სტატიის ავტორი: გიორგი ლომთაძე
ზამთრის ერთი ცივი და სუსხიანი დღეა, შეციებული ვბრუნდები თხილამურებზე სრიალიდან სახლში, ავიღე ტელეფონი და ვნახე “ევროკავშირი საქართველოსთვის” მიერ დადებული პოსტი, რომელშიც ეწერა,რომ სკოლებს შორის ატარებდნენ შეჯიბრს ‘’ რა, სად, როდის? – ევროპის შესახებ’’. ბავშვებს საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ამ თამაშში, რამდენჯერმე ჩემპიონებიც კი გავხდით, რასაკვირველია, უყოყმანოდ დავარეგისტრირე სკოლა და დავიწყე გუნდის წევრების მოძებნა. გუნდში 6 კაცი უნდა ყოფილიყო. ჩვენ 4 მუდმივი წევრი გვყვავდა, ამიტომ 2 მოთამაშის შერჩევა გახდა საჭირო. თამაშის თემატიკა ევროპის და ევროკავშირის ფასეულობებს ეხებოდა, ამიტომ გუნდში ისეთი მოთამაშე ავიყვანეთ, რომელიც ყველაზე უკეთ ერკვეოდა ამ სფეროში, მეექვსე წევრი კი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასელი გახდა, რომელმაც კარგი თამაში აჩვენა.
თამაში 10 თებერვალს, 13:00-ზე, კავკასიის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უნდა ჩატარებულიყო. პროექტის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს სია, სადაც ეწერა, რომ მონაწილეობას მთელი თბილისის მასშტაბით არსებული სკოლები იღებდნენ. ჩვენ მოვიპოვეთ კითხვების ნიმუშები, რომლებიც შემდგომ ჩემი გუნდის წევრებს გადავეცი და დავიწყეთ მზადება თამაშისთვის. ბევრს არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გავიმარჯვებდით, თუმცა მაინც მთელი შემართებით ვაგრძელებდით მზადებას.
10 თებერვლის დილა გათენდა, გუნდში მოგების განწყობა არავის არ გვქონდა. ყველანი დროულად მივედით ადგილზე, თუმცა თამაშის დაწყებამ 1 საათით დაიგვიანა. ადგილზე შეგვხვდა ყოფილი პედაგოგი, რომელიც ჩვენი კონკურენტი უნდა ყოფილიყო. როგორც იქნა კარი გაიღო, ჩვენ ადგილები დავიკავეთ და მოვემზადეთ თამაშისთვის. ბატონმა წამყვანმა გაგვაცნო ახალი წესები, რომ ტურნირში გარდა ჩემპიონობის ტიტულისა, ვიბრძოლებდით ჩვენი რაიონის ჩემპიონობისთვისაც, ამით ბუს მოგების შანსები იზრდებოდა.
თამაში დაიწყო, გუნდმა პირველ რაუნდში თავისი მაქსიმუმი დადო – 12-დან 11 სწორი პასუხი. უკონკურენტოდ ვლიდერობთ. გუნდში ჩემპიონობის განწყობა შეიქმნა. დაიწყო მეორე რაუნდიც, ის ისე არ წარიმართა როგორც მოველოდით. ცოტა მოვდუნდით და შედეგმაც არ დააყოვნა. 3 გუნდი წამოგვეწია და ახლა უკვე რაიონის ჩემპიონობის სტატუსისთვისაც კი გაგვიჭირდებოდა ბრძოლა. 24-ე კითხვა, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენთვის, თუ გამოვიცნობდით, მოვიგებდით რაიონის ჩემპიონის სტატუსს და დაინიშნებოდა პენალტები, რომლებითაც ტურნირის ჩემპიონობისთვის უნდა გვებრძოლა.
ბატონმა წამყვანმა დრამატული სიტუაცია შქმნა, გუნდში პანიკამ დაისადგურა, თითოეული წამი გაიწელა. ყველა გუნდს თავისი ვერსია ჰქონდა, როცა ბატონმა წამყვანმა სწორი პასუხი გამოაცხადა, ის ჩვენი პასუხის იდენტური იყო. გუნდის წევრები სიხარულისგან წამოვხტით და ერთმანეთს გამარჯვებას ვულოცავდით. ამის შემდეგ საპენალო მაგიდას მივუსხედით სხვა გამარჯვებულ გუნდთან ერთად. საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა შეჯიბრის ეს ნაწილი, თუმცა ჩვენ შევძელით და ტურნირის ჩემპიონები გავხდით. მოვიპოვეთ რაიონის ჩემპიონის ტიტულიც და საზეიმოდ გადმოგვეცა ოქროს ბუ. ტურნირი ამით არ დამთავრებულა, ევროპის დღეს შევხვდებით სხვა რეგიონის წარმომადგენლებს და ვიბრძოლებთ მორიგი წარმატებისთვის.