სტატიის ავტორი: გვანცა ძმანაშვილი
– ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ აიბი მთიების მოსწავლეებს მაღალი აკადემიური და ეთიკური მოსწრება აქვთ?
სტიმმეთოდოლოგიის ელემენტების სასწავლო პროცესში ინტეგრაცია, აკადემიური პროცესების კოლაბორაციული დაგეგმვა და განხორციელება, სკოლის სასწავლო გარემო და აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმი წარმოადგენს მაღალი აკადემიური და ეთიკური მიღწევების საფუძველს, რაც ვლინდება მოსწავლეების ჰოლისტიკურ ცოდნაში და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებაში.
– ბატონო რამაზ, ჩვენს სკოლას საკმაოდ საინტერესო ურთიერთობები აქვს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან, ორიოდე სიტყვა გვითხარით აიბი მთიების პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების შესახებ.
აიბი მთიების საქართველოს უმაღლესს სასწავლებლებთან თანამშრომლობაში მთავარი მიმართულებებია: პედაგოგების პროფესიული ტრენინგები, კურიკულუმის განვითარება, ერთობლივი აკადემიური პროექტები და ვორქშოფები. თანამედროვე განათლების სისტემების ჩართვა სასკოლო საგანმანათლებლო პროცესებში უმაღლეს სასწავლებლებთან (გაუ, კავკასიის უნივერსიტეტი, სეუ, ალმა მატერი, საავიაციო უნივერსიტეტი და სხვ.) და პროფესიული განათლების კოლეჯთან (კოლეჯი სპექტრი) თანამშრომლობით აძლიერებს აიბი მთიების მოსწავლეების, პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მუდმივი განვითარების პროცესს, რაც თვალსაჩინოდ აისახება ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებაში, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას, ასევე შემდგომ კარიერულ წინსვლაში. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის XI-XII კლასებში უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად შექმნილი სასწავლო მოდულები : კალკულუსი, სამართლის შესავალი, ეკონომიკის შესავალი და ინჟინერია ხელს უწყობს მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებელში სწრაფ ადაპტაციას. უნივერსიტეტის საათის ინტეგრაცია სასწავლო გეგმაში მოსწავლეებს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური გარემოს გაცნობასა და სტუდენტის უნარების შეთვისებაში ეხმარება. XI კლასების მოსწავლეების კოლეჯ სპექტრში სემესტრული სასერთიფიკატო სწავლება მოსწავლის პრაქტიკული (სახელობო) ცოდნის მიღებას ემსახურება, რაც თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოში ცოდნის გამოყენებით ადაპტაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
-ალბათ, დამეთანხმებით, რომ, აკადემიური ღონისძიებების გარდა, სააღმზრდელო, ეგრეთ წოდებული, კლასგარეშე აქტივობები მოსწავლის ცხოვრებაში აუცილებელია. რამდენად არის ეს აიბი მთიების კურიკულუმში გათვალისწინებული და მოაქვს თუ არა ამ ყოველივეს დადებითი შედეგი?
დიახ, აბსოლუტურად გეთანხმები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლის როგორც აკადემიური მოსწრება, ასევე მისი კრეატიული განვითარებაც. აიბი მთიების სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების განხორციელების ხარისხის მანიშნებელი კი არის ჩვენი მოსწავლეების მიღწევები სტიმოლიმპიადაში (საქართველო ბანკისა და კომაროვის სახელობის სკოლის პროექტი), უმაღლესი სასწავლებლების მიერ ორგანიზებულ აკადემიურ კონკურსებსა და ვორკშოფებში ჩართულობა (რა? სად? როდის?, „მართე სახელმწიფო,“ „ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში,“ „ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“), სპორტულ ტურნირებში მონაწილეობა – პირველი ადგილი თბილისის კერძო სკოლები საკალათბურთო ტურნირში და სხვა.
– ბატონო რამაზ, როგორც მთიების მოსწავლე, აქტიურად ვადევნებ თვალს ჩვენი სკოლის სოციალური მედიის გვერდს, სადაც ვხედავ ჩვენი სკოლისა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების საერთო ღონისძიებებს. მაინტერესებს, თქვენი, როგორც საშუალო სკოლის დირექტორის, მოსაზრება-როგორ ფიქრობთ, რისთვის არის აუცილებელი მსგავსი ურთიერთობები?
თანამედროვე სამყარო საინფორმაციო ველია. მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიები და განათლების სფეროს მზარდი კომპლექსურობა სკოლას კარნახობს, რომ ჩაერთოს ისეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში, რომლებიც ჩვენი მოსწავლეების ცოდნისა და შემეცნების, აიბი მთიების სასწავლო პროგრამების სრულყოფაში დაეხმარება.
– გთხოვთ, მოგვიყვეთ EduTech 2023 ვორქშოპის შესახებ?
თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გაცნობისა და შემდგომში აიბი მთიებში დანერგვის მიზნით სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს EduTech 2023 ვორკშოფში ამსტერდამში. განსაკუთრებული ინტერესი მაღალი ტექნოლოგიებისა (რობოტიკა, ინჟინერია) და ხელოვნური ინტელექტის სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის პერსპექტივამ დაიმსახურა.
– ძალიან საინტერესოა აიბი მთიების ახალ პარტნიორ სასწავლებლებთან ურთიერთობა, კერძოდ, კემბრიჯის სენტ ენდრიუს კოლეჯთან. რას გვეტყოდით ამ სიახლის შესახებ?
მიმდინარე სასწავლო წლის კიდევ ერთი სიახლეა აიბი მთიებსა და კემბრიჯის სენტ ენდრიუს კოლეჯს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ კემბრიჯის უნივერსიტეტში გააგძელონ სწავლა.
– ასევე აღსანიშნავია ვებსტერის უნივერსიტეტთან ახალი თანამშრომლობა. იქნებ, ამაზეც გვესაუბრა ორიოდე სიტყვით?
აიბი მთიებმა საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ვებსტერის უნივერსიტეტთან ქალაქ ვენაში და პრაღის უნივერსიტეტთან ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკვე მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს ჩაერთონ ვებსტერის უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებში.