
სტატიის ავტორი: გია მურღულია
ქართველ მკითხველთა ფართო წრისათვის თითქმის უცნობია XVII საუკუნის ძალიან საინტერესო ფრანგი მოაზროვნის ბერნარ ლე ბოვიე ფონტელენის სახელი და მოღვაწეობა.
თავისი ხანგძლივი სიცოცხლის განმავლობაში (1657-1757) ამ მრავალმხრივ განვითარებულმა და შორსმჭვრეტელმა კაცმა, რომელსაც ფრანგი განმანათლებლები უღრმესი პატივისცემით მოიხსენიებენ, ბევრი ღირშესანიშნავი ფილოსოფიური, მეცნიერული და მხატვრული ნაშრომი შექმნა – მათი ზეგავლენა როგორც ფრანგულ, ისე მთლიანად ევროპულ კულტურაზე, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, საკმაოდ თვალსაჩინო და ანგარიშგასაწევია.
ბერნარ ფონტელენის დიდი მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია: „ძველ და ახალ გარდაცვლილთა დიალოგები“, „პლუტონის მსჯელობა“, „ცნობა კუნძულ ბორნეოს შესახებ“, „მსჯელობანი სამყაროთა სიმრავლის შესახებ“, „წინასწარმეტყველთა ისტორია“, „მითების წარმოშობის შესახებ“, „ძველებისა და ახლების შესახებ“. უნდა მოვიხსენიოთ, აგრეთვე, მისი მრავალტომიანი ნაშრომი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის შესახებ (1661 წელს ის ამ აკადემიის წევრად აირჩიეს, 1699 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი მისი უცვლელი მდივანია).
ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ბ. ფონტელენის მეტად ცნობილ ნაშრომზე „ძველ და ახალ გარდაცვლილთა დიალოგები“, რომელშიც ავტორი აზროვნების დიალოგური ფორმის ჭეშმარიტ დიდოსტატად გვევლინება (ნაწარმოები პირველად 1683 წელს გამოქვეყნდა).
ფრიდრიხ ნიცშე თავის წერილში „რით ვარ დავალებული ძველებისგან“ წერდა: „პლატონის დიალოგებმა, დიალექტიკის ამ არაჩვეულებრივად თვითკმაყოფილმა და გულუბრყვილო სახემ რომ აღგვაფრთოვანოს, აუცილებელია წარმოდგენა არ გვქონდეს კარგ ფრანგებზე, მაგალითად ფონტელენზე“.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს სხვაგვარად შეიძლება შევხედოთ, მაინც საყურადღებო განცხადებაა, რაც უეჭველად ადასტურებს, რომ მრავლის უარმყოფელი და ტრადიციულ ღირებულებათა არაერთგზის გადამფასებელი ნიცშე ფონტელენს დიდებულ მოაზროვნედ მიიჩნევდა.
ხსენებულ ნაწარმოებში სულ 35 დიალოგია, რომელთაგან ორს გთავაზობთ – ის, რაც ღირებულია, არასოდეს ძველდება.
არტემისია – ეს ჩემთვის სრული სიახლეა! თქვენ ამბობთ, რომ ისწრაფვოდით ამოგეხსნათ საიდუმლო, რაც საშუალებას იძლევა მეტალები ოქროდ ვაქციოთ და რომ ამ საიდუმლოს ფილოსოფიურ ქვას ან „დიად ქმნილებას“ უწოდებენ?
რაიმონ ლული – დიახ და მე მას ძალიან დიდხანს ვეძებდი.
არტემისია – მერე იპოვეთ?
რაიმონ ლული – არა, მაგრამ მთელ ქვეყანას სწამდა და ახლაც სჯერა, რომ ის არსებობს. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ეს საიდუმლო – ქიმერაა.
არტემისია – ვშიშობ, რამდენადმე დაგიგვიანდათ.
რაიმონ ლული – კარგად ვხედავ, რომ გსურთ დამცინოთ. მაგრამ შესაძლოა ვერც კი დაიჯერონ, რამდენად ვგავართ ჩვენ ერთმანეთს!
