
სტატიის ავტორი: ლილუ ჩხარტიშვილი
თერთმეტი წელი და ჰოპ! ერთი წელი რჩება სტუდენტობამდე. მოსწავლე, უკვე აბიტურიენტი, არჩევანის წინაშე დგას. ასეთ დროს ადამიანი ხშირად ნატრობს დახმარებას, ოდნავ ბიძგს ან რჩევას, რათა სწორ გზას გაჰყვეს, არ დამარცხდეს. აბიტურიენტსაც სჭირდება სანდო მრჩეველი, რომელიც გზის გაკვალვაში დაეხმარება, სწორად დაანახვებს, თუ რა შეუძლია და რისი შანსები აქვს, გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას. ეს რთული გზა მოზარდმა მარტომ რომ არ განვლოს, ხელშეწყობა, უპირველეს ყოვლისა, სკოლისაგან უნდა მიიღოს, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ხიდი აბიტურიენტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის.
ამგვარი შუამდგომლობა აბიტურიენტს ინტერესის სფეროს პოვნაში, სასურველი უნივერსიტეტის არჩევასა და სასიკეთო, თან სასიცოცხლო გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. წლებია, რაც ჩვენი სკოლა, IB მთიები, ამ ხიდის ფუნქციას ასრულებს. პირველ რიგში, მოსწავლეებს გვეძლევა შესაძლებლობა გავეცნოთ უნივერსიტეტებს, მათ ფაკულტეტებსა და ინფრასტრუქტურას. საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ხშირად ტარდება ვიზიტები და გასვლითი ღონისძიებები, რომელიც მოსწავლეს უადვილებს გაეცნოს, როგორც საუნივერსიტეტო გარემოსა და ცხოვრებას, ისე აკადემიურ სივრცეს. ამასთანავე, აბიტურიენტები სკოლის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ხშირად თანამშრომლობენ. იქნება ეს სხვადასხვა აკადემიურ ღონისძიებაში, კონკურსებში მონაწილეობა, თუ პროექტზე ერთობლივი მუშაობა. აღსანიშნავია, რომ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ ერთად მთიების მოსწავლეებს არაერთხელ ჩაუტარებიათ სასამართლო პროცესები. კონკურსებს რაც შეეხება, სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ კონკურსში: „ვწერ თავისუფალ თემას“. ყოველწლიურად ვატარებთ Ted Talk-ს „ქართულ-ბრიტანულ უნივერსიტეტთან“ ერთად, ხშირად წარგვიდგენია პროექტი „ვირტუსი“ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში( გაუ). ეს და სხვა ერთობლივი ღონისძიებები თითოეულ ჩვენგანს ეხმარება გამოიმუშავოს საუნივერსიტეტო უნარ-ჩვევები, გაეცნოს სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის მეთოდებსა და კვლევის ადეკვატურად წარმართვის ხერხებს. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა გვაძლევს სწრაფად ცვალებად ინფორმაციას, თუ რომელი პროფესიებია მოთხოვნადი სამუშაო ბაზარზე და რა პერსპექტივა აქვს ამა თუ იმ კარიერას. ჩვენი ინტერესის სფეროს არჩევაში, ასევე, ძალიან გვეხმარება მათ მიერ შემოთავაზებული ვორქშოპები და მასტერკლასები. შეგვიძლია გავიხსენოთ „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, ეკა კაველიძის, ვორქშოპი: „როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომის ძირითადი სტრუქტურის და მახასიათებლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებთან ურთიერთობა ქმნის ნეთვორქინგის შესაძლებლობას. სკოლის შუამდგომლობით, გვეძლევა შანსი შევხვდეთ სხვადასხვა დარგის პროფესორსა თუ ექსპერტს. ვსაუბრობთ მათთან, ვცვლით იდეებს, ვმუშაობთ ერთად. საბოლოოდ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ რეალური წარმოდგენა გვექმნება უმაღლესი სასწავლებლების შესახებ და, ამგვარად, გადაწყვეტილების მიღება და მომავლის განსაზღვრა უფრო გვიადვილდება.
„მე ვარ ანი ნადირაშვილი, დავასრულე სკოლა აიბი მთიები და ამჟამად ვსწავლობ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კავკასიის უნივერსიტეტში.
უშუალოდ ჩემს შემთხვევაში, მთიებმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა უნივერსიტეტის არჩევის პროცესში, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა ხშირად გვაკავშირებდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში. ამ დროს არა მარტო გვაცნობდა მათ სისტემასა და გვახედებდა შიდა სამზარეულოში, არამედ გვეძლეოდა შესაძლებლობა დავსწრებოდით სპიკერების ლექციებს, რომლებიც კონკრეტული უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ.
უნივერსიტეტების გაცნობის შემდეგ ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და მალევე მივხვდი, თუ სად მინდოდა სწავლის გაგრძელება. ამას დაემატა ისიც, რომ ვიცნობდი კავკასიის უნივერსიტეტის სწავლების ხარისხს და ჩვენი სკოლის მსგავსება არჩეული სასწავლებლის სისტემასთან, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური არჩევანი იქნებოდა. რეალობამ მოლოდინებს გადააჭარბა და საუკეთესო გარემოში აღმოვჩნდი. ჩემთვის მოულოდნელად სასიამოვნო იყო, როდესაც სხვა სტუდენტებზე დაკვირვებით გავაცნობიერე, რომ სკოლამ მეტნაკლებად მოგვამზადა იმისთვის, რაც დაგვხვდებოდა საუნივერსიტეტო სივრცეში, ადმინისტრაციული კუთხით, საკუთარი თავის მობილიზებითა თუ სწავლის სისტემით. რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ სკოლაში შეძენილი უნარები სტუდენტურ ცხოვრებაში დღითიდღე მადგება და მეხმარება ენერგია დავზოგო წვრილმანებში და დრო სწორად გადავანაწილო, ეფექტური სამუშაოსთვის.
რაც შეეხება ფაკულტეტს, 4 წლის განმავლობაში ვიცოდი, თუ რა მინდოდა პირადი გამოცდილებებიდან გამომდინარე, თუმცა ინტერესის გაღვივებაში, აღსანიშნავია, რომ დამეხმარა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სპიკერების ლექციები და მათთან უშუალო ურთიერთობა სკოლის შუამდგმოლობით“.