
ჰენრი კისიჯერი იყო ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს კი – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოფილ პროფესორს ჰენრი კისინჯერს, სხვამრავალ ჯილდოს შორის, 1973 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ის არის მრავალი წიგნის ავტორი საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთია ,,მსოფლიო წესრიგი“.
ჰენრი კისინჯერი წიგნში ,,მსოფლიო წესრიგი“ ღრმად მიმოიხილავს და აანალიზებს 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას – როგორ შეიძლება საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესრიგი დამკვიდრდეს მსოფლიოში, რომლის სხვადასხვა ნაწილს განსხვავებული ისტორიული წარსული აქვს და სადაც ძალადობრივი კონფლიქტები და იდეოლოგიური ექსტრემიზმი განსაზღვრავს პოლიტიკურ რეალობას.
ამონარიდი კისინჯერის წიგნიდან ,,მსოფლიო წესრიგი“
ჭეშმარიტად გლობაური ,,მსოფლიო წესრიგი“ დედამიწაზე არასდროს არსებულა. რაც ჩვენს დროში წესრიგად მიიჩნევა, თითქმის 4 საუკუნის წინათ შეიქმნა დასავლეთ ევროპაში, გერმანიის რეგიონის – ვესტფალიის – სამშვიდობო კონფერენციაზე. ვესტფალიის კონფერენცია არათუ მთელ კონტინენტთა და ცივილიზაციათა უმეტესობის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა, არამედ მათ არც კი იცოდნენ მის შესახებ. კონფერენციას უძღოდა ცენტრალურ ევროპაში რელიგიური კონფლიქტებისა და პოლიტიკური გარდაქმნების საუკუნე, რომლის კულმინაციასაც წარმოადგენდა ოცდაათწლიანი ომი (1618-1648) – ეს იყო ფართომასშტაბიანი ხანძარი, რომელმაც აღიარა პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირება, რომლითაც დაპირისპირებული მხარეები ,,ტოტალურ ომს“ აწარმოებდნენ მოსახლეობის წინააღმდეგ და რომლის დროსაც ცენტრალური ევროპის მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი ომის, შიმშილისა და ავადმყოფობის გამო დაიხოცა. კონფლიქტის ძალაგამოცლილი მხარეები, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებზე, რომელსაც უნდა აღეკვეთა შემდგომი სისხლისღვრა. რელიგიური ერთიანობა შეარია პროტესტანტიზმის გადარჩენამ და კიდევ უფრო გავრცელებამ. პოლიტიკური მრავალფეროვნება უკვე არსებობდა ავტონომიური პოლიტიკური ერთეულების მარტივი ფორმით: მათ დიდხანს იბრძოლეს ერთმანეთის წინააღმდეგ, სანამ პატის სიტუაციას არ მიაღწიეს. ამგვარად, ევროპამ ჯერ კიდევ მაშინ გამოავლინა დღევანდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი; არსებობს მრავალი პოლიტიკური ერთეული, რომელთაგან არც ერთი არ არის ისეთი ძლიერი, რომ დაამარცხოს დანარჩენები. ისინი ნაწილობრივ ურთიერთსაწინააღმდეგო ფილოსოფიის მიმდევრები არიან, განსხვავებული მმართველობითი სისტემებით, ახლა კი ერთად ეძებენ მოქმედებისა და კოონფლიქტის მოგვარების ნეიტრალურ წესებს.
ვესტფალიის ზავი განასახიერებდა რეალობაზე პრაგმატული მორგების და არა განსაკუთრებული მორალური თანხმობის მაგალითს. იგი ეყრდნობოდა დამოუკიდებელი სახელმწოფიების სისტემას , რომელსაც გადაეწყვიტა, არ ჩარეულიყო სხვის საშინაო საქმეებში და რომელიც ცდილობდა ცალკეული სახელმწიფოს სწრაფვები ძალთა საერთო თანაფარდობით გაეკონტროლებინა. ევროპულ კონფლიქტებში ვერ განმტკიცდა ერთადერთი სიმართლის მატარებლისა და უნივერსალური ბატონობის პრეტენზია. პირიქით, ყველა სახელმწიფოს მიენიჭა სუვერენიტეტისა და საკუთარი ტერიტორიის ატრიბუტი. თითოეული სახელმწიფო აღიარებდა მეორე სახელმწიფოს შიდა სტრუქტურას და რელიგიურ მრწამსს, როგორც რეალობას და თავს იკავებდა მათი არსებობის ეჭვქვეშ დაყენებისგან. ახლა ძალათა ბალანსი ბუნებრივად და სასურველად მიიჩნეოდა; მმართველთა მიზანსწრაფულობაც გაწონასწორდა და თეორიულად მაინც შემოისაზღვრა კონფლიქტების გავრცელების არეალი. დაყოფა და მრავალფეროვნება – ევროპის ისტორიის უნებური შედეგი – იქცა მახასიათებლად საერთაშორისო წესრიგის ახალი სისტემისა, რომელიც საკუთარი, მკაფიო ფილოსოფიური პერსპექტივით გამოირჩა. ამ სულისკვეთების გათვალისწინებით, მაშინდელმა მონდომებამ, დამთავრებულიყო ევროპის ყოვლისმომცველი ომი, თანამედროვე განწყობის კონტურები მოხაზა: აბსოლუტური მსოფლმხედველობის თეორიამ ადგილი დაუთმო პრაგმატულ და ეკუმენურ მსოფლმხედველობას, გაჩნდა, არსებული მრავალფეროვნების გათვალისწინებით და ამავდროულად, ერთმანეთის საქმეში ჩაურევლად, წესრიგის მიღწევის სურვილი.
ამ წიგნში კისინჯერი განიხილავს, თუ როგორ ჩამოყალიბდა მსოფლიო წესრიგი სხვადასხვა ეპოქაში და რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო დღეს. წიგნი მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური ტრადიციების ჩამოყალიბებას. მაგალითად: ჩინეთის ,,ცენტრალური სამეფოს“ კონცეფცია, ევროპის ვესტფალის სისტემა, ამერიკული იდეოლოგია და ასე შემდეგ.
კისინჯერი, როგორც გამოცდილი დიპლომატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, აღწერს საერთაშორისო ურთიერთობების მექანიზმებს და აანალიზებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ძალაუფლების ბალანსი, ეროვნული ინტერესები, გლობალური უსაფრთხოება.