
სტატიის ავტორი: მარიამ სიმონიძე
ლიტერატურა და დამწერლობა
დამწერლობის შექმნას კაცობრიობის ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თავდაპირველად საზოგადოების მიზანი იყო მოვლენების აღწერა, ინფორმაციის გადაცემა თუ შემონახვა. დროთა განმავლობაში დამწერლობა უფრო და უფრო ვრცელდებოდა და ამ პროცესში მწერლობამ ახალი დანიშნულება შეიძინა. აუცილებელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას მოჰყვა თავისუფალი დრო, რომელმაც ადამიანს მეტი ფიქრის საშუალება მისცა, გააფართოვა მისი თვალსაწიერი. ზეპირსიტყვიერების საუკუნოვანი ისტორია ცხადყოფს მისწრაფებას ლიტერატურისკენ, რომელმაც ნაწარმოებთა სტრიქონებსა და სტრიქონებს შორისაც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტები შემოგვინახა.
აღმოსავლური სამყარო
უძველესი ცივილიზაციები აზიაში შეიქმნა. შუამდინარეთი გახდა პირველი დამწერლობისა და კანონთა კრებულის სამშობლო. აქ ასოითი სისტემა ძვ.წ lll საუკუნეში შეიქმნა და მოყვანილობის გამო ლურსმნული დამწერლობა ეწოდა. ამავე რეგიონშია აღმოჩენილი მსოფლიოში პირველი წიგნები, რომლებიც დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინ დაიწერა. ასეთი წიგნები შედგებოდა ათობით თიხის ფირფიტისგან, რომლებსაც გასამაგრებლად ცეცხლში წვავდნენ, შემდეგ კი კინძავდნენ. დამზადების ეს ტექნიკა რომ არა, ხანძრების, შემოსევებისა თუ დროის გამო, წიგნები ჩვენამდე ვერ მოაღწევდა.
აზიური სამყაროს განვითარების მაღალ დონეზე, მისი არსებობის პირველ ეტაპზე, მეტყველებს ამ რეგიონში გავრცელებული ორი უძველესი რელიგია, ინდუიზმი და ბუდიზმი, რომლებსაც დღემდე უამრავი მიმდევარი ჰყავს.
აზიური ლიტერატურა
აზიური ლიტერატურა მეტად ფილოსოფიურია, მოიცავს ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, როგორებიცაა, სიკვდილ-სიცოცხლის რაობა და ჭიდილი, განიხილავს ცხოვრების არსს. ამ ყველაფერთან ერთად ის გვამცნობს ხალხის ფიქრებსა და გრძნობებს, გადმოგვცემს მათ კულტურას, ტრადიციებსა და ეთნიკურ მემკვიდრეობას.
ჩინური ლიტერატურა
ჩინური ლიტერატურა ათასობით წელს ითვლის. პოეზიის კლასიკური განმარტება გადმოცემულია უძველეს ჩინურ წიგნში „სიმღერების წიგნი“ („შიძინგი“), რომელიც დაიწერა ჭოუს დინასტიის დროს და მოიცავს 305 ლექსს. აქ პოეზია გულისხმობს მისწრაფებათა გამოხატვას.
„სიმღერების წიგნის“ შემდეგ ჩნდება პოეტური ნაწარმოებების სახეობა „ჩუ’“ (ჩუ-ს სტროფები). ეს პოეზია ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში გამოჩნდა. მისი მთავარი წარმომადგენელია ციუ იუენი. ის ჩინელი ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პოეტია.
კლასიკური ლირიკის ოქროს ხანად მიიჩნევა თანგის ეპოქა. ამ დროს დაიწერა ყველაზე მეტი ლექსი. ამ პერიოდიდან შემორჩენილია 48 ათასი ლექსი, ხოლო პოეტების რაოდენობა 2 ათასს აღემატება.
სპარსული ლიტერატურა
სპარსულ ენაზე შექმნილი პირველი ტექსტები თარიღდება ძვ. წ. 650 წლით. მისი ძირითადი ტექსტები უკავშირდება ისლამის გავრცელებას ირანში, დაახლოებით 650 წელს. სპარსელები წერდნენ როგორც არაბულად, ასევე სპარსულად. თანდათანობით ამ უკანასკნელმა უპირატესობა მოიპოვა ლიტერატურულ წრეებში . ძველი სპარსული ლიტერატურის ცოტა ნიმუში შემოგვრჩა. მათგან უმეტესობა მეფეების ჩანაწერებია, მათ შორისაა დარიოს I-ისა და მისი შვილის ქსერქსეს ნაშრომები. მიუხედავად იმისა, რომ ზოროასტრული ნაწერების უმეტესობა ისლამის შემოსვლის შემდეგ განადგურდა, ინდოეთში თავშეფარებულმა სპარსელებმა თან წაიღეს ზოგიერთი წიგნი, მათ შორის, ავესტა და მისი ძველი კომენტარები. ავესტა არის მაზდეანთა წმინდა წიგნი, რომელიც შეადგინეს ძვ.წ IX საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის lll საუკუნემდე.
