
სტატიის ავტორი: ანა კოპალეიშვილი
დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია. ამჟამად ის გერმანიის მოქალაქე და ფრანგული მოდის სახლის, „Balenciaga“-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.
დაიბადა 1981 წლის 25 მარტს, სოხუმში. მამა ქართველი ჰყავს, დედა რუსი. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლის დიზაინით, მაგრამ მის ნიჭს განვითარება არ დასცალდა – 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო და გვასალიების ოჯახი დევნილად იქცა.
საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით, დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, მის მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სტუდენტობის დროს ოპერატორად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში.
დემნა გვასალიამ ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი თბილისში აიღო და აპირებდა, მაგისტრატურაც აქვე გაევლო ეკონომიკის მიმართულებით. მაგრამ ისე მოხდა, რომ 2000 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში, დიუსელდორფში, გადავიდა და დემნას გეგმებიც შეიცვალა.
„ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა, მე გადავწყვიტე, დიუსელდორფში გამეკეთებინა ის, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ბელგიაში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა“, – იხსენებს დემნა.
ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე ჩასარიცხი 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, ვინც სამეფო აკადემიაში მიიღეს. პირველი კურსის ბოლოს ის 16 რჩეულს შორის იყო, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, აკადემიის რექტორმა და დემნას პროფესორმა ვალტერ ვან ბეირენდონკმა, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა.
დემნა გვასალიამ მოდის დიზაინში ხარისხი 2006 წელს დაიცვა. 2007 წელს კი პირველი კოლექცია ტოკიოს მოდის კვირეულზე წარადგინა.
2009 წელს ახალგაზრდა ტალანტი “მეისონ მარტინ მარჯიელას“ შეუერთდა, სადაც პასუხისმგებელი იყო ქალის სამოსის კოლექციებზე. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ Margiela -ში დაიწყო.
დემნამ პარიზში Maison Margiela-ს ქალისა და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. 2012 წელს ხელმძღვანელობდა „H&M & Margiela“-ის კოლაბორაციას. შემდეგ შეთავაზება მიიღო „Louis Vuitton“-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან.
მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას “ლუი ვიტონში“ მუშაობა არ მოეწონა და მეგობრებთან (Margiela-დან) და ძმასთან, გურამთან ერთად, 2014 წელს შექმნა „Vetements“ (ფრანგულად „ტანსაცმელი“), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა თავისი ხედვა მსოფლიოსთვის გაეზიარებინა.
Vetements-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა იყო, გურამი კი კომპანიის ფინანსურ საკითხებს განაგებდა.
2015 წლის ოქტომბერში დემნა გვასალია დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით (კრეატიულ) დირექტორად, თუმცა Vetements-ში აგრძელებდა დიზაინერად მუშაობას. Balenciaga-სთვის შექმნილი თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა.
2016 წელს გამოცემამ „Business of Fashion“-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა.
2016 წლის „Fashion Awards“-ის დაჯილდოებაზე მან წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო „Vetements“-ი წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი გახდა.
2018 წელს Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი „წლის აქსესუარების დიზაინერი“ გახდა. მას ჯილდო „Fashion Awards 2018“-ზე გადასცეს. ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის, დემნა გვასალიასთან ერთად, Gucci-ის, LOEWE-ის, Dior-სა და Prada-ს მოდის სახლის დიზაინერები იბრძოდნენ. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, „როიალ ალბერტ ჰოლში“ გაიმართა.
2019 წელს დიზაინერმა Vetements -ი დატოვა და დღემდე Balenciaga -ში ქმნის მოდას.
2021 წელს ამერიკაში მოდის დიზინერების დაჯილდოება დემნა გვასალიასთვის ტრიუმფით დასრულდა. მან “ქალის სამოსში წლის საერთაშორისო დიზაინერის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს მოდის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელსაც “მოდის ოსკარსაც” კი უწოდებენ.
„დემნამ „Balenciaga-ს შემოსავალი დაახლოებით 2,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“ – ამის შესახებ პოპულარული გამოცემა bloomberg-ი ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა.
დემნა გვასალია დღეს ის სახელი და გვარია, რომელიც თავისთავად უკვე ბრენდად იქცა და მსოფლიო იცნობს.
2022 წელს დიზაინერს მიენიჭა საპატიო თბილისელის სტატუსი.
მას მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: საქართველოს ღირსების მედალი (2021) – „მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის“.
დემნა გვასალიას ყველაზე ცნობილი ჩვენება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იყო Balenciaga-ს 2022 წლის „კუტიურა კოლექცია”. ეს ჩვენება მოიცავდა კლასიკური და ინოვაციური დიზაინის ელემენტებს. ჩვენებაში განსაკუთრებულ სამოსს წარმოადგენდნენ ცნობილი მოდელები: კიმ კარდაშიანი, ნაომი კემპბელი და სხვანი.
Balenciaga-ს 2022 წლის კუტიურის ჩვენება ჩატარდა პარიზში, ბრენდის ისტორიულ მისამართზე – 10 Avenue George V-ზე, რომელიც 1937 წელს დააარსა კრისტობალ ბალენსიაგამ და დიდი ხანია, რაც ბრენდის სიმბოლოა. დემნა გვასალიამ გადაწყვიტა, სწორედ აქ დაბრუნებოდა Balenciaga-ს ისტორიას და პატივი მიეგო ბრენდის ფუძემდებლისთვის. ეს იყო Balenciaga-ს კუტიურის პირველი კოლექცია ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, და მისი მიზანი იყო მაღალი მოდის საწყისების აღდგენა და კუტიურის ხელოვნების უფრო ფართო აუდიტორიამდე მიტანა.
Demna-მ აქცენტი გააკეთა კლასიკური და ინოვაციური სტილის სინთეზზე, სადაც გამოიყენა უნიკალური ქსოვილები, ძვირფასი დეკორაციები და დრამატული ფორმები. ჩვენების მიზანი არა მარტო ბრენდის ისტორიის გაგრძელება, არამედ Balenciaga-ს ახალ, ელიტარულ მოდის წრეში დამკვიდრება და მოდის ტრადიციისა და თანამედროვე სტილის გაერთიანება იყო.
ეს ჩვენება Balenciaga-სთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო, მან კლასიკური მოდა და ინოვაცია იდეალურად გააერთიანა, რაც კრიტიკოსებისა და მოდის მოყვარულებისთვის ინსპირაციის წყარო გახდა.