უკვე დიდი ხანია ჩემი შიშები ჩემთან ერთად ცხოვრობენ. არა, მე არ მინდა, რომ აქ იყვნენ, უბრალოდ ვერც ვუშვებ. სხვათაშორის, მქონდა შანსი, რომ გამეძევებინა ყველა ერთად, მაგრამ ეგ შანსიც გავუშვი და ახლა გაჭედილი ვარ მარადისობაში და ჩემი შიშები ჯაბნიან ჩემს სურვილებს. რომ ვთქვა, ეს არ მსიამოვნებს-მეთქი, მოვიტყუები, პირიქით, შიშები რაღაცნაირად დაცულად მაგრძნობინებენ თავს. სურვილი ცაში გაფანტული ამოსუნთქვაა, აი, შიში კი საბურველია, საბურველია, რომელიც თავიდან გაღიზიანებს, გინდა მოიშორო, სამუდამდ გააქრო და წაშალო მისი არსებობა შენი ცხოვრებიდან, მაგრამ ამას ზედმეტი შრომა სჭირდება, სრულიად ფუჭი და არაფრისმომცემი ძალისხმევა, მერე ნელ-ნელა ეჩვევი ამ საბურველს და ისეთი საშინელიც აღარ გეჩვენება, თავს არწმუნებ, რომ ბედნიერი ხარ, შიშები გაძლევენ საშუალებას უაზრო რისკებზე არ წახვიდე და გონებას მოუხმო მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გერთულება. ნელ-ნელა ყველა გრძნობა ერთად გტოვებს და ცარიელდები, ექო ხარ, მაგრამ თავს ისევ ამხნევებ.
და ერთ გადამწყვეტ მომენტში ხვდები, რომ შიშები არ გიცავდნენ, სურვილებს კი შენთვის ცუდი უნდოდათ. უბედური ხარ და ამის გამოსასწორებლად არაფრის გაკეთება შეგიძლია. ის ექო, რომლადაც იქეცი, გჭამს და ჭაობში გითრევს. გინდა, რომ რაღაც შეცვალო და ისევ ხელთიპყრო ის, რასაც ამდენი ხანი ემალებოდი – ბედნიერება.