სტატიის ავტორი: ლიზი საყვარელიძე
„კაენი უფალს გააფთრებით ეომება, იბრძვის, ფართხალებს, თითქოს რვაფეხას თავისი მჭიდე საცეცებით შეუპყრიაო და ახლანდელი მისი მსხვერპლნი, შორს, წარსულში დარჩენილი აბელის მსგავსად, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მოკვლის მცდელობებია”.
ჩვენი სამყარო მეტად პრიმიტიული უნდა ყოფილიყო, უდანაშაულოს სისხლი სულ პირველად რომ დაიღვარა. იმ ნიაღვარს ძმის მკვლელის ცრემლიც შეერია და ემოციათა მორევად გადაიქცა. სწორედ აქ დაიწერა ისტორია ძმებისა, რომელთაგან ერთი უფლის საყვარელი აბელი იყო, მეორე კი – მისი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაუძინებელი მტერი კაენი. ისინი ადამისა და ევას შთამომავლნი იყვნენ, თითქოს არაფრით გამორჩეულნი. უფროსი ძმა, კაენი, მიწათმოქმედი იყო და მოსავალს იღებდა. უმცროსი კი, აბელი, მეცხოველეობით იყო გატაცებული. ორივე მათგანი მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, ხშირად სწირავდნენ უფალს საკლავსა და სხვადასხვა მონაპოვარს. ერთ დღესაც აბელის საუკეთესო ცხვარი ღმერთმა სიხარულით მიიღო, კაენის მოსავალი კი იუკადრისა. უფალზე განრისხებულმა კაენმა შურისგან ხელი სტაცა იარაღს და უმცროს ძმას სული გააფრთხობინა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეა ცნობილი. პორტუგალიელმა მწერალმა ჟოზე სარამაგუმ თავის უკანასკნელ რომანში ამავე ისტორიის სულ სხვაგვარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა და დასვა შეკითხვა – რა მოხდებოდა, ანტაგონისტს რომ აღეწერა თითოეული ფაქტი და იქნებოდა თუ არა ისევ ისეთი ბოროტმოქმედი, როგორადაც ხალხი ხედავს?
სარამაგუს “კაენში” დანაშაულის მაპროვოცირებელი სხვადასხვა ფაქტორი იკვეთება. მაგალითად: აბელი თავმომწონე და ბაქიბუქაა; იგი ძმის სულიერ მდგომარეობას მხედველობაში არ იღებს და ჭრილობაზე მარილს აყრის დამცინავი რეპლიკებით. უფალი უსამართლობასა და ქედმაღლობას ამჟღავნებს, ერთი ჭაბუკის შრომას დააფასებს, მეორისას კი უგულებელყოფს. სწორედ ეს ხდება კაენისთვის საკუთარ რწმენაში დაეჭვების მიზეზი; თუკი ღმერთი სრულყოფილი და შეუმცდარია, რატომ არ იღებს უფროსი ვაჟის ძღვენს? ცნობიერების ამღვრევა, სულიერი და ემოციური დისბალანსი, ძმის მკრეხელობა – ეს გარემოებები უბიძგებს ტრაგიკულ გმირს, სასტიკად გაუსწორდეს საკუთარ სისხლსა და ხორცს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მართალია ის, ვინც ამბავს ჰყვება, თუმცა განა ყოველთვის ასეა? მე თუ მკითხავთ, კაენი ნამდვილად დამნაშავეა, ძმის სისხლში აქვს ხელები გასვრილი. კი, იცრუა, ხორციელ სიამოვნებასაც მიეცა, გაწირა ყველა და ყველაფერი, გულიდან ამოიშალა მშობელთა ხსოვნა… მაგრამ მონეტას მეორე მხარეც ხომ უნდა ჰქონდეს? დავეჭვდებოდი, ამდენი ცოდვა ჩაუდენია და რა მონეტის მეორე მხარეზეა საუბარი-მეთქი, ვიკითხავდი. წილი ნაყარია, კაენი დამნაშავეა. მერე რა, რომ უფალმა მისი უმცროსი ძმა უფრო შეიყვარა? მოკვდავმა რა დაგიშავა, მაგისთვის ვინ კლავს კაცს. და თუ აბელი მკვეხარა და აბეზარია? მაშინ კაენს თავმოყვარეობა არ აქვს ან ადამიანი არაა? შესცოდა, უდავოდ. აფექტის მდგომარეობაში, მაგრამ მაინც. ეგეც საკმარისია, კაცი მყისვე ბოროტმოქმედად რომ იქცეს. იქნებ სულაც არაა კაენი ანტაგონისტი, თუმცა რაღა აზრი აქვს მტყუან-მართლის გარჩევას, სახელი ერთხელ რომ ამოისვრება ლაფში, მუდამ ასე დარჩება. რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ თითოეული ჩვენგანი მარტივად აკრავს სხვებს იარლიყებს, თუმცა ამ კაცის თვალებით ცქერას ან მისი ყურებით სმენას კი არავინ ცდილობს. საბოლოოდ, ადამიანი მაინც ეგოისტი არსებაა და საკუთარ სხეულში მოლხენა ურჩევნია სხვისაში ქვითინს. სწორედ ამიტომ მიტაცებს ისეთი წიგნები, რომლებშიც არც დაუმარცხებელი რაინდები არიან და არც – სრულყოფილი დედოფლები. განა საინტერესო არაა მოსმენა ნაცნობი ისტორიებისა, რომლებიც სულ სხვაგვარად შეუგრძნია ანტაგონისტს? ასე აქვს დახატული სარამაგუსაც კაენის ამბავი, არათუ ზერელედ, არამედ – მოკლედ და დამაჯერებლად.
არ მიყვარს წიგნის დასასრულზე წერა, თუმცა ახლა ამას ვერსად გავექცევი. რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ ყველაფერს, თუმცა უდავოდ უნდა გაგიზიაროთ ციტატა უკანასკნელი საუბრიდან. შემოქმედი განრისხებულია, იგი სიტყვას ვერ დაარღვევს და კაენს ვერ მოკლავს, თუმცა წინასწარმეტყველებს, რომ იგი მაინც დალევს სულს, მის ლეშს კი სვავები შეექცევიან. კაენის პასუხმა გული გამიპო და თანაგრძნობის სურვილით ამავსო: “სვავები რაა, შენ მე სული ამომიჭამე!” ახლაც კაენია ანტიგმირი, რომელიც მუდამ ხიფათს ამთხვევს გარშემომყოფებს? განა ესაა სახე კაცისა, რომელსაც გული ბოროტებით ავსებია? იგი იმდენ ხანს იტანჯა, რომ ბოლოს დარდი შიგნით ვეღარ დაიტია და მისგან მხოლოდ ჯავრიღა დარჩა. ასე რომ, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა (ან არ – მრწამსისა), იმედია, მხარს ამიბამთ და დამეთანხმებით, რომ არც არავინაა ჭეშმარიტად ღირსეული და არც არავინაა ჭეშმარიტად ბოროტმოქმედი. დღის ბოლოს სიმართლე მის მხარესაა, ვისაც ხელთ ყველაზე მჭრელი იარაღი, კალამი, უპყრია.