. მისი ნამუშევარია ,,ექვთიმე ათონელის ცხოვრება’’, რომელიც ჰაგიოგრაფიის მნიშვნელოვან ძეგლად მიიჩნევა.
განსაკუთრებით, აღსანიშნავია, გიორგი ათონელის წვლილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვაში. მეთერთმეტე საუკუნეში ანტიოქიის პატრიარქმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა. ის ამტკიცებდა, რომ ვინაიდან საქართველოში არცერთ მოციქულს არ უქადაგია, ქართლის ეკლესია ანტიოქიის საპატრიაქროს უნდა დამორჩილებოდა. გიორგი მთაწმინდელისა და ანტიოქიის პატრიარქის დაპირისპირება აღწერილია „გიორგი ათონელის ცხოვრებაში“ მოცემული წყაროს მიხედვით, ანტიოქიის პატრიარქს სხვებმა მოუწოდეს საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებისკენ.
,, – ვითარ ესე, მეუფეო, რომელ ეკლესიანი და მღვდელთმოძღვარნი ქართლისანი არა რომლისა პატრეაქისა ხელმწიფებასა ქვეშე არიან და ყოველნი საეკლესიონი წესნი მათ მიერ განეგებიან და თვით დაისვამენ კათალიკოსთა, ებისკოპოსთა! და არა სამართალ არს ესე, რამეთუ ათორმეტთა მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქვეყანასა მათსა.’’
ნაწყვეტი გვამცნობს, რომ ამ საუბრის შემდეგ ანტიოქიის პატრიარქმა გიორგი მთაწმინდელი დაიბარა, გააცნო თავისი პოზიცია, თუ მოთხოვნა და მოუწოდა ეს ინფრომაცია მეფისათვის გადაეცა. გიორგი ათონელი გააფრთხილა, რომ მეფის მიერ მისი დანაბარების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ქრისტიანული ცენტრის სხვა სულიერ მმართველებსაც აუწყებდა, რომ საქართველოში ქრისტეს მოციქულებს არ უქადაგიათ ეს სარწმუნოება. საპასუხოდ, გიორგიმ ითხოვა მათთვის მიეტანათ წიგნი „მიმოსლვაი ანდრია მოციქულისაი“ . პატრიარქმა ქართველ ბერს, თეოფილეს უბრძანა მისთვის წიგნის მიტანა. სწორედ, ამ ეპიზოდში ჩანს გიორგი ათონელს ისტორიული და თეოლოგიური არგუმენტები, რომლებიც მას მშობლიური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვებში დაეხმარა. მთელი დროის განმავლობაში მშვიდად იცავდა თავის პოზიციას. პატრიარქს აუხსნა, რომ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა იქადაგეს ქრისტეს სწავლება საქართველოში, სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ კი ქვეყანა სარწმუნოებისგან არასდროს განდგომილა, ხალხი ერთგულად მორჩილებდა ქრისტეს რჯულს.
ანტიოქიის პატრიარქი გააოგნა და მოხიბლა გიორგი ათონელის მსჯელობამ, მისი სიტყვები მდინარის მგსავსად უწყვეტად მიედინებოდა საუბრისას. მისი მოსმენის შემდეგ პატრიარქმა აღიარა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რაც იმ პერიოდში ქვეყნის სუვერენიტეტის ტოლფასი იყო.
„ – აწ, უკეთუ ჯერ არს, დაგემორჩილნეთ, და რეცა განცხრომით ჰრქვა პატრეაქსა: „წმინდაო მეუფეო, შვენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს’’.
გიორგი ათონელის ურთიერთობამ ბაგრატ მეოთხესთან განამტკიცა სამეფო ხელისუფლების გავლენა საეკლესიო ფენაზე. ბაგრატ IV-მ 1060 – იან წლებში მთაწმინდელი საქართველოში მოიწვია საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად და მას ჭყონდიდელის თანანმდებობაც შესთავაზა. გიორგიმ მეფის თხოვნა შეასრულა, სამშობლოში დაბრუნდა და ხუთი წლის განმავლობაში იღვწოდა. მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება და დაამკვიდრა ათონის მთაზე არსებული წესები. ბაგრატ lV ის მრჩეველი და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე გახდა, ის ხშირად შუამავლობდა მეფესა და ურჩ ფეოდალებს შორის. რამდენიმე წლის განმავლობაში გაწეული დახმარების მიუხედავად გიორგი ათონელმა უარი თქვა ჭყონდიდლის თანამდებობაზე და ათონის მთაზე დაბრუნება არჩია, თუმცა დაბრუნებისას მეფის თანხმობითა და მხარდაჭერით თან წაიყვანა ოთხმოცი ობოლი ბავშვი ბიზანტიაში აღსაზრდელად და განათლების მისაღებად, რითაც ფაქტობივად საძირკველი ჩაუყარა ქართულ საგანმანათლებლო მიგრაციას.
გიორგი მთაწმინდელი გამორჩეული მოღვაწეა საქართველოს ისტორიაში, მან მრავალმხრივ განავითარა ქვეყანა სასულიერო, საერო, საგანმანათლებლო თუ ლიტერატურული კუთხით.