კრებულის შემდგენელი: გია მურღულია
“სიბრძნე მინიატურაში” საქართველოში უკვე პოპულარული წიგნის სათაურია. ის 2010 წელს გამოსცა “ტრიასმა” – საგამომცემლო სახლმა. ამ წიგნში სხვადასხვა დროისა და ხალხის 140-მდე ფილოსოფიური იგავია შეტანილი – ისინი მე შევარჩიე რამდენიმე ათასიდან, რომლებსაც თვეების განმავლობაში ვეცნობოდი.
ადამიანებს ხიბლავს სიბრძნე, მაგრამ ნაკლებად იზიდავს მუშაობა მის დასაუფლებლად. მსოფლიოს გამორჩეული მოაზროვნეები ცდილობდნენ, ეს პროცესი შედარებით მაინც გაეიოლებინათ ანუ რთული მარტივით გადმოეცათ. ეს კარგი მცდელობები იყო – სინათლე, მკაფიოობა და ლაკონიურობა ნამდვილი გონიერების თვისებებია. ამ წიგნში წარმოდგენილი იგავები, მცირე მხატვრული ტექსტები, მოზარდებისათვის ინტელექტუალური და ზნეობრივი წვრთნის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ხოლო ახალგაზრდებისა და შედარებით ასაკოვანი ხალხისთვის – ჭეშმარიტებასთან ზიარებისა და ესთეტიკური ტკბობის საგანი.
ამ იგავებთან შეხება თანაბრად სასიამოვნო და სასარგებლოა გონებისთვის და გულისთვისაც – სიბრძნე ხომ მხოლოდ “გონიერი გულის” (სოლომონ ბრძენის სიტყვებია, რომლებიც რუსთველმაც ახსენა „ვეფხისტყაოსანში“) მქონე ადამიანს ეჩვენება სრული სახით. ვფიქრობ, მშობლები, მასწავლებლები, უფროსი მეგობრები კარგ საქმეს გააკეთებენ, თუკი წიგნის იგავებს გააცნობენ ბავშვებს, მოსწავლეებს და ესაუბრებიან მათ იმ ძალიან საინტერესო და მუდმივად თანამედროვე თემებზე,რომლებიც აქ უხვად არის წარმოდგენილი.
ჟამითიჟამად რამდენიმე იგავს გავაცნობ ჩემი ბლოგის სტუმრებს – ის, რაც ადამიანს არ აბერებს, თვითონაც არასდროს ბერდება. ვიფიქროთ ამ იგავებზე – როდესაც ჩვენს შვილებს ვასწავლით, ჩვენც ვსწავლობთ. აქაც შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება თუ ამა თუ იმ იგავის მიმართ დამოკიდებულება ან განწყობა გამოხატოთ – იქნებ ერთმანეთისაგანაც ვისწავლოთ ბევრი რამ.
შ ე ნ ი ჯ ვ ა რ ი
ერთ კაცს ეჩვენებოდა, რომ ძალიან მძიმე და რთული ცხოვრებით ცხოვრობდა. უფალს ეახლა და სთხოვა:
– შეიძლება ჩემი ჯვარი ავირჩიო?
ღმერთმა ღიმილიანი სახით შეხედა, ჯვართა საცავში შეიყვანა და ნება დართო, აერჩია.
კაცმა გაკვირვებით მიმოიხედა ირგვლივ. როგორ ჯვარს არ ნახავდით აქ – პატარებს, დიდებსა თუ საშუალო ზომის, მსუბუქებსა თუ მძიმეებს. დიდხანს არჩევდა იგი და, როგორც იქნა, იპოვა ყველაზე პატარა და მსუბუქზე მსუბუქი ჯვარი. მივიდა უფალთან და უთხრა:
– რერთო, შეიძლება ეს ჯვარი ავიღო?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ღმერთმა, – სწორედ ეგ არის შენი ჯვარი.
უ მ ა ღ ლ ე ს ი ო ს ტ ა ტ ო ბ ა
ერთხელ ჩინური საბრძოლო ხელოვნების მოხუც მასწავლებელთან ევროპელი მოწაფე მივიდა და ჰკითხა:
– მასწავლებელო, კრივსა და ფრანგულ ორთაბრძოლაში ჩემი ქვეყნის ჩემპიონი ვარ – კიდევ რა შეგიძლიათ მასწავლოთ?
