სტატიის ავტორი: სოფო წვერაიძე
მძაფრსიუჟეტიანი, მისტიკა, ფენტეზი, დრამა, კომედია, თრილერი – დღესდღეობით ეს და სხვა ჟანრის ფილმები დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ზოგი რაღაცას გვასწავლის, ზოგი უბრალოდ გვართობს, ზოგი რაღაცაზე გვაფიქრებს, მოტივაციას გვაძლევს, ცხოვრებას გვაყვარებს.
ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მუსიკაა, ის ერთგვარ განწყობას, ესთეტიკას სძენს ფილმს და ავსებს. წარმოუდგენელია ფილმი მუსიკის გარეშე, რადგან ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სცენარი ან მსახიობი. ძალიან ბევრი ჩვენთვის საყვარელი ფილმი შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ მისთვის დაწერილი მუსიკალური ნაწარმოებების გარეშე, მაგალითად, „ჰარი პოტერი“. სწორედ ამ და სხვა ცნობილი ფილმებისთვის დაწერილი მუსიკის ავტორებზე ვისაუბრებ ამ სტატიაში.
ენიო მორიკონე
ენიო მორიკონე დაიბადა 1928 წლის 10 ნოემბერს რომში. იგი ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორია, რომელმაც კომპოზიციები ჩვენთვის ცნობილი არაერთი ფილმისთვის დაწერა. ესენია: „მოკალი ბილი” (“Kill Bill”), “ახალი კინოთეატრი „პარადისო“ (“Cinema Paradiso”), „ერთხელ ამერიკაში“ (“Once Upon A Time In America”), (“The Hateful Eight”), „ერთხელ დასავლეთში“ (“Once Upon A Time In The West”), „მისია“ (“The Mission”) “Duck, You Sucker!”და სხვ.
მიუხედავად სხვა ნაწარმოებებისა, ის საზოგადოებამ სერჯიო ლეონეს ძველი ტრილოგიისთვის – „ერთი პეშვი დოლარი“ (“A Fistful Of Dollars”), “რამდენიმე დოლარით მეტი“ (“A Few Dollars More”), „კარგი, ცუდი და ბოროტი“ (“The Good, the Bad and the Ugly”) ფილმებისთვის შექნილი მუსიკით გაიცნო.
მორიკონე ნაწარმოებებს ხშირად არა ფორტეპიანოსთან, არამედ უბრალოდ მაგიდასთან წერდა. მუსიკა პირდაპირ ესმოდა და თითოეულ საკრავს თავის პარტიას ასე უწერდა. მან არამხოლოდ დაწერა, არამედ გააორკესტრა სიმღერები ბევრი ცნობილი მომღერლისთვის. პირველი კომპოზიცია 6 წლის ასაკში შექმნა.
თავის სიცოცხლეში 400-მდე თემა დაწერა ფილმებისა თუ სხვა სატელევიზიო პროდუქციისთვის და მოიგო ერთი „ოსკარი“, ორი „ოქროს გლობუსი“ და სხვა საერთაშორისო ჯილდო.
ჯოვანი „ნინო“ როტა
ჯოვანი როტა, ასევე ცნობილი, როგორც „ნინო“ როტა, იყო იტალიელი კომპოზიტორი, დირიჟორი, აკადემიკოსი და პიანისტი. დაიბადა 1911 წლის 3 დეკემბერს მილანში. იგი გამორჩეულად ნიჭიერი იყო. პირველი ორატორია (დიდი ზომის ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია ორკესტრისთვის, გუნდისა და სოლისტებისთვის) 11 წლის ასაკში დაწერა. ის კინოინდუსტრიაში ცნობილი იყო განსაკთრებული შესაძლებლობით, ემუშავა ბევრ ფილმზე საკმაოდ მცირე დროში.
ცნობადობა სწორედ კინომუსიკის წერამ მოუტანა. მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები ფრედერიკო ფელინისა და ლუკინო ვისკონტის ფილმებშია. ესენია: „ნათლია“ (“The Godfather”) (სამივე ნაწილი), „ტკბილი ცხოვრება“ ( “La Dolce Vita”), „რომეო და ჯულიეტა“ (“Romeo and Juliet”), “81/2”, „ქუჩა“ (“La Strada”), „ვოტერლოო“ (“Waterloo”)და სხვა.
ჯოვანი როტამ კინომუსიკის გარდა დაწერა ათამდე ოპერა, ხუთი ბალეტი და რამდენიმე საორკესტრო, კამერული თუ საგუნდო ნაწარმოები.
