სტატიის ავტორი: სოფო წვერაიძე
საქართველო მდიდარია მუსიკოსებით, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით ქართველ ხალხს მე-20 საუკუნის პერიოდი შეუმსუბუქა. დღეს მათი ნაწარმოებების, სიმღერებისა თუ მათი ხმის გარეშე ქართული მუსიკა ვერ წარმოგვიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ქალები გასულ საუკუნეშიც უფლებებისთვის იბრძოდნენ, საქართველოში იყვნენ ისეთი მუსიკოსები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს. მათი სიმღერები დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. აუცილებელია, მათ შორის დავასახელოთ დები იშხნელები – ქალაქური ფოლკლორის სიმღერების შემსრულებლები. თავდაპირველად, ოჯახში მუსიკას სამოყვარულო დონეზე უკრავდნენ და მღეროდნენ. ოფიციალურად კი ნინოს, თამარის, ზინაიდასა და ალექსანდრას კვარტეტი შეიქმნა 1941 წელს. დიდია დების როლი მეორე მსოფლიო ომის წლებში ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწასა თუ რეპერტუარის გამდიდრებაში. მათ ეკუთვნით ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიცაა: „ყოველ სნეულებაზე“, „მხოლოდ შენ ერთს“ და სხვ . მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ომის დროს კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. ისინი ფაქტიურად ბრძოლის ველზე მართავდნენ კონცერტებს ჯარისკაცებისთვის და ვითარებას ამით განმუხტავდნენ. დების სიმღერებს დღესაც ცოცხლობს ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიებითა და უშუალოდ კვარტეტის ნამღერის სახით.
მოგვიანებით ქართველი ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცა ინოლა გურგულია, რომლის სიმღერებიც მიუხედავად იმისა, რომ ფირფიტების სახით არაა შემორჩენილი, მაინც ყველა თაობაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით ცოცხლობს და ერთგვარ ქართულ იდენტობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თავად გურგულიას მიერ შექმნილ სიმღერებს, რომლებიც წარმოადგენდა ახალ მიმდინარეობას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. ეს იყო ერთგვარი აკორდული სიმღერის სტილი, რომელიც ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა. ინოლას სულაც არ უსწავლია კონსერვატორიაში და ,მიუხედავად ამისა, ის დარჩა ისტორიაში ქალად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული მუსიკის ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბებას, რომლსაც დღეს ქალაქური სიმღერების სახელით ვიცნობთ. მისი სიმღერებია: „მოვალ“, „საქანელა“, „შენთან“ , „ძეგლად გადმომეფარე“ და სხვები. ინოლას მემკვიდრეობას დღეს აგრძელებენ მისი შვილები: ია და დავით შუღლიაშვილები.
მეოცე საუკუნის კომპოზიტორებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვახსენოთ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე. ქალი, რომელსაც თანამედროვეობაშიც ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს. მისი სიმღერები მოიცავს არა მხოლოდ პატრიოტულ და სატრფიალო, არამედ საბავშვო ჟანრებს. მან „ტრადიციული ქართული სიმღერების“ სახით 350-ზე მეტი სიმღერა დაწერა, მათ შორის ჩვენთვის ცნობილი: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“ , „ომში წასულო ვაჟკაცო“, „მეფის ქალი“ და სხვ. ამ და სხვა მიღწევების შედეგად კომპოზიტორს 2008 წელს გაუხსნეს ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან, როგორც საესტრადო სიმღერების ავტორს. თვითონ აღნიშნავს, რომ მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რევაზ ლაღიძემ მოახდინა, სწორედ ამ ინსპირაციის გამო გვევლინება დღეს რუსუდან სებისკვერაძე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალ კომპოზიტორად.
მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ქართველ ქალ შემსრულებლებზე, რომელთაგან გამოვარჩევ ლიანა ისაკაძეს, XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ მევიოლინე ქალს, რომელიც „ვუნდერკინდად“ იწოდება. მან ვიოლინოზე დაკვრა უკვე 3 წლის ასაკში იცოდა. 10 წლის ასაკში ის რესპუბლიკის ფესტივალის, მომდევნო წელს კი ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი გახდა, თუმცა ის მხოლოდ 11-ის იყო, ამიტომ პრემია ვერ მიიღო.
ლიანას დაკრული გამოირჩეოდა ოსტატობითა და ღრმა მუსიკალურობით. გასაკვირი არაა, რომ იგი ბევრი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. ისაკაძის რეპერტუარი შედგება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მუსიკისგან. აღსანიშნავია, რომ მევიოლინემ ქართული კამერული ორკესტრი, რომლის ხელმძღვანელიც თავად გახლდათ, გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა. მომდევნო წლებში კი იქ საკუთარი მასწავლებლის სახელობის მუსიკალური აკადემია დააარსა.
სია ძალიან გრძელია იმ ქალებისა, რომლებმაც ქართველებს, თავიანთი ღვაწლის სახით, დიდი საგანძური დაგვიტოვეს და დღესაც აგრძელებენ ქართული შედევრების შექმნას. ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა მუსიკოსების შთაგონებით დღეს გვყავს წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა ქალები, მათგან გამოვარჩევ:
ლიზა ბათიაშვილს – ქართველი წარმატებული მევიოლინე, რომელიც კონცერტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც მართავს. მისი და ახალი ალბომის “City Lights”-ის კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ევროპაში.
ხატია ბუნიათიშვილს – ასევე წარმატებულ პიანისტს, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია და მას 12 წლიდან არა ერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
ანიტა რაჭველიშვილს – ქართველ ოპერის მომღერალს, რომელიც ცნობილია ჟორჟ ბიზეს „კარმენში“ მთავარი როლის, კარმენის, შესრულებით. ამან ანიტას დიდი წარმატება მოუტანა და ამის შემდეგ მან ეს როლი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენაზე შეასრულა. ის დღესაც აგრძელებს ამ და სხვა ოპერების შესრულებას ევროპაში.
ლიზი რამიშვილს – გამორჩეული მუსიკოსი, ჩელისტი. ლიზი სცენაზე 7 წლის ასაკიდან დგას. მისი კონცერტებიდან მნიშვნელოვანია დუეტი ხატია ბუნიათიშვილთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან. რამიშვილის მუსიკალური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი „კარნეგი-ჰოლში“ მისი დებიუტი იყო.
ამ და სხვა მუსიკოსებმა განაპირობეს ერთგვარი ქართული იდენტობის შექმნა. მე-20 საუკუნის კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა რთული ისტორიული თუ პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განაგრძეს ქართული კულტურის განვითარება. მათ შექმნეს ნაწარმოებები, რომლებზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან. თანამედროვე მუსიკოსმა ქალებმა კი შეძლეს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს, როგორც გამორჩეული კულტურის მქონე ქვეყნის, წარდგენა. ქართველმა მუსიკოსმა ქალებმა დაგვიტოვეს სიმღერები თუ კომპოზიციები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი ბავშვობის ნაწილია. მათი ვინაობის შესახებ ბევრმა უნდა იცოდეს და იამაყოს.