არტემისია – მე . . . მე თქენ გგავართ?! მე, ვინც მეუღლეობრივი ურთიერთობების მაგალითი ვიყავი, ქმრის სიკვდილის შემდეგ მისი ფერფლი შევსვი თასიდან, მის პატივსაცემად დიდებული ძეგლი ავაგე – მთელი ქვეყნის აღტაცების საგანი! როგორ შეიძლება იმ ადამიანს ვგავდე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მეტალების ოქროდ გადაქცევის საიდუმლოს ამოცნობაში გალია?
რაიმონ ლული – დიახ, დიახ, შესანიშნავად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. იმ ბრწყინვალე საქმეთა შემდეგ, რომლებითაც ახლა ტრაბახობით, თქვენ უგონოდ შეგიყვარდათ ჭაბუკი, რომელსაც არ უყვარდით; მას შესწირეთ მსხვერპლად ის დიდებული შენობა, ასეთი უდიდესი სახელი რომ მოგიხვეჭათ. მავზოლის[3] ფერფლი, რომელიც მიირთვით, მთლად კარგი წამალი ვერ გამოდგა თქვენი ახალი გატაცებისთვის.
არტემისია – არ მეგონა, ასე კარგად თუ იცნობდით ჩემს საქმეებს. ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი, სავსებით უცნობი დარჩა და ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ კიდევ იქნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ის ეცოდინებოდათ.
რაიმონ ლული – მაშასადამე, უნდა აღიაროთ, რომ ჩვენი ბედი სწორედ აქ იკვეთება – ორივეს დაუმსახურებლად გვიკმევდნენ გუნდრუკს: თქვენ იმიტომ, რომ ქმრის მარადიულად ერთგული ეგონეთ; მე – იმიტომ, რომ ჩემს დიად შრომას დასრულებულად მიიჩნევდნენ.
არტემისია – სიამოვნებით ვაღიარებ ამას. ბრბოს ყოველთვის უწერია, მოტყუებული იყოს; უნდა შეგეძლოს მისი განწყობილებიდან სარგებელი ნახო.
რაიმონ ლული – განა ჩვენ სხვა არაფერი გვანათესავებს?
არტემისია – იმ თვალსაზრისით, რაც აქამდე ბრძანეთ, მე საკმაოდ გგავართ თქვენ. გააგრძელეთ.
რაიმონ ლული – განა ჩვენ ორივე ისეთ რაღაცას არ ვეძებდით, რაც საერთოდ არ არსებობს ქვეყანაზე? თქვენ – ქმრის ერთგულებას, ..მე კი – მეტალების ოქროდ ქცევის საიდუმლოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მეუღლებრივი ერთგულება იგივეა, რაც „დიადი ქმნილება“.
არტემისია – ამქვეყნად არსებობენ ადამიანები, რომელთაც ქალებზე ცუდი წარმოდგენა აქვთ: მათ, შესაძლოა, ისიც თქვან, რომ ფილოსოფიური ქვა არც ისე წარმოუდგენელი რამ არის, ამგვარი შედარებისთვის შედარებისთვის რომ გავწიროთ.
რაიმონდ ლული – ო! გარწმუნებთ, რომ საკმარისად წარმოუდგენელია.
არტემისია – მაშინ რატომღა ეძებთ მას? თქვენც კი, ვინც გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, ამ უაზრობას მიეცით!
რაიმონდ ლული – ჭეშმარიტად შეუძლებელია ფილოსოფიური ქვის პოვნა, მაგრამ კარგია, რომ მას ეძებენ, ამის კეთებისას ადამიანები ისეთ დიად საიდუმლოებებს ამოხსნიან ხოლმე, რომელთა მიწვდომასაც არც კი ესწრაფოდნენ.
არტემისია – განა არ სჯობს გონებისთვის მისაწვდომი საიდუმლოებებ ვეძებოთ, ვიდრე ისეთებზე ვიოცნებოთ, რომლებსაც ვერასდროს ვერავინ გაიგებს?
