სტატიის ავტორი: გია მურღულია
(ფიქრი ფიქრზე)
წარსულის ადამიანები ზოგჯერ დღევანდელებზე გაცილებით თანამედროვენი არიან. თუ საქმე ტექნოლოგიებს არ ეხება, ჩვენ ფიქრის არანაირი უპირატესობა არ გვაქვს – მისი ორიგინალურობით, სიღრმითა თუ ინტენსივობით ისინი თუ არ გვაჭარბებენ, არც ჩამოგვრჩებიან. ახალი დრო ამგვარი კომფორტის ზონას არ ქმნის და წარსულიც ისევე მეტყველებს თანამედროვე ენაზე, როგორც აწმყო. თან, კლასიკურ სინათლესთან ერთად, სიძველის მომნუსხველი სურნელიც ახლავს. ერთი მაგალითი ვიხილოთ:
ცასა ბეწვითა ეკიდა, ვნახე, კაცი და
მასვე კაცს შუბის წვერს ედგნეს დარბაზნი;
მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა,
და ზღვასა ზედა მოარბევდა ცხენითა
და ღაღადებდა: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ!“
ეს იამბიკო დემეტრე მეფეს, დავით აღმაშენებლის ძეს, ეკუთვნის. სტუდენტობის დროს წავიკითხე პირველად და მას შემდეგ ჩემს ცნობიერებას არც გაშორებია. საინტერესო ტექსტია, არა?! ერთი შეხედვით, მასში არანაირი ლოგიკა არ ჩანს და თითქოს სულის თავისუფალი „მიმოქცევაა“ – რაღაცდაგვარი აბსურდის ჰარმონია, რომელიც აზრს ადამიანის გონების მიღმა იძენს. არც უამისობაა, მაგრამ საქმე მთლად ასე არ არის. შუასაუკუნეების უკიდურესად სიმბოლურენოვანი ფიქრისა და მეტყველების კვალობაზე, ამ იამბიკოსაც თავისი მკაფიოდ გამოხატული სასიცოცხლო სივრცე აქვს და მასში ცალკეული სიტყვები სხვადქმნილი მნიშვნელობით არსებობენ. ტექსტი ადამიანის განვითარების, ცოდნისა თუ განწყობის შესაბამისად მრავალნაირად შეიძლება აიხსნას და განიმარტოს. იმის მიხედვით, თუ რა სიმბოლურ მნიშვნელობას ამოვიკითხავთ ცალკეულ სიტყვა-სახეებსა თუ მათ ურთიერთმიმართებაში, შესაძლოა სრულიად განსხვავებულად აღვიქვათ და გავიაზროთ მთავარი სათქმელიც და ცალკეული დეტალებიც.
დღეს და ახლა ჩემი ხედვა ასეთია:
1. მთელი ლექსი არის ადამიანის სამყაროსა თუ საკუთარ წარმოსახვაში ყოფნის ერთიანი დინამიკური ხატი, რომელშიც უკიდეგანო მოძრაობა (ეკიდა, ედგნეს, ჯდა, სდევდა, მოარბევდა, ღაღადებდა) თანაარსებობს უფლის აბსოლუტური და ყოველწამიერი განცდის უძრაობასთან. ეს არის განვითარებისა და მარადისობისკენ მიპყრობილი უძრავი მზერის შემაძრწუნებლად მშვენიერი ერთობა.
2. ეს, ამავე დროს, არის შეუთავსებელთა შეთავსება, რაც ღვთის ყოვლად საკვირველი გამაერთიანებელი მნიშვნელობისა და მოქმედების მიღმა უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელია.
3. ადამიანი ცის (ღმერთის) ნაწილი და მისი ხატების გამომხატველია, მაგრამ ცოდვას ნაზიარები კაცის ცასთან კავშირი უკიდურესად პრობლემური და საბოლოო მარცხს მიახლებულია („ბეწვითა ეკიდა“).
4. ამგვარი სავალალო ვითარების მიუხედავად, ადამიანი ვერ და არ თმობს თავის ამპარტავნებასა და ძალაუფლებისაკენ მუდმივ, შეუჩერებელ სწრაფვას – თუ ერთი ხელით მაცოცხლებელ ბეწვს ჩასჭიდებია, მეორე ხელით სწორედ ამპარტავნების შუბი აღუმართავს, რომლის წვერსაც „დარბაზნი“, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვან მიწიერ სიამეთა სიმბოლო, „ედგნეს“.