„ქილილა და დამანა“, სპარსული ხელნაწერი, რომელიც ბევრ იგავს მოიცავს, დათარიღებულია 1429 წლით. ტექსტის ილუსტრაციაზე გამოსახულია ტურა, რომელიც ცდილობს ლომს გაექცეს.
იაპონური ლიტერატურა
იაპონურ ლიტერატურას თითქმის ოცსაუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი ნაწარმოებებში შესამჩნევია ჩინეთის გავლენა, თუმცა იაპონიის იზოლირების პოლიტიკამ გამოიწვია საკუთრივ იაპონური მწერლობის ჩამოყალიბება. მეთხუთმეტე საუკუნის იაპონიაში პოეზიის ყველაზე პოპულარული ფორმა იყო რენგა. რენგა ლექსის ისეთი ფორმაა, რომელზეც რამდენიმე პოეტი ერთად მუშაობს. ავტორები ჩვიდმეტმარცვლიან სამ სტრიქონიან (5,7,5) და თოთხმეტმარცვლიან (7,7) ლექსებს წერდნენ სანამ 100 ლექსისგან შემდგარ პოემას არ მიიღებდნენ. მეთექვსმეტე საუკუნეში რენგა ჰაიკაიმ შეცვალა, რომელიც უფრო მსუბუქი შინაარსით გამოირჩეოდა. ჰაიკაი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ავტორები ლექსში თანამედროვე ფრაზებს იყენებდნენ და იმ ყოველდღიურ თემებს განიხილავდნენ, რაც მაინცდამაინც საინტერესო არ იყო რენგას ავტორებისთვის.
ჰაიკუ იაპონური ლირიკული პოეზიის ტრადიციული ჟანრია, ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე სამტაეპიანი ლექსი, რომლის პირველი და მესამე ტაეპები ხუთმარცვლიანია, ხოლო მეორე – შვიდმარცვლიანი. თუმცა დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს სალექსო ფორმა მთელ მსოფლიოში შეიყვარეს, ჰაიკუს კანონიკური ფორმა დაირღვა და მისგან მხოლოდ სამტაეპედი შენარჩუნდა.
იაპონიაშიც ბევრმა არ იცის, რომ ჰაიკუ არც ჰოკკუა და არც ჰაიკაი. ტერმინი “ჰოკკუ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „დამწყებ სტროფს”. სწორედ ჰოკკუთი იწყებოდა მრავალსტროფიანი იაპონური ლექსი ჰაიკაი. ჰოკკუ ცხადყოფდა ლექსის მთავარ აზრს, ის ერთგვარი შესავალი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში იმდენად ხშირად გამოიყენეს, რომ საბოლოოდ იქცა დამოუკიდებელ ლექსად.
,,რა სითბოა!
შევეხე მტვრიანებს და ბუტკოებს
ხელოვნური ყვავილის…’’
არაბული ლიტერატურა
არაბული ლიტერატურა წარმოიშვა VI საუკუნეში. VII საუკუნეში შექმნილ ყურანს დიდი გავლენა ჰქონდა მთელ არაბულ კულტურასა და ლიტერატურაზე.
პრეისლამური ლიტერატურა
ყურანისა და ისლამური ცივილიზაციის შექმნამდე პერიოდს მუსლიმები ჯაჰილიიას, ანუ „უცოდინარობის პერიოდს” უწოდებენ. ეს ტერმინი რელიგიურ უცოდინრობას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში უკვე არსებობდა წერილობითი ლიტერატურული ნაშრომები, წამყვანი მაინც ზეპირმეტყველება იყო, რომელიც მაღალ დონეზე იყო განვითარებული. პირველ არაბულენოვან ტექსტებს თავი მოუყრეს ორ კრებულში – მუ’ალაკა და მუფადდალიიატი, თუმცა ისინიც ვერ გვქმნის სრულყოფილ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი იყო იმ პერიოდის ლიტერატურა.
ყურანისა და ისლამის პერიოდი
ყურანი – არაბული ლიტერატურის პირველი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. ყურანმა საგრძნობლად იმოქმედა არაბულ ენაზე. მასში გამოყენებულმა მეტყველებამ დასაბამი მისცა ე.წ. „კლასიკურ არაბულს,“ რომელიც დღესაც პრესტიჟულ არაბულ დიალექტად მიიჩნევა. ყურანი გაცილებით უფრო რთული ნაშრომი იყო, ვიდრე წინა ნაწარმოებები.
