სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი
იდიოტი – ძველი ბერძნების მიხედვით, პიროვნება, რომელიც არ ინტერესდება პოლიტიკური საქმეებით, სხვა სახით რომ ვთქვათ, აპოლიტიკურია.
თანამედროვე გაგებით, პოლიტიკა მოიცავს ყველა იმ იდეოლოგიას, სტრატეგიას თუ აქტივობას, რომლებიც სახელმწიფოს მართვასთან და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობასთან არის კავშირში. ფართო მასშტაბით კი, პოლიტიკა არის ყველაფერი, რაც ნებისმიერი სოციალური წარმონაქმნის ორგანიზების პრინციპებისა და წესების დადგენასა და მათი აღსრულების უზრუნველყოფას შეეხება. ანუ, პოლიტიკა ჩვენს ყოველდღიურობაშია.
მაშასადამე, როგორც არისტოტელე იტყოდა, არავინაა აპოლიტიკური. გვინდა თუ არ გვინდა, ყოველთვის გვიწევს ვიყოთ ქვეყანისა თუ მსოფლიოს პოლიტიკური ამინდის საქმის კურსში, იმიტომ რომ სწორედ პოლიტიკური ამინდი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების განცდაზე. თუმცა როგორც ბალზაკი წერს ,,შაგრენის ტყავში” – ,,რას უნდა ელოდო კარგს პოლიტიკით გაჟღენთილი საუკუნისგან?!”. დღეს მთელი მსოფლიო სხვადასხვა ენაზე საუბრობს განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებასა და იდეოლოგიაზე.
და რა არის პოლიტიკური იდეოლოგია?
,,პოლიტიკური იდეოლოგია აღწერს სახელმწიფოს მართვისა და საზოგადოების მოწყობის სტილს, ხელისუფლებასა და ინდივიდს შორის ურთიერთობებსა და ურთიერთდამოკიდებულებას.”
ტრადიციულად, პოლიტიკური იდეოლოგიები მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობებად იყოფა, იმის მიხედვით, რომელი ფასეულობები მიიჩნევა ქვეყნის წინსვლის საუკეთესო საშუალებად. ამ ტერმინთა წარმოშობა 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციას უკავშირდება, სადაც ახლად ფორმირებულ ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტი), სამეფო ვეტოს თაობაზე დებატებისას, ვეტოს მომხრეები – დიდგვაროვნები და ეკლესიის წარმომადგენლები, დარბაზის მარჯვნივ, ხოლო მოწინააღმდეგეები – ბურჟუაზიის წარმომადგენლები, მარცხნივ იყვნენ განლაგებულები.
მაშასადამე, მემარჯვენე მიმდინარეობა ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების ირგვლივ კონცენტრირდება და შესაბამისად, უფრო კონსერვატიულია. მემარჯვენეები მხარს უჭერენ ძლიერ სახელმწიფოს, რომლის ქვაკუთხედსაც მორალური ფასეულობები, მართლწესრიგის დაცვა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს.
ხოლო მემარცხენე იდეოლოგიები, კლასიკური გაგებით, სოციალურ სამართლიანობაზე არის დაფუძნებული და ძირითად ფასეულობებად სოციალურ თანასწორობას, სოლიდარობას და პროგრესულობას აღიარებს.
პოლიტიკურ იდეოლოგიებს ამ კუთხით, რომ შევხედოთ და წრფივი სპექტრი გავავლოთ მემარცხენეობიდან მემარჯვენეობისკენ, ასეთ რამეს მივიღებთ:
კომუნიზმი -> სოციალიზმი -> ლიბერალიზმი -> კონსერვატიზმი -> ფაშიზმი
აქედან გამომდინარე, კომუნიზმი მემარცხენეობის უკიდურესობად ითვლება, ფაშიზმი კი – მემარჯვენეობის.
რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ისინი იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ აქ მხოლოდ ზემოთხსენებულ ხუთ ძირითად, ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ იდეოლოგიებს გაგიზიარებთ:
სოციალიზმი საკმაოდ გავრცელებული, ტიპიური მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომლის მთავარ საყრდენს სოციალური თანასწორობის, უფრო ზუსტად კი უთანასწორობის მაქსიმალურად შემცირების იდეა წარმოადგენს. სოციალისტური იდეოლოგიის მიმდევრების აზრით, სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს ადამიანებს შორის სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და უმუშევრებს. სოციალიზმი არ ეწინააღმდეგება კერძო საკუთრებას, თუმცა მიიჩნევს, რომ კეთილდღეობის საწყისი მაინც სახელმწიფო საკუთრებაზე და სახელმწიფოს ეკონომიკურ რეგლაციებზე გადის.