5. რას ნიშნავს ამ კონტექსტში „მუმლი“? ეს სახე აქ შორსაა ცნობილი ქართული ტექსტისა და სიმღერის („მუმლი მუხასა“) გააზრებისგან და ამქვეყნიურ წვრილმანთა მარადიულ ღირებულებებზე აღმატებას გამოხატავს. აქ ჩვეულებრივი ცხენოსანი რაინდის სახე, რომელიც სიკეთისა თუ სიყვარულის მსახურებასა და ბოროტ ვნებებთან ბრძოლას განასახიერებს, დაკნინებულია და ყველაფრის მოხვეჭის მიზანს გამოდევნებულ დამდაბლებულ პერსონაჟს – დაცემულ ადამიანს მოგვაგონებს. „ქურციკი“ აღმოსავლურ ლიტერატურაში სწორედ მიზანს გამოხატავს და მისი გამოდევნება მიზნისკენ დაუოკებელ სწრაფვას აღნიშნავს. გავიხსენოთ, მაგალითად, „ამირანდარეჯანიანი“, რომლის დასაწყისშივე ვხვდებით სანადიროდ წასულ (ნადირობა ამავე კულტურულ კონტექსტში რაიმეს მოსაძიებლად წასვლას ნიშნავს) მეფესა და მის ამალას, რომელთაც გზაზე უცნაურად ლამაზი ქურციკი გადმოუხტებათ – ძვირფასი თვლებისა და ოქროს სხეულით. მონადირეები მას გამოეკიდებიან, მაგრამ მოულოდნელი რამ ხდება – ვერც ეწევიან და არც ჩამორჩებიან. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა ან ხედვის რაკურსი. აქ არსებითი სათქმელი ის არის, რომ მთავარი მიზანი (მიზანთა მიზანი) ადამიანისთვის ხშირად მიუღწეველი შეიძლება დარჩეს, მაგრამ მისკენ სწრაფვისას კაცი ბევრ სხვა მიზანს მიაღწევს და ეს სწრაფვა განვითარებისა და საკუთარი ცხოვრების სრულყოფის უმთავრესი საწინდარია. თუმცა ამ კონტექსტში მუმლზე ამხედრებული კაცის სწრაფვას ირონიული შეფერილობა შეიძლება ჰქონდეს, თუ ჩვენი მსჯელობის მე-2 პუნქტს არ გავიხსენებთ.
6. მომდევნო სტრიქონში კვლავ შეუთავსებლის შეთავსებაა – თითქოს ხედვის რაკურსი სრულად იცვლება და ახლა უკვე ცხენზე ამხედრებულ რაინდს ვხედავთ, რომელიც მიწიერი ვნებებისგან ადამიანის სულისთვის საგანგებოდ შექმნილი ზღვარის გადალახვას ცდილობს. საგულისხმოა, რომ უკვე გამოთქმული შეხედულების თანახმად (რომელსაც ბევრი იზიარებს), ქართული ცნობიერებისათვის ზღვა ახალი სივრცის გახსნას კი არა, შესაძლოა, სივრცის დახშობას ნიშნავდეს (ზღვარი და ზღვა). იამბიკოში კი სწორედ ამ საზღვრის გადალახვას ესწრაფვის მხედარი. ასეთი თვალსაზრისით (ზოგადად კი, ფანტასტიკური დინამიკითა და ტელეოლოგიით ანუ ერთმიზნობრიობით), ეს ტექსტი ძალიან ჰგავს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანს“ და მის ლიტერატურულ წინამორბედადაც შეიძლება განვიხილოთ.
7. მიწიერი წვრილმან-აბსურდულობის დაძლევითა და გადალახვით ადამიანი ესწრაფვის საკუთარ თავში კვლავ აღიდგინოს ღვთის განცდა გონებითაც და გულითაც, მოარიგოს ეს ორი – თითქოს მარადიულად შეურიგებელი – კაცობრივი სტიქია და შეუერთდეს პირველქმნილი სამყაროს უფლით დალოცვილ ჰარმონიას. ეზიაროს სულის სიმშვიდესა და მარადისობას.
მართლაც, საოცარი ტექსტია – უკიდურესი ლაკონიურობით უტეხი რწმენისა და მშვენიერი ადამიანური სევდის გამომხატველი.