სტატიის ავტორი: კესარია ლომიძე
არის თუ არა სასკოლო დისციპლინა საჭირო?
რა არის დისციპლინა?
დისციპლინა გულისხმობს მტკიცედ დადგენილ წესს, რომლის დაცვა სავალდებულოა ამა თუ იმ კოლექტივის ყველა წევრისთვის. ცნობილია დისციპლინის სხვადასხვა სახეები: სასკოლო დისციპლინა, სამხედრო დისციპლინა, შრომის დისციპლინა, სახელმწიფო დისციპლინა და სხვა.
რატომ უნდა დავიცვათ დისციპლინა?
დისციპლინის დაცვით იქმნება ხელსაყრელი პირობები სხვადასხვა დაწესებულებასა თუ გარემოში, რაც ჩვენ ხელს გვიწყობს ეფექტურად მუშაობასა თუ სწავლაში, ასევე დისციპლინის დაცვის უნარი მეტყველებს ადამიანის მენტალობასა და კულტურაზე.
რა არის სასკოლო დისციპლინა და რატომ არის მისი დაცვა მოსწავლეთათვის სასარგებლო?
სასკოლო დისციპლინა არის დადგენილი წესი, რომელიც განსაზღვრავს წესრიგს სკოლაში, რათა წარმატებულად ჩატარდეს საგაკვეთილო პროცესი და სხვა სასკოლო-საგანმანათლებლო ღონისძიებები. თუ საგაკვეთილო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, მოსწავლე იძენს ცოდნას, სასკოლო დისციპლინით დადგენილი წესების დაცვით კი გამოიმუშავებს უნარ-ჩვევას, მიჰყვეს დადგენილ პროტოკოლს, რომელიც არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მომავალში სამუშაო დაწესებულებაშიც გამოადგება, ვინაიდან ნებისმიერი სფეროსთვის მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალიზმი, ისე ადამიანის უნარი, დაემორჩილოს დადგენილ წესებს და არ დაარღვიოს პროტოკოლით დადგენილი ნორმები. ე.ი. სასკოლო დისციპლინა ხელს უწყობს მოზარდის პიროვნულ ზრდას და ეხმარება მას პროფესიული წარმატების მიღწევაში.
რას მოიცავს სასკოლო დისციპლინა?
მოსწავლის ქცევის კოდექსის მიხედვით:
1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე;
2. გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები;
3. მოსწავლე გამოხატავს აზრს და შეხედულებებს ისე, რომ არ ილახება სხვათა უფლებები;
4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს არასასწავლო მიზნით;
5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, იცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, არ მიმართავს პლაგიატს;
7. მოსწავლე არ ავრცელებს რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას;
8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე;
9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა ან სკოლის ქონებას;
10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
როგორ შეიძლება დაისაჯოს მოსწავლე, რომელიც არ ემორჩილება ამ წესებს?
თუ მოსწავლე არ ემორჩილება ზემოთ აღნიშნულ წესებს, მაშინ საგანმანათლებლო დაწესებულება გარკვეული დროით დაითხოვს, გააფრთხილებს ან გარიცხავს ურჩ მოსწავლეს. გარიცხვის შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უკვე შეუსრულდა 14 წელი, მაშინ მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს ის საგანმანათლებლო ორგანო, რომელსაც ექვემდებარება კონკრეტული სასწავლო დაწესებულება, ხოლო თუ მოსწავლეს ჯერ არ შესრულებია 14 წელი, მაშინ მისი გარიცხვა მხოლოდ მშობლის თნხმობით არის შესაძლებელი.
როგორ უწყობს ხელს მასწავლებელი მოსწავლეს სასკოლო დისცოპლინის დაცვაში?
მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს სასკოლო დისციპლინის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. მან თვალ-ყური უნდა ადევნოს მოსწავლეების საქციელს და, სასკოლო დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, მიუთითოს შეცდომაზე.
რა ეხმარება მოსწავლეს დისციპლინურ ქცევასთან შეგუებაში?
დისციპლინური ქცევა მოსწავლეს შინაგან მოთხოვნილებად, უნარ-ჩვევად უნდა ექცეს, რაშიც დაეხმარება სხვადასხვა საჭირო აქტივობა, ღონისძიება თუ სკოლის მიერ ინიცირებულ პროექტში ჩართვა.
გამოყენებული მასალა
https://minikar.ru/ka/health/dlya-chego-nuzhna-disciplina-metody-discipliny-problema-shkolnoi/
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=11515
https://dwax.ru/ka/chto-takoe-disciplina-zachem-ona-nuzhna-cheloveku-vidy-discipliny/https://edu.aris.ge/news/moswavlis-qcevis-kodeqsi.html