
სტატიის ავტორი: მარიამ სიმონიძე
,,ნამდვილ თოლია ჯონათანს თითოეულ ჩვენგანში მცხოვრებს’’ – ვკითხულობთ რიჩარდ ბახის წიგნის ,,თოლია ჯონათან ლივინგსტონის’’ პირველ გვერდებზე. ნაწარმოები მეოცე საუკუნეშია დაწერილი, თუმცა ის მთელი კაცობრიობის გამოძახილი და უმნიშვნელოვანესი ცნების თვალსაჩინო მაგალითია. ამ მოცულობით მცირე ნოველამ ადამიანებს დაანახვა, რომ მიზანდასახულობით, თავისუფლების წყურვილითა და მისთვის ბრძოლით შესაძლებელია ადამიანის განვითარება და სრულყოფილებასთან მიახლოებაც კი.
რიჩარდ ბახი დაიბადა 1936 წელს. იგი პროფესიით პილოტი იყო. მას ეკუთვნის მრავალი მოთხრობა, მათ შორის „ერთი“, „ილუზია“, „აქედან ჩემი აზრი“ და სხვა. მისი ნაწარმოებები ძირითადად ფილოსოფიურია და ეხება ფრენას. ზემოხსენებული ნაშრომებიდან მას დიდი წარმატება მოუტანა ნაწარმოებმა „თოლია ჯონათან ლივინგსტონმა“. მან მიიპყრო ხალხის ყურადღება, ვინაიდან მასში ასახულია მწარე რეალობა.
ვინ არის თოლია ჯონათან ლივინგსტონი?
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია თოლია ჯონათან ლივინგსტონი – ახალგაზრდა თოლია, რომელიც გამოირჩეოდა ფრენისადმი სიყვარულით. სანამ სხვები საკვების მოპოვებაზე ფიქრობდნენ და ყოველდღიულ ერთფეროვნებაში იძირებოდნენ, ჯონათანი ცდილობდა, ცნობიერების საზღვრებს გასცდენოდა და ფრენის ხელოვნებას სრულყოფილად დაუფლებოდა. დაუღალავი შრომის წყალობით მან ერთ კვირაში უფრო მეტი რამ შეისწავლა, ვიდრე ცოცხალ თოლიათაგან უსწრაფესმა.
ყოველ დილით, ახალი კითხვებით დახუნძლული, მიემართებოდა თავისი გუნდისგან შორს სავარჯიშოდ. ის მარცხს განვითარების ახალ შესაძლებლობად მიიჩნევდა. მუდმივად ცდილობდა გათავისუფლებულიყო შეზღუდვებისგან და მიჰყოლოდა გულს, რაც მის საზოგადოებაში დიდ სიმამაცეს მოითხოვდა.
ფსკერზე
ზოგჯერ ყველაზე მამაც ადამიანსაც ღალატობს ნებისყოფა და ფსკერზე ეშვება. ასე მოხდა თოლია ჯონათანის შემთხვევაშიც, როდესაც ხანგრძლივი დღე ტალღებთან შეჯახებით დააგვირგვინა. სწორედ ამ მომენტში გაისმა მის არსებაში ხმა. ხმა, რომელიც დანებებისა და მისი ცხოვრების აზრზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა. ამ ყრუ ძახილმა მოიცვა ჯონათანის გონება, აიძულა ბრძოლაზე უარი ეთქვა და საკუთარი თავისთვის აღეთქვა, რომ სხვა თოლიებივით გააგრძელებდა ცხოვრებას.
