სტატიის ავტორი: სანდრო გუგუნავა
სიტყვა “ადამიანი: არ არის განსახილველი, როგორც პრედიკატი, განმსაზღვრელი იმ ვითომდა ჩვეული არსებისა, რომელსაც ასე მედიდურად მივიწერთ როგორც მოაზროვნენი, ისე გონებრივად დასახვეწნი. აშკარაა, რომ ზოგი არ დაიძაბება და აზრობრივ ნევროზსა და შემეცნების ჟინს დაიკმაყოფილებს მარტივი ბიოლოგიური განმარტებით. სწორედ აქ ერთვება ძლიერი სუბიექტი, შემეცნების ლტოლვით სულდგმული გონი, რომელიც მარტივ ცნებას დაინახავს, გასცდება და გაიჭრება პასუხის საძიებლად აზროვნების ბნელი, ამოუცნობი და სივრცეს მოწყვეტილი სენაკებისკენ. ამ მომენტისთვის დასაშვებია, დავარქვათ ინდივიდს ფილოსოფოსი, სიტყვიერი ცნების გაღმა მჭვრეტი და ახლებური ახსნის მაძიებელი. ჩვენ, ენობრივი განმარტებებით დაუკმაყოფილებელი სულები, ვცდილობთ, ვპოვოთ აზრობრივი მყარობა, ვეძებთ ჩვენი შემეცნების გრძნობასთან შესატყვის განმარტებას, მაგრამ სანამ ვეძიებთ პასუხს კითხვაზე: “ვინ არის ადამიანი?”, იქვე ავტომატურად ვშორდებით ამავე ტერმინის საწყისს ჩვენს თავში. ეს ჰეგელისეული “აზრის სხვადყოფნაა”, ადამიანის რაობაზე ფიქრი, რომელიც არათუ თვითშემეცნებას ემსგავსება, არამედ პასუხის ძიებაა აბსოლუტურად განმდგარ ფრონტზე გონებისა, სუბიექტისგან დაცილებულ ფრონტზე. თუკი აქ დავასინთეზებთ ჩვენებურსა და ერთი შეხედვით, ახალ საზრისს ზემოხსენებულ კითხვაზე, იგი არ შეგვმატებს ცოდნას საკუთარი თავების შესახებ.
ვფიქრობ, ჭეშმარიტად რომ გავიაზროთ ადამიანის ვინაობა აუცილებელია თავიდან ავირიდოთ ცნების აბსტრაგირებ აშემმეცნებელი გონებისგან (ჩვენგან), არ ვიფიქროთ ადამიანზე, როგორც სუბიექტისგან დაცილებულ ცნებაზე აზროვნებაში, არამედ ვაცოცხლოთ ეს იდეა ჩვენში (სუბიექტში), დავისახოთ იგი უზენაეს წარმოდგენად, რომელსაც გავუსწორებთ გონების თვალს და რაც მთავარია, აღვიქვამთ ადამიანად ყოფნას, როგორც მოწოდებას თვითშემეცნებისა და აზროვნებისკენ. “Sapere aude!” (“გაბედე გამოიყენო საკუთარი განსჯა” – კანტი:”რა არის განმანათლებლობა?”) გახდება ფრაზა მომწოდებელი თვითრეფლექსიისკენ, ვინაიდან “გონის ფენომენოლოგიის” შემქმნელთან, ცოდნა არის წმინდა თვითშემეცნება აბსოლუტურ სხვადყოფნაში. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის ჩვენ უნდა შევძლოთ და აღვიქვათ “ადამიანი” პირად იმანენტურ განსაზღვრებად და დავცილდეთ მის ზოგად ცნებას. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს ახალი და ყოვლისმომცველი განმარტების შეთხზვა, ვერას გავხდებით, რადგან ყოველთვის იარსებებს სიტყვა, ანუ ენობრივი სტრუქტურა და აგნოსტიკური ეპოსტემოლოგია, რომელიც დაგვაჯერებს საგნების არსებობას თავისთავად, როგორც ეს კანტთან გვხვდება ნოუმენების სახით. მათ სამყაროში აზროვნებით ორიენტირებას ფილოსოფოსი სიბნელეს ადარებს “პროლეგომენებში” – “წმინდა გონების კრიტიკის” განმარტებით წიგნში.
