სტატიის ავტორი: ლიზი საყვარელიძე
ადამიანის განვითარებასთან ერთად სამყაროც იცვლება. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ოჯახები ელექტროენერგიით მოამარაგეს, ბევრი იდეა წარმოიშვა. ჩვენ შექმენით ისეთი გენიალური მოწყობილობები, როგორებიცაა მობილური ტელეფონი, ასლის გადასაღები აპარატი, თმის უთო… გიფიქრიათ, ამ საგანთა გარეშე ცხოვრება რამდენად გართულდებოდა? არ გვექნებოდა სინათლე, ვერ დავუკავშირდებოდით მეგობრებს და ინფორმაციის მისაღებად ბევრად მეტი ენერგიის დახარჯვა მოგვიწევდა, ვიდრე ცერა თითის გამოძრავებაა. არსებობს საკმაოდ პოპულარული ხუმრობა, რომ ოჯახის უფროსი ისაა, ვისაც ტელევიზორის ე. წ. „პულტი“ ხელში ჩაუვარდება. მართალია, სმარტფონების ეპოქაში მოძველებულად მეჩვენება, თუმცა ეს რეპლიკა შეგვიძლია ოდნავ შევცვალოთ. სამყაროს „პულტი“ მის ხელშია, ვინც STEAM განათლებას მიჰყვება.
უპირველეს ყოვლისა, რა არის STEAM პროგრამა? ესაა აბრევიატურა შემდეგი ოთხი მიმართულების: მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის. ლაკონიურად რომ ჩამოვაყალიბოთ, იგი საკუთარ თავში ასახავს ყველა იმ ტექნიკურ საგანს, რომელსაც სკოლაში ვსწავლობთ. ესაა სწავლის მოდერნიზებული მეთოდოლოგია, რომლის მიზანია მოსწავლის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება. ტერმინი პირველად მეოცე საუკუნის ბოლოს გამოიყენეს, ტექნიკური აღმავლობის პერიოდში. დამეთანხმებით, რომ ჩვენი ეპოქა ინოვაციურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობათა ზრდა. მეცნიერები გვპირდებიან, რომ რამდენიმე წელიწადში რობოტები ადამიანების ისეთ პროფესიებს ჩაანაცვლებენ, როგორებიცაა გამყიდველი, მშენებელი, მძღოლი, დისტრიბუტორი, მაშველი… აქედან გამომდინარე, დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ტექნიკური მიმართულების პროფესიის წარმომადგენლებზე, მაგალითად ინჟინრებზე.
თუ კარიერული გზა ჯერ არ დაგისახავთ, გირჩევთ, რომ მხედველობაში მიიღოთ STEAM, ანუ მომავლის, პროფესიები. გარდა სოლიდური შემოსავლისა, ამ მიმართულებით სწავლისას შეგიძლიათ ჩაერთოთ სხვადასხვა დაფინანსებულ პროექტში და მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში. ბევრი სახელმწიფო ერთვება მსგავს ღონისძიებებში, რაც ახალგაზრდებს განვითარების პერსპექტივას წარმოუდგენს. პროგრამას ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ პოპულარიზაციას უწევს საქართველოს ბანკი, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს სტიპენდიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ერთ-ერთი ასეთი შეთავაზებაა STEAM სკოლა, რომელიც ფუნქციონირებს სკოლის „კომაროვი“ დირექტორის ხელშეწყობით. ესაა შესაძლებლობა მე-7-დან მე-10 კლასამდე მოსწავლეებისთვის, გაიღრმავონ ცოდნა ტექნიკური მიმართულებით.
ჩემთვის, როგორც ინჟინერიის მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მსურველი გოგონასთვის, ყველაზე დასაფასებელია სხვადასხვა ფონდის მიერ STEAM-ში ჩართულ ქალთა წახალისება. გლობალური პროექტი Women in STEAM (ქალები STEAM-ში) მიზნად ისახავს პროგრამაში ჩართული ქალბატონების რაოდენობის ზრდას. პრობლემა გამოწვეულია მთელ მსოფლიოში არსებული სტერეოტიპით, რომ ტექნიკური პროფესიები მხოლოდ მამაკაცთათვისაა განკუთვნილი, რაც სიმართლეს ეწინააღმდეგება. არაერთმა ქალმა მეცნიერმა დაამტკიცა საპირისპირო, განსაკუთრებით კი მინდა აღვნიშნო ჰედი ლამარის წვლილი ინტერნეტის გამოგონებაში. სწორედ მის მიერ შემქნილი უსადენო ტექნოლოგია დაედო საფუძვლად Wi-Fi-სა და Bluetooth-ის შექმნას.
საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ სწრაფად პროგრესირებად სამყაროში ასეთივე პროფესიონალები გვჭირდებიან, განსაკუთრებით ტექნიკურ სფეროში. ხელოვნური ინტელექტის განვითარების საფეხურებზე დაკვირვებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელსაწყოები ადამიანთა ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიან და ევოლუციას ახალ მიმართულებას მისცემენ. ვიფიქროთ, არის თუ არა STEAM პროგრამა მომავლის საფუძველი და თუ არის, რატომაა კადრების დეფიციტი?