ძველი ოსტატი ერთხანს დუმდა, შემდეგ გაიღიმა და თქვა:
– წარმოიდგინე, რომ ქალაქში სეირნობისას თავი ამოყავი ქუჩაზე, სადაც მძარცველები ჩაგისაფრდნენ და მოუთმენლად გელიან, როდის გამოჩნდები, რათა გაგძარცვონ და ნეკნები ჩაგიმტვრიონ. ჰოდა, მე გასწავლი, როგორ არ უნდა მოხვდე ასეთ ქუჩაზე.
ხანძარი ტყეში
ერთხელ ტყეს ცეცხლი გაუჩნდა ყველა ნადირი გამორბოდა. მხოლოდ ერთი პატარა ჩიტი ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას – თავისი პაწაწინა ნისკარტით წყალი წვეთ-წვეთად მიჰქონდა და ცეცხლს ასხამდა.
ჩიტს ჰკითხეს:
– რას შვრები? ნუთუ გგონია, რომ შენი მცდელობით ხანძარს ჩააქრობ?
ჩიტმა უპასუხა:
– ალბათ, ვერ ჩავაქრობ, მაგრამ რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ.
კედელი
ამერიკელი ჟურნალისტი იერუსალიმში გაემგზავრა, რომ ებრაელთა სახელმწიფოზე სტატია დაეწერა. ნომერი იერუსალიმის საუკეთესო სასტუმროში დაჯავშნა. მისი ოთახის ფანჯრები პირდაპირ გოდების კედელს უყურებდა. ჩასვლისთანავე ჟურნალისტმა შენიშნა, რომ ერთი ბერიკაცი ყოველ დილით და ნაშუადღევს გოდების კედელთან მოდიოდა და გულმხურვალედ ლოცულობდა. რამდენიმე კვირა ასე გრძელდებოდა. ჟურნალისტმა გადაწყვიტა, ამ მოხუც ებრაელს გასაუბრებოდა და ინტერვიუ ჩაეწერა. მივიდა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ შევამჩნიე, რომ ყოველდღე მოდიხართ გოდების კედელთან. დიდი ხანია, რაც აქ სალოცავად დადიხართ?
– უკვე ორმოცი წელია, – თავაზიანად უპასუხა ბერიკაცმა.
– და, რაზე ლოცულობთ? – ჰკითხა ჟურნალისტმა.
– დილით უფალს მთელ მსოფლიოში მშვიდობას შევთხოვ, მერე კი შინ ვბრუნდები. ნაშუადღევს ისევ მოვდივარ და ყველა ავადმყოფობის მოსპობას ვევედრები მაღალ ღმერთს.
– და… რას გრძნობთ მთელი ამ ორმოცი წლის განმავლობაში?
– ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ორმოცი წელი კედელს ველაპარაკები.
ოსტატი და ჩაის ფინჯანი
ერთი ჩინელი ოსტატი (სიბრძნის მოძღვარი) თავის მოწაფეებთან ერთად მოგზაურობდა ისე, რომ ისინი თავიანთ ვინაობას არ ამხელდნენ. ღამის გასათევად ერთ-ერთ ქარვასლაში გაჩერდნენ. დილით ქარვასლის მეპატრონემ ჩაი და საუზმე შემოუტანა. ჭამის დროს მასპინძელი მოულოდნელად ოსტატის ფერხთით დაემხო და დიდი მოწიწება გამოხატა. მოწაფეებს ეს ძალიან გაუკვირდათ – საიდან უნდა სცოდნოდა ქარვასლის პატრონს, რომ მათ შორის ოსტატი იმყოფებოდა? – ის ხომ არც ასაკით, არც ტანსაცმლით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან. ვერ მიმხვდარიყვნენ, ვინ გასცა მათი საიდუმლო. ოსტატს გაეცინა და მოწაფეებს უთხრა:
– ნუ გიკვირთ, თვითონ მას ჰკითხეთ, როგორ მიცნო.
მოწაფეები ქარვასლის პატრონს მიუბრუნდნენ და ჰკითხეს:
– როგორ გაიგე, რომ ჩვენ შორის ოსტატი იყო?
არ შეიძლებოდა ვერ მივმხვდარიყავი, – უპასუხა მან მოწაფეებს, – ამდენი წელია სტუმრებს სუფრას ვუშლი. ათასობით კაცი მინახავს, მაგრამ ისეთი ადამიანი არასოდეს შემხვედრია, რომელსაც ასეთი სიყვარულით ეცქიროს ჩაის ფინჯნისთვის.