„ათას ერთი ღამე“ შუასაუკუნეების არაბული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული მოთხრობათა კრებულია, ის დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა ლიტერატურული სტილისა და ჟანრის საგანძურად, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან გადმოგვცემს რამდენიმე ასწლეულის ისტორიებს. „ათას ერთ ღამესთან’’ დაკავშირებულია ლეგენდა მეფე შაჰრიარზე, რომელმაც ცოლის ღალატის შემდეგ გადაწყვიტა, ყოველ დღე ახალი ცოლი შეირთოს და ქორწინების მეორე დილას მოკლას. ამ სისასტიკის ჯაჭვს დასასრული არ უჩანდა სანამ შაჰრაზადზე არ დაქორწინდა. გოგონამ მოხერხებულობითა და გონებამახვილობით შეძლო თავის დახსნა სასტიკი ხვედრისგან. ის ყოველ ღამე უყვებოდა მეფეს ამბებს, თუმცა გარიჟრაჟზე თხრობას ყველაზე საინტერესო ადგილას წყვეტდა. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მეფე მოუთმენლად ელოდა თხრობის დასრულებას, რის გამოც მას სიცოცხლეს ჩუქნიდა. მან შაჰრაზადის ერთგულება ათას ერთი ღამის შემდეგ ირწმუნა და გაწყვიტა მკვლელობათა ჯაჭვი.
რუდაქის ბიოგრაფია და შემოქმედება
რუდაქი აღმოსავლური პოეზიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მის მიერ შემუშავებული ლიტერატურული სტილი, პოეტური მეტყველება, ფორმები და ჟანრები საფუძვლად ედება შემდგომ საუკუნეთა პოეზიას.
რუდაქი 858 წელს დაიბადა სამანიდების სპარსეთში, სოფელ ფანჯრუდში (თანამედროვე ტაჯიკეთის ტერიტორია). იგი მუდმივად ცოდნისა და სულიერი საზრდოს ძიებაში იყო. მისი პოტენციალი შეამჩნია ქვეყნის ამირამ, ნასრ ll-მ, და ქვეყნის დედაქალაქ ბუხარაში გაგზავნა, სადაც რუდაქი ფუფუნებაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, მბრძანებლის რჩეულს 200 ჭაბუკი მონა ემსახურებოდა, ხოლო მის ქონებას 400 აქლემიც კი ვერ მოერეოდა. ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით, რუდაქს თავს განსაცდელი დაატყდა – ამირა მასზე განრისხდა. ზოგიერთი მოსაზრებით, სწორედ მაშინ დასთხარეს თვალები და გააძევეს სატახტო ქალაქიდან, რის შემდეგაც თავი თავის მშობლიურ ქალაქს შეაფარა. იქვე გარდაიცვალა დაახლოებით 941 წელს.
რუდაქის შემოქმედება სამ ძირითად ნაწილად იყოფა სამიჯნურო, საკარო და სასოწარკვეთის პოეზია. იგი ნაწარმოებებში იმდენად ცხადად აღწერს გარემოს, რომ ბევრს მისი უსინათლობისა დღემდე არ სჯერა. რუდაქის ერთ-ერთი მოწაფე, შაჰიდ ბალხელი, თავის რობაიში ამბობდა: „სხვა პოეტების პოეზია სიტყვასა ჰგავს, რუდაქის სიტყვა კი თვით ფერებით არის ნაქსოვი…“
რობაი
რობაი ლირიკული ლექსის მეტად გავრცელებული სახეა აღმოსავლურ პოეზიაში. იგი სამიჯნურო და ფილოსოფიური მნიშვნელობისაა. შედგება ოთხი ტაეპისგან, რომელთაგან ირითმება ყველა, გარდა მესამისა.
,,მთვრალმა ბულბულმა გვინახულა ბაღჩაში ჩვენა,
იხილა ჩვენი სიცილი და კბილების ჩენა.
მოვიდა ჩემთან, მიჩურჩულა ყურებში ჩუმად:
– წარსულ სიცოცხლეს ვერ აღიდგენ, გაიგე შენა!’’
ომარ ხაიამი
ომარ ხაიამი
ომარ ხაიამი სპარსი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და რობაის წერით სახელგანთქმული პოეტი იყო, მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები, მიუხედავად მრავალი წყაროს არსებობისა, ცნობილი არ არის. მკვლევრების აზრით, იგი 1048 წლის 18 მაისს დაიაბადა, გარდაცვალების თარიღად კი 1131 წელს მიიჩნევენ. მის ერთ-ერთი რობაი გვაფიქრებინეს, რომ იგი სამოცდათორმეტი წლისა გარდაიცვალა.
„…სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია“.
მსოფლიოს ომარ ხაიამი და მისი პოეზია მე-19 საუკუნეში გააცნო ინგლისელმა ედვარდ ფიტცჯერალდმა. ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენად კარგად ფლობდა სპარსულს ედვარდ ფიტცჯერალდი იმისთვის, რომ გამართულად ეთარგმნა, მაგრამ მან 1859 წელს გამოსცა ომარ ხაიამის წიგნი Robayyat და სათავე დაუდო სპარსი პოეტის უდიდეს პოპულარობას მთელ მსოფლიოში.
,,საცოდავია, ვისაც ტრფობის ჭირი და სნება
არ განუცდია, არ ჰქონია ამისგან ვნება.
ვისაც ამ ქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ,
– მე ვცხოვრობდიო, – მას ამის თქმის არა აქვს ნება.”