რაიმონდ ლული – ქვეყნად ყველა მეცნიერებას თავისი ქიმერა აქვს, რომელთა გარშემოც ისინი ტრიალებენ, მაგრამ არ ძალუძთ მათი მოხელთება, თუმცა, ამ გზაზე ისინი საკმაოდ სარგებლიან ცოდნას იძენენ. თუ ქიმიას თავისი ფილოსოფიური ქვა აქვს, გეომეტრიას – წრის კვადრატურა, ასტრონომიას – ცარიელი სივრცე, მექანიკას – პერპეტუმ მობილე. არ არსებობს ყველაფერ ამის აღმოჩენის არავითარი შესაძლებლობა, მაგრამ ძალიან დიდი სარგებლობის მომტანია მათი ძიება. შესაძლოა, თქვენთვის ნაკლებად გასაგებ ენაზე გესაუბრებით, მაგრამ შესანიშნავად გამიგებთ, თუკი გეტყვით, რომ მორალსაც თავისი ქიმერა აქვს – კერძოდ, უანგარობა, სრულქმნილი მეგობრობა. მის მიღწევას იმედოვნებენ: ყოველ შემთხვევაში, მისკენ სწრაფვისას ადამიანები მრავალ სათნოებას იძენენ ან შექებისა და პატივისცემის ღირს საქციელს სჩადიან.
არტემისია – ვიმეორებ, მე იმ აზრის ვარ, რომ ქიმერებს, – ყველას რამდენიც არსებობს, – თავი უნდა დავანებოთ და მხოლოდ ის ვეძიოთ, რაც რეალურია.
რაიმონდ ლული – და თქვენ შეგიძლიათ ეს გწამდეთ? ხომ აუცილებელია, რომ ადამიანები ყველაფერში, რასაც ისინი აკეთებენ, სრულყოფილების მწვერვალს ჭვრეტდნენ, თუნდაც მათთვის მიუწვდომელს. ისინი არასოდეს მოჰკიდებენ ხელს საქმეს, თუკი ფიქრობენ, რომ მხოლოდ იმას მიაღწევენ, რასაც სინამდვილეში აღწევენ. საჭიროა, მათი გონების თვალწინ ყოველთვის იყოს წარმოსახვითი ზღვარი, რომელიც აღაფრთოვანებს მათ. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ქიმიკოსობა ოქროს შექმნამდე ვერ მიგიყვანსო, ამ საქმეს უბრალოდ თავს დავანებებდი. ვიღაცას თქვენთვისაც რომ ეთქვა, ქმრის ასეთი საარაკო ერთგულება, რითაც ამაყობთ, საკმაოდ არაბუნებრივიაო, თავს აღარ შეიწუხებდით მავზოლის ხსოვნის პატივსაცემად დიდებული აკლდამის აგებით. ადამიანები ყოველგვარ სიმამაცეს დაჰკარგავდნენ, საყრდენებად ყალბი იდეები რომ არ ჰქონდეთ.
არტემისია – კი მაგრამ, ასეთი თვითმოტყუება განა უსარგებლო არ არის?
რაიმონდ ლული – რას ჰქვია უსარგებლო?! თუკი, ჩვენდა სამწუხაროდ, ჭეშმარიტება თავისი ნამდვილი სახით მოგვევლინებოდა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დავკარგავდით. მაგრამ, როგორც ჩანს, მას კარგად ესმის თავისი დანიშნულება და ყოველთვის ჩრდილში იმალება.
სოკრატე – მონტენი
მონტენი – ეს თქვენ ხართ, ღვთაებრივო სოკრატე? როგორ მიხარია, რომ გხედავთ! ამ ქვეყანაში ეს-ესაა მოვედი და თავიდანვე თქვენი ძებნა დავიწყე. ბოლოს და ბოლოს, მას შემდეგ, რაც ჩემს წიგნში ყოველ წამს ვახსენებდი თქვენს სახელს და ქებათა-ქება მოგიძღვენით, უფლება მაქვს, თქვენთან საუბრის იმედი ვიქონიო და გავიგო, რაგვარად ფლობდით ამდენ გულუბრყვილო სათნოებას? მისი გამოვლინებები ხომ ესოდენ ბუნებრივი იყო! ეს სათნოება უმაგალითოა თქვენს ბედნიერ დროშიც კი!
