სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი
1983 წელს, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვნად შესუსტება და დაცემა დაიწყო, რასაც ხელი შეუწყო კრიზისმა სხვადასხვა მიმართულებით: ერთდროულად მომწიფდა ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული კრიზისები. რა თქმა უნდა, გამოჩნდა კრიზისის თანმდევი პროცესიც – მცირე ლოკალურმა ამბოხებებმა და პროტესტებმაც ნელ – ნელა იჩინა თავი. მათ შორის აღსანიშნავია თვითმფრინავის გატაცების ფაქტებიც. „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმემდე სულ 45 მსგავსი შემთხვევა იყო საბჭოთა კავშირში შემავალ სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში – სამი გაუხმაურებელი.
ბალტიისპირელებს თუ გამოუვიდათ ჩვენც გამოგვივაო – ალბათ ფიქრობდნენ იდეალისტი „თვითმფრინავის ბიჭები“.
ვინ იყვნენ ისინი?ფაქტი; მათ შორის იყო წარმატებით დასრულებული შემთხვევებიც. მაგალითად, ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ლიტველების მიერ გატაცებული თვითმფრინავი მშვიდობით დაჯდა თურქეთში.
თვითმფრინავის გატაცებაში 7 ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობდა: მსახიობი გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, ძმები კახა და პაატა ივერიელები, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი. ყოველი მათგანი იმდროინდელი ელიტური, ფინანსურად უზრუნველყოფილი და განათლებული ოჯახების წარმომადგენელი იყო.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მათთან ერთად ბორტზე ავიდა მხატვარ ლადო გუდიაშვილის შვილიშვილი ანანო მელივა, თუმცა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ მან გეგმის შესახებ არაფერი იცოდა და უდანაშაულოდ სცნეს.
საქმეში ჩართული იყო აეროპორტის თანამშრომელი ანა ვარსიმაშვილიც, რომელიც გატაცების წინა დღეს გეგასა და თინას ქორწილში იმყოფებოდა. მან ახალდაქორწინებული წყვილი შეუმოწმებლად გაატარა და ბორტზე იარაღის ატანის საშუალება მისცა.
საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი – მამა თეოდორე ჩიხლაძე. როგორც ცნობილია, ახალგაზრდები ხშირად იკრიბებოდნენ მამა თეოდორესთან. ის ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერის ბრალდებით დააპატიმრეს.
– თვითმფრინავით საქართველოდან გაყვანის იდეა მამა თეოდორემ ჩემთანაც განიხილა, მასთან მეგობარმა, სოსო წერეთელმა მიმიყვანა. თუმცა ჩემგან უარი მიიღო და შევატყვე, რომ იმედგაცრუებული დარჩა – ყვება ინტერვიუში მწერალი ლაშა ბუღაძე.
არსებობს მოსაზრება, რომ რადგან ახალგაზრდები ელიტური ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ, ისედაც შეეძლოთ დასავლეთში წასვლა და თვითმფრინავის გატაცება სახელის მოსახვეჭად სჭირდებოდათ, რათა დასავლეთში გმირებად მიეღოთ. თუმცა ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელსაც ის ხალხი იმეორებს, წარმოდგენა რომ არ აქვს, რეალურად რა იყო საბჭოთა კავშირი. იმდროინდელი ელიტური ოჯახის შვილებს იოლად შეეძლოთ მოეპოვებინათ კომკავშირული ტურისტული სააგენტო „სპუტნიკის“ საგზური აღმოსავლეთ ევროპის, ანუ ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნებში სამოგზაუროდ, მაგრამ მათი მამების გავლენა საკმარისი არ იქნებოდა კაპიტალისტურ ქვეყნებში მოხვედრისთვის, რადგან ყველა, ცალკეულ შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებას მოსკოვი იღებდა და თუ უმაღლესი რანგის კომკავშირელი ფუნქციონერი, ან სცენის ვარსკვლავი არ იყავი, კაპიტალისტურ ქვეყანაში ვერ მოხვდებოდი.
როგორ განვითარდა მოვლენები?
თვითმფრინავი ტუ – 134 თბილისის აეროპორტიდან 1983 წლის 18 ნოემბერს, მოსკოვის დროით 15:43 საათზე აფრინდა ბათუმი – კიევი – ლენინგრადის მიმართულებით. ბორტზე სულ 47 მგზავრი იმყოფებოდა. აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ერთ – ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და მგზავრებს განუცხადა, რომ თვითმფრინავი შეიცვლიდა კურსს, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ყველა მათგანს სიკვდილი ელოდა. კახა ივერიელი, სოსო წერეთელი და გია ტაბიძე კაბინაში შეცვივდნენ და პილოტს თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანეს. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა ცეცხლი გახსნა, მოკლა გია ტაბიძე, დაჭრა კახა ივერიელი და სოსო წერეთელი.
პილოტებმა მოახერხეს კაბინის დაჯავშნილი კარების ჩაკეტვა, თვითმფრინავი თბილისში დაბრუნდა.
საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომერემ ალექსი ინაურმა მოსკოვიდან სპეცრაზმი „ალფა“ გამოიძახა, რომელსაც გენერალ – მაიორი ზაიცევი ხელმძღვანელობდა. „ალფამ“ სულ ოთხი წუთი მოანდომა გამტაცებლების აყვანას, რომელთაგანაც ერთ – ერთმა დავით მიქაბერიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაჯდომისას, ხოლო სოსო წერეთელი ყელის არეში მოხვედრილი ტყვიის გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მთელ ამ სისხლიან სასაკლაოს რამდენიმე სრულიად უდანაშუალო ადამიანიც შეეწირა. ზოგი გამტაცებლებმა დახოცეს, იყვნენ ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულებიც. სპეცრაზმის ჯარისკაცებმა გარედანაც ესროლეს თვითმფრინავს, კორპუსზე 108 ნატყვიარი დაფიქსირდა.
არსებობს ვერსია, რომ საბჭოთა უშიშროება თვითმფრინავის გატაცების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული ანა ვარსიმაშვილის მიერ. მათ ახალგაზრდა გამოუცდელ იდეალისტებს ჭკუით აჯობეს, ბორტზე ასვლის საშუალება მისცეს, კაბინაში შეიარაღებული თანამშრომელი ჩასვეს და როგორც კი გამტაცებლები თვითმფრინავის კაბინისაკენ დაიძრნენ, აგენტმა უმისამართო სროლა ატეხა. მართლაც, როგორ მოახერხა აეროპორტის ერთმა თანამშრომელმა მგზავრების შეუმოწმებლად ბორტზე აყვანა, ან რატომ ჰქონდა შტურმანს იარაღი თვითმფრინავში?
„არც გადაუწევია ფარდა ისე ისროლა შტურმანმა… ორი ისტრიბიწელი (ავიაგამანადგურებელი) კუდზე მოგვყვებოდა, ვერ გადავიდოდით თურქეთში, აუცილებლად ჩამოგვაგდებდნენ“, – ჰყვება პილოტი ახმადგერ გარდაფხაძე, რომელმაც იმ საბედისწერო დღეს სრულად გაჭაღარავებულმა დატოვა ბორტი და მას შემდეგ არასდროს უმართავს თვითმფრინავი.
სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა!
„ჯინსებისთვის და კარგი ცხოვრებისთვის გარბოდნენო“, – უთქვამს ვიღაცას სასამართლოზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და მთელი საბჭოთა კავშირი ადევნებდა თვალს.
„თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეს საზოგადოების მხრიდან ორგვარი გამოხმაურება მოჰყვა. რადგან ახალგაზრდები ელიტური ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ, ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ხელი მოაწერა თხოვნას ახალგაზრდების შეწყალების შესახებ, თუმცა მოგვიანებით გადათქვა და ბოდიში მოიხადა. მეორე მხრივ, დაღუპულთა ოჯახის წევრები აპროტესტებდნენ შეწყალებას ნიშანდობლივი არგუმენტით, რომ მათ (ტერორისტებს) გამოუჩნდნენ „პატრონები“ ინტელიგენციაში და მათი ოჯახის წევრები „უპატრონოები“ იყვნენ.
ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც ამ საქმეში იმდროინდელ ცეკას პირველ მდივანს, ედუარდ შევრდნაძეს, ადანაშაულებს, თუმცა, რა თქმა უნდა, თვითმფრინავის ბიჭების საქმე მაშინვე გადაწყვეტილი იყო, რა წამსაც თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაჯდა. მითუმეტეს, ზემოხსენებული პოლიტიკური შესუსტების გამო, მოსკოვი, რასაკვირველია, არც ერთი წამით არ დაუშვებდა სხვა განაჩენს, გარდა სასჯელის უმაღლესი ფორმისა – სიკვდილით დასჯისა.
უნდა აღინიშნოს, რომ სასიკვდილოდ განწირულები სასამართლოზე ვაჟკაცურად იქცეოდნენ, პატიებას არ ითხოვდნენ, ბრალს აღიარებდნენ და ამბობდნენ სიკვდილის ღირსები ვართ და უნდა დავისაჯოთო:
„არა მაქვს მე ამის უფლება, შეურაცხყოფის მიყენება იქნება, რომ მე პატიება ვთხოვო“ – სასამართლო პროცესზე წარმოთქმული გეგა კობახიძის სიტყვები სატელევიზიო არქივშია შემონახული.
13 დღე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი სასიკვდილო განაჩენის გამოტანამდე. ყველა დაკითხვას საბჭოთა უშიშროების წარმომადგენელი ესწრებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილება პროკურორის ბრალდების იდენტური იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კანონმდებლობის თანახმად თვითმფრინავის გატაცებისა და ბანდიტიზისმისთვის სასჯელად 15 წლიანი პატიმრობა საკმარისი იქნებოდა.