თუკი ვამბობთ, რომ შეუძლებელია ვპოვოთ უნივერსალური განსაზღვრება, რომელიც დააკმაყოფილებს მოაზროვნეთა ფილოსოფიურ (შემეცნების მოყვარულ) სამყაროს აღქმას, ჩვენ მაინც გვექნება სიტყვის ისტორიით ნაკარნახევი საზოგადო განმარტება. თავის დროს იგი წმინდად გარეგნული მახასიათებლებით იყო ნაკარნახევი, “ადამიანი” გახდა ფიზიკურად მსგავსის აღმნიშვნელი, შემდეგ გონება წინ წავიდა, აზრი განვითარდა და დეკარტმა თქვა: “ვაზროვნებ, შესაბამისად, ვარსებობ” (ანუ “ადამიანის” უფრო მეტაფიზიკურად გაგების მცდელობა იყო). ეს აზრი ზოგმა განავრცო ან საერთოდაც მრავალმა უარყო. საბოლოოდ, დამკვიდრდა კლასიკურ-მეცნიერული განმარტება, ბიოლოგიურისა და ქიმიური პროცესების ერთობამდე დავედით და სახეობათაც დავმკვიდრდით. ეს განმარტება უკვე შეგვიძლია მივიჩნიოთ საზოგადოდ, ვინაიდან, როგორც უკვე ვახსენეთ, ყოველი არ არის მოწოდებით ცნების უკან მჭვრეტი და კმაყოფილდება ენობრივი სტრუქტურით. ამრიგად, “ადამიანი” მეცნიერული პროგრესით ნაკარნახევ რიგიდულ წარმოდგენად ჩამოყალიბდა.
ეს ფილოსოფიის ტრაგედია იქნებოდა, გვეღიარებინა საგნობრივი (ვინაიდან ბიოლოგიური, თუნდაც მეცნიუერული) წარმოდგენა რაიმე საყოველთაოდ ჭეშმარიტად, რა თქმა უნდა, არსებობს ლოგიკის მეცნიერება და აპრიორულ დებულებათა განმსაზღვრელი მეთოდი, რომელიც იმანუელ კანტმა უკვე დაამკვიდრა. ეს მეთოდი, მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, მოიაზრებს ენობრივ თეზისთა შეკავშირებასა და გრძნობის ორგანოთა უზენაესობით დაგროვებული ინფორმაციის დახარისხებას შეძენილ წარმოდგენათა შეპირისპირებით. ჰეგელთან ეს უკვე თეზისა და ანტითეზის სინთეზის მეთოდად გარდაიქმნება. რასაკვირველია, ყოველი ცალკეული ენობრივი სტრუქტურის კოლიზია შეიქმს იმავე ტიპის (ენობრივ) ახალ წარმოდგენას, რომელიც ზემოხსენებული მეთოდით გამოიბრძმიდა და მომავალშიც იმავე ბედს გაიზიარებს. “ადამიანის” ბედიც ეს გახლავთ. “ვინ არის ადამიანი?”, ეს კითხვა მარადიული თანამგზავრი იქნება როგორც ფილოსოფოსთა, ისე სხვა მეცნიერთა. ჩვენი მოვალეობა (ფილოსოფოსების) ისაა, ვცადოთ და ჰიპოთეზური მეთოდით გავუსწროთ მეცნიერულ პროგრესს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი, ვიტყოდი დიდი შემართებითა და აღტყინებით – უზენაესი, არის, ვცადოთ და შევეჭიდოთ ჩვენს სუბიექტს, განვსაზღვროთ რა არის “ადამიანი” ჩვენში, ამრიგად ვინ და რა ვართ საკუთრივ ჩვენი თავებისთვის და არა თუ თავისთავად (ადამიანი, როგორც ნივთი თავისთავად – ნოუმენი).
