სტატიის ავტორი: გია მურღულია
ტონი მორისონის რომანში „ქებათა ქება სოლომონისა“ (ინგლისურიდან თარგმნა ეკატერინე მაჩიტაძემ, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2019) 197-ე გვერდზე ასეთი დიალოგია:
ამას ორი უბრალო შავკანიანი ქალი ლაპარაკობს. არც დიდი განათლებით გამოირჩევიან და არც სოციალური სტატუსით. ისინი ადასტურებენ, რომ არსებობს უბრალო სიბრძნეც, რომელიც ადამიანთან უნივერსიტეტიდან კი არა, ცხოვრებიდან მოდის. შესაძლოა, ასეთ სიბრძნეს მოპოვებაც არ უნდა (იმიტომ, რომ მისი „მოპოვება“ შეუძლებელია) და, ნებსით თუ უნებლიეთ, გვეძლევა – ჩვენი დამსახურება აქ არაფერია.
„თვითონ თუ არ უნდა, ისე არავინ კვდება“ – რას ნიშნავს ეს სიტყვები? განა ელემენტარულ აბსურდად არ ჩანს?
ნუთუ იმას, რომ ადამიანი ჯერ საკუთარი თავისთვის ან საკუთარ თავში კვდება და შემდეგ – სამყაროსთვის?
„გგონია, ადამიანის სიცოცხლე უსასრულო უნდა იყოს?“
ზოგიერთის კიო. მერე ვინ არჩევს ამ ზოგიერთს? თურმე ყველა თავად წყვეტს, იცოცხლოს, თუ არა.
როგორ ჰგავს ტყუილს და როგორი სიმართლეა!
განა რაიმე სხვანაირი გამართლება აქვს იმ ფანტასტიკურ ძღვენს, ღმერთმა რომ ადამიანისთვის გაიმეტა? – თავისუფალ ნებას.
ამ დიალოგს კიდევ სხვა განზომილებებიც აქვს – საინტერესოც და მრავალმხრივ დასანახავ-შესაფასებელიც.
ასეთი „უბრალო სიბრძნე“ ადამიანის ფიქრის ბირთვულ რეაქციას ბადებს და შეიძლება წიგნის ერთ გვერდზე მთელი დღე შეგაყოვნოს.
კარგი წიგნი თითქოს სამყაროს რომელიღაც კარს გიხსნის ფართოდ, მაგრამ, სინამდვილეში, საკუთარი სულის სიღრმეებისკენ მიგიძღვის.
წიგნები – სულის სარკეები.