სოკრატე – მოხარული ვარ, ვიხილო გარდაცვლილი, რომელიც როგორც მგონია, სიცოცხლეშიც ფილოსოფოსი იყო; მაგრამ რაკიღა, სულ ახლახანს ჩამობრძანდით ზემოდან და მე კი დიდი ხანია აქ ახალი არავინ მინახავს (მე ხომ თითქმის ყოველთვის მარტო მტოვებენ და მაინცდამაინც არც ესწრაფვიან ჩემთან საუბარს), ნუ გაბრაზდებით, თუკი გკითხავთ, რა ხდება ახალი. როგორ მიდის ცხოვრება? რამე ცვლილება ხომ არ მომხდარა?
მონტენი – ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. თქვენ ვეღარაფერს იცნობდით!
სოკრატე – აღფრთოვანებული ვარ! ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და კაცობრიობა უფრო დაბრძენდებოდა – მხედველობაში მაქვს, რომ დაბრძენდებოდა ჩემს დროსთან შედარებით.
მონტენი – რა გაქვთ მხედველობაში? პირიქით, ის უფრო სულელი და გარყვნილი გახდა – გაცილებით გარყვნილი, ვიდრე ოდესმე იყო, სწორედ ამ ცვლილებაზე მოგახსენებთ და ვიმედოვნებ, თქვენგან გავიგო იმ დროთა ისტორია, რომელთა მოწამეც იყავით, – დროთა, როდესაც ზეობდნენ დიადი პატიოსნება და სამართლიანობა.
სოკრატე – მე კი თქვენგან მსურდა გამეგო საუკუნის სასწაულთა შესახებ! ნუთუ იმის თქმა გინდათ, რომ თანამედროვე ადამიანები სრულად ვერ გათავისუფლდნენ ძველდროინდელი სისულელეებისგან?
მონტენი – მე მგონი, ასე დამცინავად იმიტომ ლაპარაკობთ ანტიკურობაზე, რომ თქვენ თვითონ ხართ ძველი; მაგრამ, დაე, თქვენთვის ცნობილი გახდეს – ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, სინანულმა შეგვიპყროს იმის გამო, რომ ძველი ზნეობა წარსულს ჩაბარდა, – ამიტომაცაა, რომ ყოველდღიურად უარესდება ყველაფერი.
სოკრატე – ნუთუ ეს შესაძლებელია?! როგორც ჩანს, ჩემი დროიდან მოკიდებული საქმეები უკუღმართად წარიმართა, მაგრამ მე მწამს, რომ ბოლოს და ბოლოს, ისინი სწორ მიმართულებას მიიღებენ და ადამიანები სარგებელს ნახავენ ესოდენ მრავალწლიანი გამოცდილებით.
მონტენი – ნურას უკაცრავად! განა ადამიანები რაიმე გამოცდილებას იძენენ? ისინი გვაგონებენ ჩიტებს, რომლებიც მუდმივად ებმებიან იმ ბადეებში, იმავე სახეობის ასეულ ათასობით ფრინველი რომ გაბმულა. ცხოვრებაში ყველა ადამიანი ახალბედაა, მამების სიბრიყვე შვილების გამოცდილებისათვის დაკარგულია.
სოკრატე – მაგრამ განა ეს შესაძლებელია – არანაირი გამოცდილება არ შეიძინო? მე მწამდა, რომ სამყარო სიბერეში გაცილებით ბრძენი და მოწესრიგებული იქნებოდა, ვიდე სიყრმეში იყო!
მონტენი – ყველა საუკუნის ადამიანებს ერთი და იგივე მიდრეკილებები აქვთ; გონება მათზე ვერ ხელმწიფობს. ასე რომ, ყველგან, სადაც ადამიანები არიან, სისულელეებიც არსებობს, თანაც – ერთი და იგივე სისულეები.