“ვინ არის ადამიანი?”, კითხვა კარგავს საკუთარი ობიექტურობის პოტენციალს, გონებათა საზოგადო კმაყოფილების განცდის აღძვრის შესაძლებლობას, ეს ჩვენ შევძელით მსჯელობაში ზემოთ. განაცხადი თამამია, მაგრამ გაიაზროს ინდივიდმა, რომ “ადამიანი” მხოლოდ დროსა და ისტორიულ კონტექსტში მოკრებილი ცოდნით სულდგმული ცნებაა, მაშინვე დანევროზდება, დაიძაბება მისი გონება და მომენტშივე უარყოფს მეცნიერულ ცოდნას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებას. ენას ვერ დავუპირისპირდებით და ვერ მოვთხოვთ დაგვაკმაყოფილოს ფილოსოფიური შემეცნების ლტოლვის მხრივ, ვინაიდან წმინდად დიალექტიკურია, კერძოდ, რამდენადაც მიიწევს წინ საპიენსური აზროვნება, იმდენადვე იგი ამ პროცესს გადის ენის ფარგლებში და მყარიც არაა, რომ დააკმაყოფილოს შემმეცნებელ სუბიექტთა ჟინი, აღმოფხვრას იგი, ანუ შესთავაზოს მოაზროვნეთ “იდეალური აზრი”, უნაკლო ქმნილება და უნივერსალური სიმართლე.
რა დამრჩენია მე, “ადამიანს”, როდესაც ცხოვრება ემსგავსება აურიდებელ ტრაგედიას, განპირობებულს ჩემივე აზროვნების ტიპით, გამოუვალ ჩიხს, რომლის დაძლევა ჩემთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემი გონება, ანთროპომორფული გონება, ღმერთსაც კი მიკლავს, იმედს უზენაესი, მშველელი და შემფარებელი არსებისა მტაცებს ხელიდან და მიქარწყლებს, ვინაიდან, როგორ იქნება არსება მიღმიერი, თუკი ჩემი ზომთსადარი ლიმიტირებულია წმინდად ადამიანური განსჯის საზღვრებითა და აღქმით? მივმართავ შველას აგნოსტიციზმს, მაგრამ ამაოდ. შველის გზა, ვფიქრობ, ერთადერთია, ეს არის – აღიარება. მე ვარ “ადამიანი”, შესაბამისად – ბუნეაბ, ჩემში მოიპოვება მთელი სამყაროს საწყისი და მაქვს შესაძლებლობა დავტკბე პირადი აბსოლუტური უცოდინრობით, ვინაიდან ჩემივე ცოდნით დაუკმაყოფილებლობამ განაპირობა, რომ ვერ განვსაზღვრე უზენაესი სუბიექტური პრედიკატი (რომ ვარ ადამიანი) და ვერ ვძლიე ფიქრით ნევროზს. მე აღარ ვცდილობ ჩავეჭიდო ობიექტურობას, ანდაც დავაკმაყოფილო ჩემი ემოციური ფონი და შევუსატყვისო მას ღირსეული ცოდნა, არა. ესთეტიკური ტკბობის მომენტი მესახება განმათავისუფლებლად, ნევროტიკულ მდგომარეობაში მე გარდავიქმნები შემოქმედად, რადგან აზრობრივი უკმაყოფილებისგან გაქცევის ჟამს ვცდილობ გავიქარწყლო დარდი რაიმის ქმნადობით. ნე არ ვიცნობ ჩემს თავს, მე არ ვიცნობ “ადამიანის” ცნებას ჩემი სუბიექტის გარეთ, მაგრამ ის, რომ ვაზროვნებ, ის, რომ ვცდილობ ვძლიო გონებრივ ამოცანას, გარდამქმნის ხელოვანად, გრძნობის მაძიებლად და მაპოვნინებს ჩემს თავში ნიცშეს წარმოდგენას: “Esprit libre par excellence” (თავისუფალი სული უპირატესობით). ნიცშემ თავისი ფილოსოფიით ზუსტად, ადამიანის შემოქმედებისკენ მობრუნება სცადა. “არა რაციონალიზმს!” ყვირის მისი ფილოსოფია. გერმანელისთვის უზენაესი იყო ხელოვნება, ესთეტიკური გამოცდილება. ამას ცხადყოფს მისი ურთიერთობა ვაგნერთან, რომლის ხელშეწყობით მას უნდოდა შეექმნა ოპერა, დაესვა ხალხი სამი დღის განმავლობაში და დაეტკბო ისინი გერმანელი კომპოზიტორის შემოქმედებით. ამ მოვლენის შემდეგ, ნიცშეს სწამდა, რომ შეიძლებოდა ინდივიდთა “აზრობრივი გარდაქმნა”, ამრიგად, მუსიკა ფილოსოფოსისთვის მოიაზრებდა ნაბიჯს სანატრელი ზეკაცისკენ. თავად ნიცშეც კომპოზიტორი იყო, რომლის ნაწარმოებები ესთეტიკური სიამოვნების მიღების, ვფიქრობ, საოცარი გზაა.
