სტატიის ავტორი: კესო ლომიძე
რა არის წინასაგამოცდო სტრესი?
წინასაგამოცდო სტრესი არის გაურკვევლობა, დაძაბულობა, შფოთვა, შიში იმისა, რომ რაღაც არ გამოგივა და საჭირო დროს საჭირო ინფორმაცია არ გაგახსენდება.
როგორ ავირიდოთ თავიდან წინასაგამოცდო სტრესი?
უპირველეს ყოვლისა, ვემზადებით იმ საგანში, რომელშიც გვაქვს გამოცდა. ვკონცენტრირდებით მასზე და ვფიქრობთ, რა ვიცით და რა მიმართულებით გვჭირდება გაძლიერება, ცოდნის შევსება. მთავარია, გამოვავლინოთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ორიენტირებული უნდა ვიყოთ გამოცდაზე და არა მის შედეგზე. ამით თავიდან ავიცილებთ ფუჭ ფიქრებს.
რა სახის შეიძლება იყოს წინასაგამოცდო სტრესი?
წინასაგამოცდო სტერესი არ არის ქრონიკულ სტრესი, ესაა ფსიქიკის საპასუხო რეაქცია გარე გამაღიზიანებელზე, ამ შემთხვევაში – კონკრეტულ გამოცდაზე.
როგორ ვლინდება სტრესი მოსწავლეებში?
წინასაგამოცდო სტრესის სიმპტომებია: უძილობა, ოფლიანობა, პულსის აჩქარება, დაბნეულობა, შიში. ამ ყველაფერმა შესაძლოა ემოციური აშლილობაც კი გამოიწვიოს და, ცხადია, ის გავლენას ახდენს მოსწავლის ნაშრომზე.
როგორ უნდა დაეხმარონ მასწავლებლები და მშობლები ბავშვებს წინასაგამოცდო სტრესთან გამკლავებაში?
მშობლები და მასწავლებლები კარგად უნდა იცნობდნენ საკუთარ შვილებსა და მოსწავლეებს, უნდა იცოდნენ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, უნდა ცდილობდნენ, აუმაღლონ თვითშეფასება, ეხმარებოდნენ იმის გაცნობიერებაში, რომ ყველას აქვს სუსტი და ძლიერი მხარე. როდესაც ბავშვმა იცის, რა უჭირს, რა არის მისი სუსტი მხარე, ცდილობს მის გამოსწორებას. საბოლოოდ, ისევ თვითშეფასებას ვუბრუნდებით, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში.
რა ფაქტორები იწვევს სტრესს?
სტრესის ძირითადი და მთავარი გამომწვევი შიშია – შიში წარუმატებლობისა, მარცხისა, საყვედურისა. ღელვა იმაზე, რომ ვინმეს იმედს გაუცრუებ – ვერ გაამართლებ მშობელთა მოლოდინს. მოსწავლეები, ხშირად, ყველაზე მეტ ზეწოლას მშობლებისგან გრძნობენ. თუმცა ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყველაზე უკეთ შეუძლიათ მათი დახმარება და გამხნევება.
რა გავლენას ახდენს სტრესი მოსწავლის სოციალურ ცხოვრებაზე?
სტრესს შეუძლია გამოიწვიოს თვითშეფასების დაქვეითება – ბავშვს აკლდება თავდაჯერებულობა და ეცვლება შეხედულებები. გარემო ბავშვზე ნამდვილად ახდენს გავლენას, თუმცა სჯობს, თუ ამ ყველაფერით გამოცდილებას შევიძენთ.
როგორ უნდა აიმაღლოს მოსწავლემ თვითშეფასება?
როგორც უკვე აღვნიშნე, საჭიროა გავაცნობიეროთ ჩვენი სუსტი მხარეები, ვაღიაროთ, რომ რაღაც გვიჭირს. ეს დაგვეხმარება, მიუხედავად სიძნელეებისა ან თუნდაც მარცხისა, მაინც წინ ვიყუროთ. სისუსტე ყველას აქვს, თუმცა მის გამოსასწორებლად და თვითშეფასების ასამაღლებლად საკუთარ თავთან ვიყოთ გულწრფელები.
ეს ყველაფერი საბოლოოდ თვითგამორკვევაში გვეხმარება.