სტატიის ავტორი: გიორგი ლომთაძე
8 ოქტომბერს გამთენიისას, ისრაელის მოსახლეობა საჰაერო იერიშის ხმამ გამოაღვიძა. ქვეყანა უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნე გახდა. „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით შვიდი ათასი რაკეტა ისროლა, რასაც მოჰყვა ღაზას სექტორის მხრიდან სახმელეთო იერიშიც.
ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში უძლიერესი დაზვერვა ჰყავს, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ანალიტიკოსების პირველი გაოცება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია – რას აკეთებდა „მოსადი“, როცა ტერორისტები დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობით მარაგებოდნენ.
„ თანამოქალაქენო, ჩვენ ომში ვართ“ _ პირველივე ოფიციალურ განხადებაში თქვა ისრაელის პრემიერმა და სრული მობილიზაციის ბრძანება გასცა, თუმცა ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო ისრაელის ასობით მოქალაქე. მსოფლიო შეძრა ტერორისტების შეტევის დროს მძევლებად აიყვანილი, გალიაში გამომწყვდეული ბავშვების კადრებმა.
„მათ ჯოჯოხეთის კარიბჭე გახსნენ და ამისთვის პასუხს აგებენ“, – განაცხადა მოგვიანებით ბენიამინ ნეთანიაჰუმ და გასაგები იყო საპასუხო იერიშიც არანაკლებ რადიკალური იქნებოდა. ღაზას სექტორი ცეცხლის ალში გაეხვია.
ვინ დგას ამ მოულოდნელი საომარი მოქმედებების უკან? – პოლიტოლოგები ჯერ კიდევ თავს იმტვრევენ. გაჩნდა მოსაზრება, რომ ისრაელში მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, გადაიზარდოს უფრო დიდ, რეგიონულ კონფლიქტში და საბოლოოდ ისრაელი გახდეს მსოფლიო დაპირისპირების ეპიცენტრი.
ისრაელს ღაზას სექტორში ტერორისტებისა და მათი ინფრასტრუქტურის მიწასთან გასწორება აქვს გადაწყვეტილი. მისი მხრიდან ეს შექმნილ სიტუაციაში აუცილებლობით გამოწვეული ნაბიჯია, მაგრამ თუ ამას მოჰყვა, არაბული და მუსულმანური სამყაროს მხრიდან ღიად ჩართვა საომარ მოქმედებებში, როგორ განვითარდება მოვლენები? მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი უძლიერესი სახლმწიფოა, შეძლებს კი ამხელა მასშტაბის იერიშის მოგერიებას?
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება. ერი, რომლის წიაღშიც იშვა მაცხოვარი, კვლავ უკიდურესად რთული გამოცდის წინაშეა.
ცნობილი პროცესების გამო სამშობლოდაკარგულმა და მთელ მსოფლიოში გაფანტულმა ებრაელებმა 1947 წელს შეძლეს საკუთარ მიწაზე დაბრუნება, როცა გაეროს გადაწყვეტილებით, პალესტინის ტერიტორია გაიყო ორ _ ებრაულ და არაბულ ნაწილებად. ეს ბუნებრივია, არაბებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 1948 წელს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მეზობელმა სახელმწიფოებმა ებრაელების ამ ნაბიჯს ომით უპასუხეს. შეტაკებები სერიებად გრძელდებოდა, რაც საბოლოოდ ისრაელის გამარჯვებით დასრულდა. ებრაელებმა მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოახერხეს, თუმცა კონფლიქტები მეზობელ ქვეყნებთან დროდადრო კვლავ იჩენდა თავს, მაგრამ ეს იყო ხანმოკლე და ლოკალური შეჯახებები. პროცესები, რომლებიც დღეს ხდება ,ბევრად უფრო მასშტაბურია და, როგორც უკვე ვთქვით, კონფლიქტში მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ჩართვას არ გამორიცხავს. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ისრაელზე გამარჯვების სურვილს არ მალავს ირანი და ტერორისტებს ღია მხარდაჭერას უცხადებს.