სოკრატე – მაგრამ ეს თუ ასეა, როგორ გინდათ თქვათ, რომ ძველი დრო თანამედროვეზე უკეთესია?!
მონტენი – სოკრატე, რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ მსჯელობის განსაკუთრებული მეთოდი გქონდათ და შეგეძლოთ თანამოსაუბრენი გაგებლანდათ ისეთ მჭიდრო ქსელში არგუმენტებისა, რომელთაგან გამომდინარე დასკვნებს ისინი ვერ მოიხელთებდნენ; ბოლოს და ბოლოს მათ იქ მიიყვანდით ხოლმე, სადაც მოგესურვებოდათ. ამას თქვენ „მათი აზრების ბებიაქალობას“ უწოდებდით და ამბობდით, რომ უნდა დახმარებოდით აზრების დაბადებაში. ვაღიარებ, ახლა თქვენ ჩემში იძულებით დაბადეთ წეღანდელის საპირისპირო აზრი: მიუხედავად იმისა, არა მგონია, რომ უკვე ჩემი დანებების დრო დადგა. ის კი ჭეშმარიტია, რომ უკვე აღარ არიან ისეთი ძლიერი და მოუდრეკელი სულის ადამიანები, როგორნიც ძველად იყვნენ, – აღარ არიან არისტოტელე, ფოკიონი, პერიკლე, დაბოლოს, თვითონ სოკრატე.
სოკრატე – მაგრამ ეს რაღას უნდა ნიშნავდეს? ისე ხომ არ გამოიფიტა ბუნება, რომ ასეთი დიადი სულების შექმნის ძალა აღარ აქვს? და, ამასთან ერთად, მხოლოდ გონიერი ადამიანების შექმნის ძალა შემოელია და სხვა – არაფრისა? ბუნების არც ერთი ქმნილება ჯერ არ დაკნინებულა – მის შექმნილთაგან რაღა მხოლოდ ადამიანებმა დაიწყეს გადაგვარება?
მონტენი – ძაღლის თავიც აქ მარხია: სწორედ ისინი გადაგვარდნენ! შეიძლება იფიქრო, რომ ბუნებამ ოდესღაც დიად ადამიანთა რამდენიმე ნიმუში გვაჩვენა, რათა დავერწმუნებინეთ, რომ მათი შექმნა შეუძლია – თუკი მოინდომებს; შემდეგ კი ყველაფერს ამას უსულგულოდ აკეთებდა.
სოკრატე – ოღონდ ერთიც შენიშნეთ: ანტიკურობა – ეს სრულიად განსაკუთრებული საგანია; იმ დროთა სიშორე მათ ამაღლებს ჩვენს თვალში. თქვენ რომ არისტიდე, ფოკიონი, პერიკლე და მე (რაკიღა მოისურვეთ მათ რიცხვში მოგეხსენებიეთ) გცნობოდით, თქვენს საუკუნეში მოძებნიდით ადამიანებს, რომლებიც ძალიან გვემგვანებოდნენ. ეს წინასწარი აზრი ანტიკურობის სასარგებლოდ, ჩვეულებრივ, იმას ეფუძნება, რომ თქვენი საუკუნით ხართ უკმაყოფილო – ანტიკურობა ამით იგებს. ძველ ადამიანებს იმიტომ აყენებენ მაღლა, რომ თანამედროვენი დაამცირონ. სანამ ცოცხლები ვართ, წინაპრებს გაცილებით მეტად ვეთაყვანებით და ვაფასებთ, ვიდრე ისინი ამას იმსახურებდნენ: აი, ახლაც მომდევნო თაობები ზომაზე მეტ პატივს მოგვაგებენ. თუმცა, ჩვენი წინაპრები, ჩვენს და ჩვენი შთამომავლობაც – ყველაფერი ეს, დამერწმუნეთ, სრულიად ერთი და იგივეა, და მე ვფიქრობ, სამყაროს სანახაობა მიუკერძოვებელი დამკვირვებლისათვის ძალიან მოსაწყენია, რადგან არასოდეს იცვლება.
