ავტორი: ლიზი საყვარელიძე
ბებიამ რომ დამირეკა, სამზარეულოს მაგიდას ვუჯექი, ზედ წიგნები დამეხვავებინა. მითხრა, აღდგომას მესტუმრე, ჩვენ რომ ვიცით, ღვინო მოვწრუპოთო. სახლიდან ცხვირის გაყოფის სურვილი არ მქონდა, თუმცა სხვა რა გზა იყო, დავთანხმდი, მოვალ-მეთქი. მომდევნო დღეს მართლაც ჩავირბინე მეტროში ტატუსთან ერთად და ვეწვიე. სტუმრობა ისე არ დამმახსოვრებია, როგორც გზა შინამდე.
მზე კარგა ხნის ჩასული იყო, გაჩერებაზე ლურჯი ავტობუსი რომ ჩამოდგა, ნომრით 311. სულ ცარიელი იყო, მხოლოდ ჩვენ და მძღოლი. ლამის იყო ჩამძინებოდა, თხის კიკინი რომ შემომესმა. ვიფიქრე, მესიზმრება-მეთქი, მაგრამ ავტობუსის კარში მართლაც იდგა საყვარელი ბეკეკა. თოკის ერთი ბოლო კისერზე შემოებათ, მეორე კი ღიმილიან კაცს ეჭირა, შემეცოდა, დასაკლავად ვერ გავიმეტეო. კმაყოფილს რამდენჯერაც ჩამთვლემდა, იმდენჯერ დაიძახებდა ბეეო და მეც ვფხიზლდებოდი, ბედნიერად გადავხედავდი მშვენიერ არსებას.
რამდენიმე გაჩერების შემდეგ კარი წუილით ისევ გაიღო და უცხოელები ამოვიდნენ. თანდათან ივსებოდა ჩვენი ავტობუსი, ერთ წამს ოთხი ვიყავით თხასთან ერთად, მეორეს კი ათი, ისევ თხასთან ერთად. თვალი ინდურ სარში გამოწყობილ რამდენიმე ქალბატონსაც მოვკარი, სულ ფერად-ფერადი რომ ეცვათ. ხალხი ღიმილით საუბრობდა, ბეკეკაც ჩააგდებდა ხოლმე სიტყვას. კიდევ უფრო გაივსო ავტობუსი მგზავრებითა და სხვადასხვა ენის ჰანგებით. ფანჯარაში ვიცქირებოდი, რამდენიმე ბიჭი რომ გამოჩნდა. ერთ-ერთს უეცრად ფეხი დაუცდა, დანარჩენებმა კი სიცილი დააყარეს. ჩამეღიმა.
დარჩენილი გზა მეფიქრებოდა, რამდენად იტაცებს ადამიანს უბრალოება. არა მგონია, ჩემს თანამგზავრთაგან რომელიმეს დამახსოვრებოდა ერთი ჩვეულებრივი დღე, თუმცა მე ის საღამო მრავალჯერ ამომტივტივებია გონებაში. განსხვავებული ეროვნების ადამიანები, მხიარული ბავშვები, აღდგომა, თხა… რამდენიმე წუთით მსოფლიოს ვერაგობით ტანჯულმა ხალხმა ჰარმონია იპოვა ერთ პატარა ავტობუსში. მაშინ სულ სხვაგვარად შევხედე სამყაროს და გლობალიზმზე ჩავფიქრდი. განა მშვენიერი არაა, ამდენი უცხო ადამიანი რომ გაერთიანდება და გულიანად გაიცინებს? ღიმილია სწორედ სამყაროს ხიბლი. ახლაც კი, როცა გლობალიზაციას ახსენებენ, ვბრუნდები აპრილში, ყველაზე ნაცნობ უცხო გარემოში და ვრწმუნდები, რომ თითოეულ ჩვენგანს ერთი რამ სჭირდება ცხოვრებაში – საკუთარი ავტობუსი 311.