“როდესაც მე ფორტეპიანოსთან ვწერ, ბედნიერი ვარ. თუმცა როგორ შეიძლება ვიყოთ ბედნიერები, როდესაც სხვები უბედურები არიან? ყველაფერს ვიზამდი, ადამიანებისთვის 1 წამით ბედნიერების შესაქმნელად. სწორედ ესაა ჩემს მუსიკაში.“
ჯონ უილიამსი
ჯონ უილიამსი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი, რომელმაც მუსიკა ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ფილმებისთვის დაწერა. ესენია: „ვარსკვლავური ომები“ („Star Wars”), „ჰარი პოტერი“ (“Harry Potter”) (პირველი სამი ნაწილი), „მარტო სახლში“ (“Home Alone”) (პირველი და მეორე ნაწილები), „შინდლერის სია“ (“The Schindler’s List”), „ინდიანა ჯოუნსი“ (“Indiana Jones”), „სუპერმენი“(“Superman”), „ყბები“ (“Jaws”), „უცხოპლანეტელი“ (“E.T -the Extra-Terrestrial”) და სხვა.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანის გარეშე ჩამოთვლილ ფილმები ასეთი საყვარელი არ იქნებოდა ჩვენთვის. მის თითოეულ ნაწარმოებში იგრძნობა ფილმის ხასიათი, განწყობა თუ მნიშვნელობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯონ უილიამსმა შეძლო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჟანრის ფილმების ხასიათი ზუსტად გადმოეცა საკუთარ ნაწარმოებებში და გვაჩუქა ჩვენთვის საყვარელი თემები, როგორებიცაა: „Somewhere In My Memory“ – ფილმიდან „მარტო სახლში“, “Main Title”- ფილმიდან „ვარსკვლავური ომები, „შინდლერის სიის“ მთავარი თემა და სხვები.
ამ მიღწევების გამო მან მიიღო 25 „გრემი“, 4 „ოქროს ბურთი“ და სხვა საერთაშორისო ჯილდოები.
ჰანს ციმერი
ჰანს ციმერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორია, რომელმაც კინომუსიკის სახით მრავალი ნაწარმოები დაწერა.
დაიბადა 1957 წლის 12 სექტემბერს ქალაქ ფრანკფურტში. ბავშვობიდანვე უკრავდა ფორტეპიანოზე, თუმცა ფორმალური გაკვეთილები არ მოსწონდა, რის გამოც ის 8 სხვადასხვა მუსიკალური სკოლიდან გარიცხეს. მუსიკის სწავლა დამოუკიდებლად გააგრძელა. ბავშვობაში მასზე დიდი გავლენა მოახდინა ენიო მორიკონეს მუსიკამ ფილმში „ერთხელ დასავლეთში“, რამაც გაუჩინა სურვილი, რომ მომავალში გამხდარიყო კომპოზიტორი.
ესაა იმ ფილმების ჩამონათვალი, რომლებსაც ციმერმა დაუწერა კომპოზიციები: „ინტერსტელარი“ (“Interstellar”), „დიუნი“ (“Dune”), „მეფე ლომი“ (“The Lion King”), „გლადიატორი“ (“Gladiator”) და „კარიბის ზღვის მეკობრეები“ (“The Pirates Of The Caribbean”) (მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები), „კუნგ ფუ პანდა“ („Kung Fu Panda”), “ეგვიპტის პრინცი“ (“The Prince of Egypt”), „სული“ (“Spirit”), „შერლოკ ჰოლმსი“ (“Sherlock Holmes”) და სხვები.
მოიგო 2 „ოსკარი“, 4 „გრემი“ და სხვა საერთაშორისო ჯილდო.
„მე მსურს, დავწერო მუსიკა, რომელიც გაგრძნობინებს რაღაცას. მე არ მინდა, რომ გითხრა კონკრეტულად რას გრძნობ, უბრალოდ მინდა, გქონდეს საშუალება იმისა, რომ იგრძნო.“
იმ ადამიანებზე საუბრისას, რომლებმაც საკუთარი ნაწარმოებებით ფილმი მეტად დასამახსოვრებელი, ესთეტიკური და ჩვენთვის გამორჩეული გახადეს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ქართველი კომპოზიტორები. საბედნიეროდ, ქართველებს გვყავს გამორჩეული მუსიკოსები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ფილმები განსაკუთრებული, ხოლო მუსიკა კი, უკვდავი გახადეს.
ჯანსუღ კახიძე
ჯანსუღ კახიძე დაიბადა 1935 წლის 26 მაისს. განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო საგუნდო-სადირიჟორო განხრით. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ორკესტრს. მან დაწერა მუსიკა ფილმებისთვის -„შერეკილები“ (გია ყანჩელთან ერთად), „დათა თუთაშხია“ (ბიძინა კვერნაძესთან ერთად) და „პირველი მერცხალი“. საკუთარი ხელოვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გააცნო და დირიჟორობდა ბავარიის, ლონდონის, პარიზისა თუ სხვა ევროპის ქალაქების ორკესტრებს.
გია ყანჩელი
„თუ 50 წლის მერე გაჩნდებიან შემსრულებლები, დირიჟორები, რომლებიც ჩემს მუსიკას დაუკრავენ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩემს შრომას არ ჩაუვლია ფუჭად და ამავდროულად, რომ მე გარკვეული ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული“.
ამ ციტატის ავტორი ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული კომპოზიტორია გია ყანჩელი. ამ ადამიანის ღვაწლი ზოგადად ქართული კულტურის განვითარებაში დიდია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კინომუსიკაა.
„შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ქინ-ძა-ძა“, „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“ – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფილმებისა, რომლებისთვისაც გია ყანჩელმა ჩვენთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული სხვადასხვა მელოდია დაწერა.
https://youtu.be/OHwL5vcUr8g?si=b0FdE6hy1aTSipqk https://youtu.be/cFcaBp0rOHM?si=MxCrcETMhgp22YHs