ნიცშე, როგორც პიროვნება, ჩემი აზრით, ნათელყოფს სწორად ზემოხსენებულ მოსაზრებას ადამიანის აუცილებელი შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ. როგორ? იგი დაამარცხა ადამიანურმა სიბინძურემ, ზარატუსტრას იდეალი დღემდე მიუღწეველია, ადამიანის ცნება მოცულია ამორალური გაგებებითა და ნიჰილიზმით (ნიცშესთან ნიჰილიზმი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც “დანაშაული ცხოვრების წინააღმდეგ”, ისე, როგორც ქრისტიანობა მის ფილოსოფიაში), მაგრამ მან თავი დააღწია წუთისოფლისეულ სირთულეს, ვინაიდან პოვა მარტივი მშვენიერება ამ ცხოვრებისა, შექმნა საოცრად მხატვრული, თავისუფალი ნაშრომები და სულის დაუბრკოლებლობის აპოთეოზს მიაღწია მუსიკით.
ის, რომ ყოველი მოაზროვნე არ დაკმაყოფილდება ადამიანური განსჯის ფარგლებით, ვფიქრობ, უკვე ნათელია, ისიც აშკარაა, რომ სიტყვა “ადამიანი” როგორც დიალექტიკური და ენობრივად ფრაგმენტულად რიგიდული (მყარი), ისე ფილოსოფიური მსჯელობის მეთოდით – სრულიად ამოუცნობია. ჩვენი წარუმატებელი მცდელობა განვმარტოთ იგი (“ადამიანი”) არამხოლოდ ამ სიტყვას შეეხება, აიღე რაიმე წარმოდგენა და სცადე გაითავისო იგი, როგორც ზემოთ ვცადეთ, და მიხვდები, რომ იმავე ტიპის ჩიხს წააწყდები (როგორც ადამიანის ცნების განხილვისას). ჩვენ მივიღეთ ერთგვარი ეთერი, მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ ყოველგვარ ცოდნას და განვგმიროთ ენობრივი ფარგლები, მაგრამ სამწუხარო ნევროზის ჩამოყალიბების ფასად. აქ მთავარია სულიერი სიმტკიცე და შემართება, ვინაიდან ეგზისტენციალური კრიზისი ისედაც სავალალო სიტუაციას გააუარესებს. დაგვრჩენია ერთადერთი მომენტი, რომანტიკულ საწყისს მინდობა და მისი დიდება, ბუნების სიმარტივით აღტყინება და სუბიექტის, როგორც მისი ნაწილის აღიარება და პატივისცემა. – მე ვარ “ადამიანი”, შესაბამისად, ვარ ბუნებრივი სიწმინდე, ამრიგად, რა დამრჩენია, თუ არა მოცემულობის დიდება და პირადი ქმნადობის პოტენციალის ხორცშესხმა. – მე ვარ ადამიანი, შესაბამისად, ვარ შემოქმედი სული.