ავტორი: ელენე ჩოკოლაშვილი
და აი ჩემი ცხოვრების ის წამები, რომლებსაც ვერაფერი ვერ შემიცვლის. ვიყურები და ვუყურებ თვალებს რომლებიც ჩემკენ არიან მომართული, ყველა თვალში სხვადასხვა ემოციას ვკითხულობ: ბრაზს, შიშს, ზიზღს, სიყვარულს. მიყურებენ, თუმცა შეიძლება ეს ემოციები მე საერთოდაც არ მეხებოდნენ, შეიძლება თითოეულ ემოციას ჩემთვის რაღაცის თქმა უნდოდეს, შეიძლება სულ უბრალოდ იმ ერთმა, თავისი საყვარელი ადამიანი დაკარგა, ის ერთი და განუმეორებელი რომლის გულისთვისაც ყოველ დილით იღვიძებდა ერთსა და იმავე დროს, რომ მისი საყვარელი სერიალი ჩაერთო და ერთად ეყურებინათ, თუმცა ახლა მარტო დგება ყოველდღე, ჩვეულ რუტინას არ არღვევს და ამ სერიალის ახალ ეპიზოდებს უყურებს ფეხებს შორის ჯამი უდგას, რომელიც სავსეა მისი წარსულის მოგონებებით, რომლებმაც მას იმ ერთ ადამიანთან აკავშირდება. ფილმიდან აზრი ვერ გამოაქვს, რადგან თვალები ცრემლებით აქვს სავსე და ვერაფერს ვეღარ ხედავს. ცხოვრებაზეა გაბრაზებული, მაგრამ მე ვერ მიტანს. შეიძლება ეზიზღება ის ერთი უცნაური და კეთილი მოხუცი, რომელიც ყოველ დილით ღიმილით ეგებება მას, მაგრამ რატომღაც მან თავის გულში ადგილი ვერ გამოუყო ამ სათნო მოხუცს, რომელსაც მის დანახვაზე თავისი დაკარგული, ის საყვარელი ადამიანი ახსენდება, რომლის გულისთვისაც ცხოვრებაზეა გაბრაზებული, მაგრამ მე ვერე მიტანს და მე ვეზიზღები. შეიძლება ეშინია. ეშინია იმის, რომ იმ ერთ ადამიანს ვეღარ ნახავს, ზუსტად იმ ერთ ადამიანს, რომელსაც არ იცნობს, მაგრამ იმ ერთ პატარა და მყუდრო კაფეში მიდის ყოველ სამშაბათს ზუსტად ორს რომ თხუტმეტი აკლია, ჩვეულებისამებრ უკვეთავს გვირილის ჩაისა და პუდინგს, ზის და ელოდება. ისიც მოდის, რამდენიმე მაგიდის მოშორებით ჯდება, იღებს ჩანთიდან ჟურნალს კალამთან ერთად, რომელსაც ოდნავ დახრილი ასოებით კალმის ტარზე აწერია ,,იმედი’’, და იწყებს წერას. ის კი ზის, უყურებს, ეშინია, რომ მივიდეს, გაიცნოს. ჰგონია, რომ მის სიმშვიდეს დაარღვევს და ის აღარასოდეს აღარ დაბრუნდება, მაგრამ ჩემი ეშინია. ბოლოს ვხედავ თვალებს, რომლებიც ყველაზე მეტად ითხოვენ ყურადრებას და იღებენ კიდეც. ის ერთადერთია და მასსავით განსაკუთრებულად ვერავინ მიყურებს. მიყურებს და მის თვალებში სიყვარულს ვხედავ. იმ ყველაზე ძლიერ ემოციას, რომელიც გამბედაობასაც მოითხოვს, ცხოვრებაში რთული ეტაპის გადალახვასაცა და შეყვარებასაც. ის მავიწყებს იმ შეგრძნებებს, რრომლებიც მანამდე სხვა თვალებმა გამომაცდევინა: შიში, სიძულვილი, ბრაზი. მიყურებს და ვხვდები, რომ მეც უნდა ვუყურო, მხოლოდ მე და ის ვართ. ის არც თავისი საყვარელი ადამიანის გამო არ არის გაბრაზებული ცხოვრებაზე, არამედ ადგა და დაიბრუნა ის მისთვის განსაკუთრებული ადამიანი. მას არც ის მოხუცი აღიზიანებს რომელიც ყოველ დილით ღიმილით ხვდება და თბილი სიტყვებით ამკობს, ისიც ეხუტება მოხუცს და ახალ ხელთათმანებს აძლევს, რადგან ხვდება, რომ მოხუცს სიცივისგან ხელები გაყინული აქვს. ხელთათმანები წითელია და მოხუცის ოდნავ დახეულ წითელ პულავერს უხდება. მას არც ეშინია. არ ეშინია იმის, რომ იმ ადამიანს არ დაურღვიოს თავისი სამყარო, რომელიც მასთან ერთად ზუსტად ორს რომ თხუტმეტი აკლია კაფეში მოდის, თითქოს შეთანხმებული არიან, რომ ერთსა და იმავე დროს უნდა მოვიდნენ, თუმცა ერთმანეთისთვის თვალებშიც არც კი ჩაუხედავთ. მაგრამ ამჯერად ის იმ ადამიანის ადგილას ჯდება, ელოდება, ისევ უკვეთავს პუდინგს და გვირილის ჩაის, თუმცა ორს. ისიც მოდის, უჯდება, თითქოს უკვე ერთმანეთს იცნობენ, უყურებს მის თვალებს, იცნობს მას და მის ნაწერებს კითხულობს ის თავის ბლოკნოტში წერს კალმით, რომელსაც ოდნავ დახრილი ასოებით აწერია ,,იმედი’’, იცნობს მას რადგან უნდა, რომ მის სამყაროში შევიდეს და ერთად გახდნენ რაღაცის ნაწილი. ვხუჭავ თვალებს იმ იმედით, რომ მხოლოდ ის დარჩება, რომელიც სიყვარულს ასხივებს. ვახელ… და ვხედავ თვალებს. რომლებიც მეცნობიან… ვხვდები, რომ მას ვიცნობ, ვაკვირდები და ჩემს თავს ვცნობ. ეს მე ვარ.
და საერთოდ ვინ ვარ მე? რა როლი მაქვს ამ ცხოვრებაში? შიშში უნდა გავატარო, ზიზღსა თუ ბოროტებაში? თუ საერთოდ მარტო სიყვარული მიწერია? ამ ყველაფერს ვერ გავიგებთ, სანამ ჩვენს თავებს არ შევიცნობთ, თვითშეცნობა და თვითშესწავლა კი არის ყველაზე მთავარი ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში. ის დახვეულ ძაფის გორგალს ჰგავს, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვხსნით და ჩვენივე კითხვებს ჩვენითვე ვპასუხობთ. ახლა კი დაფიქრდი. ვინ ხარ შენ?