მონტენი – მე მივიჩნევდი, რომ ყველაფერი მოძრაობს, იცვლება, და რომ სხვადსხვა საუკუნეს განსხვავებული ზნეობრივი სახე აქვს – როგორც ადამიანებს. მართლაც, განა არ ვიცნობთ განათლებულ საუკუნეებს და, ამავე დროს, სხვებს – სავსებით უმეცრებს? განა არ არსებობს გულუბრყვილო ასწლეულები, სხვები კი – პირიქით, გაცილებით დახვეწილნი? აბდა არ ვიცნობთ სერიოზულ და ქარაფშუტა, ზრდილობიან და უხეშ საუკუნეებს?
სოკრატე – ეს სწორია.
მონტენი – მაშინ რატომღა არ შეიძლება ერთნი სათნოებით სავსე, ხოლო სხვანი კი უფრო ავი საუკუნეები იყვნენ?
სოკრატე – არა, არა, აქ ერთი მეორიდან სრულიად არ გამომდინარეობს. ტანსაცმლის შეცვლა სხეულის შეცვლას არ ნიშნავს. აღზრდილობა და უხეშობა, ცოდნა და უმეცრება, მეტი ან ნაკლები გულუბრყვილობა, სერიოზული ან ქარაფშუტული ზნე – ყველაფერი ეს მხოლოდ გარეგანი საფარველია ადამიანისა და გამუდმებით იცვლება; მაგრამ ადამიანთა სულები არასდროს იცვლებიან და სული ხომ თავად ადამიანია. რომელიღაც ასწლეულში დამიანები უმეარნი არიან, მაგრამ უეცრად შიეძლება ცოდნა შემოვიდეს მოდაში; ადამიანებს გარკვეული ინტერესები ახასიათებთ და დაუინტერესობლობის მოდა არასდროს მოვა. ერთ ასწლეულში დაბადებულ უამრავ საკმაოდ უგუნურ ადამიანთან ერთად ბუნება შექმნის რამდენიმე აღეულ გონიერ ადამიანს, რომლებიც მთელ დედამიწაზე უნდა განალაგოს; და თქვენ სავსებით მართალი ხართ, როდესაც მიიჩნევთ, რომ ასეთი ადამიანები არასდროს და არსად არიან იმდენნი, რათა მათი წყალობით ზნეობა და სამართლიანობა შემოვიდეს მოდაში.
მონტენი – და გონიერ ადამიანთა ეს განლაგება დედამიწაზე თანაბარზომიერად ხდება? ხომ შეიძლება ზოგ საუკუნეს მეტი ასეთი ადამიანი ერგოს და სხვებს – ნაკლები?
სოკრატე – დიდი-დიდი აქ შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი განსხვავება იყოს. ბუნების მთავარ წესრიგს სავსებით მდგრადი სახე აქვს.
[1] არტემისია – (IV საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე) – ჰალიკარნასის ტირანის მავზოლის მეუღლე, რომელმაც ქმრის სიკვდილის შემდეგ მისი ერთგულებისა და ხსოვნის პატივსაცემად ააგო მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – მავზოლეუმი.
[2] რაიმონ ლული (1235-1213) – ფილოსოფოსი, თეოლოგი, მისტიკოსი. მისი მთავარი ნაშრომია „საყოველთაო ხელოვნება“ (მოსე გოგობერიძე „გენერალურ ხელოვნებას“ უწოდებდა), რომელშიც აღწერილია წინასწარი შესწავლის გარეშე სამეცნიერო ამოცანათა გადაწყვეტის მისტიკური მეთოდი. ამ მეთოდის არსია უმაღლეს და თავისთავად ცხად პრინციპთა სისტემა, რაც გამოსახულია მოტრიალე კონცენტრული წრეებით.
[3] მავზოლი – ჰალიკარნასის ტირანი