სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი
“We don’t need no education
We don’t need no thought control”
ჩვენნაირ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დასავლური განათლების კულტირება მეტად აქტუალური იყო. საბჭოთა პერიოდში ჩვენ, თავისუფლებაწართმეულებს, განვითარებული დასავლეთის განათლების სისტემა თავისუფლების იდეალად წარმოგვედგინა, თუმცა ეს დამოკიდებულება დაამსხვრია 1979 წელს ინგლისური როკ-ჯგუფის, “პინკ ფლოიდის”, მიერ შექმნილმა სიმღერამ ალბომიდან “The Wall”, რომელიც მყისიერად იქცა ჰიტად და რამდენიმე ქვეყანაში ჩარტების პირველი ადგილიც დაიკავა. სიმღერაში “მორიგი აგური კედელში” დასავლეთის განათლების სისტემის მძაფრი კრიტიკა ისმის.
სათაური “მორიგი აგური კედელში” სიმბოლურად მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდები დიდი, მჩაგვრელი სისტემის მსხვერპლნი არიან. „კედელი“ წარმოადგენს სხვადასხვა სოციალურ ბარიერსა და ინსტიტუციას, რომლებიც ზღუდავენ და აკონტროლებენ ინდივიდებს. კედელში თითოეული “აგური” კი იმ მოსწავლეთა მეტაფორული სახეა, რომლებიც ამ სასტიკი, პიროვნების მომსპობი რეჟიმის მსხვერპლად გვევლინებიან.
ეს კედელი ხელს უშლის ადამიანებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი და აირჩიონ თავიანთი გზა.
ვიდეოკლიპში, რომელიც ამ სიმღერაზეა გადაღებული, წარმოდგენილია არაერთი შემაძრწუნებელი სცენა სასტიკი განათლების სისტემის ასახვის მიზნით. ვხედავთ, თუ როგორ შედიან აგურით ნაშენებ გვირაბში მოსწავლეები და თვალს ვადევნებთ მათ მეტამორფოზას – ჩვეულებრივი ბავშვებიდან ისინი გადაიქცევიან სულამორთმეულ რობოტებად. წარმოდგენილია სკოლის ადმინისტრაცია, ერთნაირი მკაცრი გამომეტყველების მქონე მასწავლებლები, რომლებიც აიძულებენ ბავშვებს, გაიარონ ხორცსაკეპ მანქანაში და მისი მეშვეობით ერთი ტიპის “ხორცად” ჩამოყალიბდნენ. სკოლა ჰგავს აგურის კედლებით გატიხრულ საწყობს. კლიპის დასასრულს პროტესტის გამოხატვის მიზნით მოსწავლეები ერთგვაროვან ნიღბებს გადაყრიან, ანადგურებენ სკოლის ნივთებს, მის ინფრასტრუქტურას…
როგორც ვხედავთ, “მორიგი აგური კედელში” იკვლევს ჩაგვრის, კონფორმიზმისა და ავტორიტარული განათლების დეჰუმანიზაციის ხასიათს. არაერთხელ გამეორებულმა რეფრენმა “ჩვენ არ გვჭირდება განათლება” დიდი რეზონანსი გამოიწვია სამიზნე აუდიტორიაში, დაიპყრო ახალგაზრდობის მეამბოხე სული და დიდი აყალმაყალი ატეხა საზოგადოებაში. ეს სიმღერა გახდა ჰიმნი კონტრკულტურული მოძრაობებისთვის.
საინტერესო ისაა, რომ “პინკ ფლოიდი” ამ სიმღერით არა რომელიმე საბჭოური ქვეყნის, არამედ დასავლური განათლების სისტემას შეეხო.
თუ ჩვენი მასწავლებლები საბჭოთა წარსულიდან მოდიან და ევროპელი მასწავლებლები თავისუფალი საზოგადოების შვილები არიან,
თუ ჩვენი ეკონომიკა ჩამორჩენილია და მათი – წამყვანი,
თუ ჩვენს საზოგადოებას ქმნის ვიწრო თვალსაწიერის, სტერეოტიპული შეხედულებების მქონე ადამიანები, დასავლურს კი უფრო თავისუფალი, პროგრესულად მოაზროვნე ხალხი,
თუ ჩვენი მთავრობა ცუდია და იქაური – კარგი,
თუ ჩვენი რეფორმები არამიზნობრივია, დასავლეთისა კი – მიზნობრივი, მაშინ…
რატომ ჰგავს პინკ ფლოიდის თვალით დანახული დასავლური განათლების სისტემა ჩვენს სისტემას?
უცნაურია, არა? ის, რასაც ჩვენი საზოგადოება აიდეალებს, სინამდვილეში არც ისეთი იდეალური ყოფილა…
ამრიგად, განათლების სისტემის საკითხი არა მარტო განვითარებადი ქვეყნების, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც ყოფილა.
მოდი, კარგად დავფიქრდეთ… იქნებ პრობლემა არა განათლების სისტემაში, არამედ მის განხორციელებაშია. იქნებ ე.წ. ვერტმფრენის ხედვა ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია – რაც უფრო უახლოვდები მიწას, უფრო უკეთესად აღიქვამ დეტალებს… იქნებ პრობლემას საბოლოოდ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობამდე, ანუ საგაკვეთილო პროცესამდე მივყავართ. რაც არ უნდა იდეალური განათლების სისტემა შევქმნათ, თუ ინდივიდების პასუხისმგებლობის დონეზე არ დავიყვანთ, სისტემა ჩანასახშივე განწირული იქნება.
საგაკვეთილო პროცესი უნდა იყოს აზრთა მიმოცვლა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის და არა მასწავლებლის მხრიდან დოგმირებული, დროში გამოცდილი განმარტებების სწავლება და შემდომში კატეგორიული მოთხოვნა, რომ ბავშვებმა ისინი „დაიზუთხონ“ . მასწავლებლის მისიაა, ასწავლოს, მოითხოვოს და ამით ბავშვს გამოიმუშავოს უნარი თავისუფალი აზროვნებისა, რომელიც შემდგომ მის ინდივიდუალობას განაპირობებს და დაეხმარება ცხოვრებისეული გზის გაკვალვაში. მეორეს მხრივ, მოსწავლესაც აკისრია მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და გაცნობიერების პასუხისმგებლობა, იმის გააზრება, რომ სწავლობ არა იმისთვის, რომ ნიშანი მიიღო, არამედ იმისთვის, რომ განვითარდე. მოსწავლის მიზანი უნდა იყოს, მოითხოვოს სწავლება და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება.
ამრიგად, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ხარისხიანი განათლების სისტემას, რომელიც მოზარდებს ამოიყვანს ხორცსაკეპი მანქანიდან და ჩამოხსნის ერთგვაროვან ნიღბებს. სწორედ ასეთი მიდგომა ემსახურება ანალიტიკური აზროვნებისა და თავისუფალი განსჯის უნარის განვითარებას პიროვნებაში, რაც, თავის მხრივ, საბოლოოდ პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებასა და ძლიერ სახელმწიფოს ქმნის.