ბიჭები დახვრიტეს 1984 წლის 3 ოქტომბერს, თუმცა, მაშინდელი რეჟიმის უსაზიზღრესი თვისების გამო, ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ ზუსტად , მართლა დახვრიტეს თუ გააციმბირეს:
„ჩემს თავს ვეუბნებოდი, არ დახვრეტენ, არ გაიმეტებენ… მჯეროდა, რომ გადაასახლეს, გააციმბირეს, როდესმე ხმას მომაწვდენს და დაბრუნდება. ყველაზე დაუჯერებელ ჭორებს ვიჯერებდი: ვითომ ვიღაცამ სადღაც ნახა ბიჭები… მერე იმ ვიღაცას ვეძებდი და რამდენიმე დღით ვიხანგრძლივებდი იმედს“, – ამბობს ერთ – ერთ ინტერვიუში გეგა კობახიძის დედა ნათელა მაჭავარიანი.
იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ვახტანგ რაზმაძის დაჟინებული მოთხოვნით, დახვრეტა მიუსაჯეს მღვდელ თეიმურაზ ჩიხლაძესაც. მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არ იმყოფებოდა ბორტზე და ბიჭების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციასაც არ ფლობდა. სასამართლო პროცესების განმავლობაში ის საკუთარ ბრალეულობას თავს არ არიდებდა. მოგვიანებით პროკურორმა პირად ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორადაც მოიქცა, რადგან სწორედ ჩიხლაძემ „აურია ტვინი“ იმ ბავშვებს.
დახვრეტას გადაურჩა თინათინ ფეტვიაშვილი, რომელსაც 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის თვითმფრინავის გატაცების დროს ფეხმძიმედ იყო, მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, იმისთვის, რომ სასჯელი არ შემსუბუქებოდა.
სოსო წერეთლის გარდა არც ერთი სიკვდილმისჯილის საფლავი არ არის დღემდე ნაპოვნი.
გმირები თუ ტერორისტები?
რა თქმა უნდა, „თვითმფრინავის ბიჭების“ გმირებად შერაცხვა იმ საბედისწერო დღის უდანაშუალო მსხვერპლთა შეურაცხყოფაა, თუმცა ამ ბიჭების ტერორისტებად მოხსენიებაც გადაჭარბებაა. მათ ხომ საკუთარი სიკვდილით აგეს პასუხი იმისათვის, რაც ჩაიდინეს.
ერთ-ერთ ინტერვიუში „ჯინსების თაობის“ ავტორი, დათო ტურაშვილი, ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის გამოცემულ წიგნში მას დაამატებინეს თავი, სადაც აღწერს საბჭოთა კავშირის საშინელ რეჟიმს. იმისთვის, რომ მკითხველისთვის ნათელი გამხდარიყო, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები ამხელა რისკზე, ფაქტობრივად, თვითმკვლელობაზე: „რა ბოროტებაში უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, რომ ქვეყნიდან გაქცევის ასეთ სასოწარკვეთილ გზას მიმართოს“.
“ჩემთვის იყო გმირობის ტოლფასი თვითონ ის ფაქტი, რომ შენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დგამ ნაბიჯს“, – ამბობს ინტერვიუში მსახიობი გეგა კოტეტიშვილი.
იქნებ ისინი უბრალოდ ახალგაზრდები იყვნენ, რომელთა თვითმიზანი არც გმირობა იყო და არც ტერორიზმი. ისინი იყვნენ ბიჭები, რომლებიც ცოტა მეტი განათლების ხელმისაწვდომობის გამო უფრო პროგრესულად აზროვნებნებდნენ. იცოდნენ, რომ სამყარო უფრო მეტი იყო, ვიდრე ძირგამომპალი საბჭოთა კავშირი, უფრო მეტი სურდათ ცხოვრებისგან. საბჭოური ჩაკეტილი სისტემისგან თავის დაღწევის მიზნით, თავისუფლებისკენ სწრაფვას გაუაზრებლად შეეწირნენ და შესწირეს უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ ცუდ დროს ცუდ ადგილას – თბილისი – ბათუმი – კიევი – ლენინგრადის რეისის თვითმფრინავში.
წლების შემდეგ არავინ კამათობს, იმაზე, რომ თვითმფრინავის ბიჭების გახმაურებული საქმე საბჭოთა სისტემის რყევის ერთ ერთი მიზეზი გახდა: „ამ რომანტიული და ზღვარსგადასული იდეალიზმით მათ დისიდენტებზე მეტად შეუწყვეს ხელი საბჭოთა კავშირის ნგრევას“, – ამბობს ლაშა ბუღაძე.
ფაქტია, რომ სწორედ იმ ბინძური, ფლიდი და ფარისევლური რეჟიმის სარკეა მთელი ეს ტრაგედია. რეჟიმის, რომელიც ადამიანებს დიდ საკონცენტრაციო ბანაკში აცხოვრებდა და სიკეთისა და ბოროტების, ამ შემთხვევაში – გმირობისა და ტერორიზმის ზღვარსაც უშლიდა.