„გყავს ორი ძროხა. ერთს შენს მეზობელს აძლევ.“
კომუნიზმი ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველაზე მტკივნეული და ტრავმული იდეოლოგიაა, ვინაიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის მმართველობის სტილია. ეს არის რადიკალურად მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც სოციალიზმის ერთგვარ ექსტრემალურ გაგრძელებას წარმოადგენს და რომლის მიზანიც სოციალური უთანასწორობის საბოლოო აღმოფხვრაა. კომუნიზმი ეწინააღმდეგება ნებისმიერი კერძო საკუთრების იდეას, უარყოფს მემკვიდრეობას და ტრადიციებს. კომუნისტური იდეოლოგია, ერთი შეხედვით, თანასწორობისა და ჩაგვრის აღმოფხვრისკენ არის ორიენტირებული, თუმცა მისი რადიკალიზმისა და ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო იდეების გამო, რეალობაში, ადამიანის უფლებების ხელყოფისა და თავისუფალი აზრის ჩახშობისკენ ორიენტირებულ, ტოტალიტარული სახელმწიფოების იდეოლოგიად
გვევლინება.
„გყავს ორი ძროხა. სახელმწიფო გართმევს და გაძლევს რძეს.“
ლიბერალიზმი თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელშიც სახელმწიფოს მამოძრავებელ ძალად ადამიანის თავისუფალი ნება და საზოგადოების ყოველი წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მიიჩნევა. ლიბერალური იდეოლოგია აღიარებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, ღიაა ყველანაირი პროგრესული სიახლისა და რეფორმებისათვის, რის გამოც ლიბერალურ იდეოლოგიას, ტრადიციულად, კონსერვატიზმს უპირისპირებენ ხოლმე. ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო მინიმალურად უნდა ჩაერიოს ინდივიდების ყოფაში და მხოლოდ ის სფეროები უნდა განაგოს, რომელთა მოწესრიგებაც ინდივიდებს არ შეუძლიათ. ლიბერალისტური იდეოლოგია ხშირად დემოკრატიულ სახელმწიფოებს უდევს საფუძვლად.
„გყავს ორი ძროხა. მთავრობა გაძლევს უფლებას, როგორც გინდა ისე მოიხმარო.“
კონსერვატიზმი ტრადიციულად მემარჯვენეობასთან ასოცირდება და ძველი, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემას უსვამს ხაზს. შესაბამისად, კონსერვატორები ფრთხილად ეკიდებიან ან საერთოდ უარყოფენ რადიკალური რეფორმების გზას. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ სოციალური უთანასწორობა ბუნებრივი მოვლენაა და მისი სრული აღმოფხვრა უბრალოდ შეუძლებელია. კონსერვატორებისთვის კერძო საკუთრება წმინდაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში რაიმე გზით ჩარევა ან მისი შეზღუდვა კატასტროფის ტოლფასია. ამაში კონსერვატიზმი სოციალისტურ იდეოლოგიას უპირისპირდება. კონსერვატიზმი, ლიბერალიზმის მსგავსად, არ ეწინააღმდეგება და არ უარყოფს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს, თუმცა, ლიბერალიზმისგან განსხვავებით, პიროვნების თავისუფალი ნებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების წინ ძლიერ სახელმწიფოს აყენებს და პრიორიტეტად უსაფრთხოებასა და წესრიგს მიიჩნევს.
„გყავს ორი ძროხა. მათ კეტავ და ხალხს ყურებისთვის ფულს ახდევინებ.“
ფაშიზმი რადიკალურად მემარჯვენე, ტოტალიტარულ-ნაციონალისტური იდეოლოგიაა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოცენდა იტალიაში და თავის აპოგეას მეორე მსოფლიო ომის ეპოქის გერმანიაში მიაღწია. ფაშიზმის იდეოლოგია რასობრივ და/ან ეროვნულ უპირატესობას ემყარება. ფაშისტები მიიჩნევენ, რომ ერი უნდა გაერთიანდეს საკუთარი თვითმყოფადობის, ტრადიციების და სიწმინდის დასაცავად და ერთად აღუდგეს წინ “მტერს”, რომელსაც ამ თვითმყოფადობის განადგურება სურს. საბოლოო ჯამში, ფაშისტური იდეოლოგია დაიყვანება ფორმამდე, სადაც ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების მეშვეობით და წარმოსახვითი “მტრების” წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იდევნება ყველა განსხვავებული შეხედულებების ან წარმომავლობის ადამიანი.
„გყავს ორი ძროხა. არა, არ გყავს.“
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა და სამარათლიანობა იშვიათად ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ, საზოგადოება არ უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების პასიურ შემსრულებელს და იმისათვის, რომ ჯანსაღი სახელმწიფოს ჯანსაღი მოქალაქეები ვიყოთ, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულია მოქალაქის წინაშე და პოლიტიკა, ეს არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ხელოვნება.