ღამის სიჩუმეს მხოლოდ მისი ფრთების ნელი, რიტმული მოძრაობა და ტალღების ჩუმი შრიალი არღვევდა, როცა ნაპირისკენ მიმავალ ჯონათანს გონება გაუნათდა. ის მიხვდა, რომ ვერაფერი შეაჩერებდა. ის, რომ შევარდენისგან განსხვავებით სისწრაფისთვის საჭირო გრძელი ფრთები არ ჰქონდა, ამ მომენტში უმნიშვნელოდ ეჩვენა და მან გადალახა ცნობიერების ზღვარი. დაივიწყა წუთის წინ დადებული აღთქმა, რადგან გაიაზრა სიმართლე: ,,ასეთი პირობას მხოლოდ ისინი დებენ, ვისთვისაც ჩვეულებრივი ცხოვრება მისაღებია’’.
თოლიათა ბრბო
თოლია ჯონათან ლივიგსტონი ერთფეროვანი საზოგადოების ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც სცადა სიცოცხლისთვის, საკვების ძიების გარდა, სხვა დანიშნულებაც მოეძებნა. თოლიათა გუნდი ყველაფერს განსხვავებულს გმობდა. ეს კარგად ჩანს თოლია ჯონათანის გუნდიდან გაძევების ეპიზოდიდან. ჯონათანის მშობლებიც კი შვილს უცნაურად მიიჩნევდნენ და მოუწოდებდნენ გუნდის წესებს დამორჩილებოდა. ფაქტობრივად, ისინი ადრეული ასაკიდან კლავდნენ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას თოლიებში. თუმცა ისინი ვერაფერს გახდნენ ჯონათან ლივინგსტონთან, რამაც ის აქცია თავისუფლების სიმბოლოდ მკითხველის თვალში.
გაურკვეველმა მომავალმა და მოსალოდნელმა საფრთხეებმაც ვერ შეძლო ჯონათანისთვის სიცოცხლის ხალისის წართმევა. პირიქით, მის გონებაში უფრო ღრმად ჩაიბეჭდა ფრენის სიყვარული და სურვილი, რომ დახმარებოდა სხვებსაც, ფრთები ებოძებინა მათთვის, ვინც მასზე უარი თქვა.
ზეცა
საკუთარი გუნდიდან გარიყული ჯონათანი აგრძელებდა წვრთნას და ყოველდღიურად უფრო და უფრო უახლოვდებოდა სრულყოფილებას. მან აღმოაჩინა, რომ თოლიის სიცოცხლე ხანმოკლე იყო, შიშისა და მოწყენილობის გამო და ვინაიდან მან ეს გაათვითცნობიერა, შიში საკუთარი თავიდან განდევნა, მან შეძლო ეცხოვრა ხანგრძლივი, მშვენიერი ცხოვრებით.
ერთ დღესაც, როცა ჯონათანი ლაღად დაფრინავდა ცაში, მას გვერდით ორი მანათობელი თოლია ამოუდგა. ვარსკვლავის შუქივით კაშკაშანი იყვნენ და მეგობრულად ანათებდნენ საღამოს ცას. თოლია ჯონათანის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ისინი ჯონათანს გაუძღვნენ მაღლა, სახლისკენ. იქ, სადაც ოჯახი ელოდებოდა.
მანათობელი წყვდიადის გადალახვით მოხვდა იგი შორს, ზეცაში
ზეცა, არა დედამიწის ატმოსფერო, არამედ სრულყოფილებისკენ მიმავალი გზის ნაწილია. ამ საფეხურს განაგებდა უხუცესი ჩიანგი, რომელმაც ჯონათანს აუხსნა, რომ ზეცა, არც ადგილია და, არც დრო, ზეცა სრულყოფილი არსებობაა და მას მხოლოდ იმ მომენტში შეეხები, როცა სრულქმნილ სისწრაფეს დაეუფლები.
ნაწარმოებში ჯონათანი რამდენჯერმე გადავიდა სხვა სამყაროში და მალევე დაასკვნა, რომ ეს პროცესი უსასრულოა და დასალიერის აღსასრულამდე გაგრძელდება. მისი თავგადასავალი შეგვიძლია შევადაროთ ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებს ,,ძმები ლომგულები’’, სადაც აგრეთვე აღწერილია რამდენიმე სამყარო და არსებობა, რომელზეც სიკვდილამდე არაფერი ვიცით და შესაძლოა მხოლოდ ამ სამყაროთა გადალახვის შემდეგ დავინახოთ უსაზღვრო გზა.
დიდი თოლიის ერთადერთი ვაჟი – პარალელი იესოსთან
არსებობისა და განვითარების ერთ-ერთ უმაღლეს საფეხურზე მისულმა ჯონათანმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო შინ, დედამიწაზე, რათა დახმარებოდა მისნაირ ახალგაზრდა თოლიებს, რომლებსაც მასწავლებელი სჭირდებოდათ.
მისი პირველი მოწაფე გახდა ფლეთჩერი, გუნდიდან კიდევ ერთი განსხვავებული ინტერესების გამო განდევნილი თოლია. მისთვის თოლია ჯონათანი იყო ის, ვინც თავად არადროს ჰყოლია – აღმზრდელი. დროთა განმავლობაში იზრდებოდა ჯონათანის მოსწავლეების რიცხვი და მათი მონდომება და როცა ისინი საკმარისად დახელოვნდნენ ფრენაში, ჯონათანი მათ გაუძღვა სანაპიროსკენ – იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო.
მათ დიდი ინტერესი აღძრეს რიგით თოლიებში, რომლებიც თავიდან შიშით, ჩუმად უთვალთვალებდნენ. თანდათან უფრო გათამამდნენ და ბოლოს მათთვის კითხვების დასმაც გაბედეს.
თოლიების აზრი ორად გაიყო, ნაწილმა ჯონათანი დიდი თოლიის ერთადერთ შვილად შერაცხა, დანარჩენებმა მისი უნარები ბოროტ ძალებს მიაწერეს.
სწორად ამ მომენტში ჩანს კავშირი იესოსა და თოლია ჯონათანს შორის. ვფიქრობ, დიდ თოლიაში ღმერთი, მის ერთადერთ ვაჟში კი – იესო იგულისხმება. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ქრისტეს მსგავსად ჯონათანმა რწმენის წყალობით განკურნა დაშავებული და მას სიცოცხლის მეორე შანსი მისცა.
ამავდროულად ამ მოსაზრებას ამტკიცებს ისიც, რომ ჯონათანს არასდროს დაუდანაშაულებია თავისი თანამოძმეები მის გაძევებაში, რადგან ხვდებოდა, რომ ისინი, ვინც, ეს გადაწყვეტილება მიიღეს ვერ აანალიზებდნენ რას სჩადიოდნენ. სწორედ ამას ფიქრობდა იესო აღსრულების წამს და ღმერთს შესთხოვდა ხალხისთვის მიეტევებინა ცოდვა, რომლის საფასური არ იცოდნენ.
,,ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ’’- ეუბნება ჯონათანი თავის მოწაფეებს. რთულია ამ სიტყვების აზრს ჩასწვდე და გაიაზრო, რომ ცხოვრება არაფერია თავისუფლების გარეშე. ეს არის ის, რაც ასე ძალიან აკლდა მეოცე საუკუნის საზოგადოებას. იმ ურთულეს პერიოდში, როცა ორი მსოფლიო ომი მოხდა, ხალხს წაართვეს ყველანაირი თავისუფლება დაწყებული აზრის გამოთქმიდან გადაწყვეტილებების მიღებით დამთავრებული. ,,თოლია ჯინათან ლივინგსტონი’’ გახდა ხალხის ტკივილის გამოძახილი. ნაწარმოები დღემდე იპყრობს მკითხველის ყურადღებას. თოლია ჯონათან ლივინგსტონი კი მათ, ვინც ირწმუნებს, უბოძებს ფრთებს და გაუძღვება რთულად მოსაპოვებელი, თუმცა აუცილებელი თავისუფლებისკენ.