
სტატიის ავტორი: იოანე სილოგავა
წარმოიდგინეთ ჯაზის მუსიკოსი, რომელიც ასრულებს ნაწარმოებს მკრთალად განათებულ კლუბში. ყოველი ნოტით ის თავისუფლებას ეძებს. ყოველი მელოდია თითქოს ეწინააღმდეგება კლუბის გარეთ არსებულ მმართველობის შეზღუდვებს. ეს მუსიკალურ წარმოდგენას ჩუმ პროტესტად აქცევს ისეთ ადგილას სადაც ამ მელოდიის აჟღერება ახშობს კარების გარეთ არსებულ ზეწოლას, თუნდაც ერთი საათით, სანამ „ჯაზმენსა“ და მის მსმენელს ისევ მოუწევთ გარეთ გასვლა. ასეთი იყო საბჭოთა ჯაზის შემსრულებლის, ვლადიმერ ტაროსოვის ყოველდღიურობა, რომლის ცხოვრებაც ასახავდა საბჭოთა ეპოქის უამრავი ხელოვანის ცხოვრებას, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს პროტესტის ჩუმ ფორმად იყენებდნენ. ამ ხელოვანებმა, ავტორიტარული რეჟიმის გარემოცვაში ყოფნისას, იპოვეს დახვეწილი გზები გამოეხატათ თავიანთი წინააღმდეგობა და შეექმნათ ხელოვნება თავისუფლად, შეექმნათ თუნდაც ერთი რამ, რაც ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეალებს რეჟიმთან უშუალო დაპირისპირების გარეშე. ეს არის ის „მდუმარე ხელოვნება“, რომელიც საბჭოთა პერიოდს ახასიათებდა.
მე-20 საუკუნის საბჭოთა ხელოვანები სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულირებული მხატვრული სფეროში მუშაობდნენ. ოფიციალურად აღიარებულ ხელოვნებას მოეთხოვებოდა სოციალისტური რეალიზმის პრინციპების დაცვა, რომელიც მიზნად ისახავდა კომუნისტური სახელმწიფოს განდიდებას და საბჭოთა ცხოვრების იდეალიზებული, ხშირად არარეალური გამოსახულების შექმნას. თუმცა ბევრმა ხელოვანმა წინააღმდეგობა გაუწია ამ ერთგანზომილებიან ნარატივს. მათ შეიმუშავეს ხელოვნების გარკვეული განხრა, რომელსაც სახელად დაერქვა „საბჭოთა პოპ-არტი“ იგივე „Sots Art”, რომელიც ასახავდა საბჭოთა რეალობის უფრო რთულ მხარეებს თითქოს კომიკურ-ირონიული გზით, და იყო ვერსია დასავლური პოპ-არტისა, სატირული რექცია საბჭოთა რეჟიმის კანონებისა და იდეალების წინააღმდეგ.
კარიკატურა იყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტი „სოტს ხელოვნებაში“, რომელიც გამოიყენებოდა საბჭოთა ლიდერების დასაცინად. გამოჩენილი პიროვნებების თვისებების გაზვიადებით ან მათი აბსურდულ სცენარებში მოთავსებით, მხატვრები, როგორებიც არიან ვიტალი კომარი და ალექსანდრე მელამიდი, აკრიტიკებდნენ საბჭოთა პროპაგანდის ზედაპირულობას საკუთარი ესთეტიკური ჩარჩოდან.
მხატვრები ასევე მიმართავდნენ „არაოფიციალურ ხელოვნებას“ ან ნონკონფორმისტურ პრაქტიკას. მათ არ შეეძლოთ თავიანთი ნამუშევრების საჯარო გამოფენა ან გამოქვეყნება, შესაბამისად, ისინი იკრიბებოდნენ სახლებში, სტუდიებში და მიწისქვეშა საგამოფენო სივრცეებში. ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა 1974 წლის “ბულდოზერის გამოფენა”, მხატვრებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ თავიანთი ნამუშევრები თანამოაზრეებისათვის და წინააღმდეგობა გაეწიათ ოფიციალური საბჭოთა ხელოვნების ხისტი ჩარჩოებისადმი. როდესაც ხელისუფლებამ ეს გამოფენა გაანადგურა, საერთაშორისო საზოგადოებამ ამხილა საბჭოთა ცენზურის მჩაგვრელ ბუნება. საბჭოთა ნონკონფორმისტულმა ხელოვნებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
ხელოვნების ფსიქოლოგიური ძალა, როგორც პროტესტი, არის უნარი, გადმოსცეს აზრები, როდესაც სიტყვები მათ უსაფრთხოდ ვერ გამოხატავენ. ხელოვნება, განსაკუთრებით სახვითი ხელოვნება, აზრს გადმოცემს სიმბოლოებით, ფერებითა და კარიკატურებით. საბჭოთა კავშირის კონტექსტში, სადაც პირდაპირ კრიტიკას შეიძლება მოჰყვეს შავ სიაში შეყვანა, დაპატიმრება ან თუნდაც გადასახლება, მხატვრებმა განავითარეს ქვეტექსტის ენა, იგივე „გამგები გაიგებს ტექნიკა“. ამ ნამუშევრების აბსტრაქტული და სიმბოლური ბუნება უბიძგებდა მაყურებელს უფრო ღრმად დაფიქრებულიყო იმაზე, თუ რას აღიქვამდა, ეყურებინათ ზედაპირული დონის ინტერპრეტაციების მიღმა, იმის მიღმა, რასაც რეჟიმი აწესებდა.
ფილოსოფიური თვალსაზრისით, შევიწროების პირობებში შექმნილმა ხელოვნებამ შეიძლება შეიძინოს დიდი მნიშვნელობა და სირთულის მაღალ დონეს მიაღწიოს. ცენზურის მიერ დაწესებული შეზღუდვები უბიძგებს მხატვრებს ინოვაციებისკენ. ფრანგ იფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი ამტკიცებდა, რომ შეზღუდვებს შეუძლია შემოქმედებითობის გაღვივება. საბჭოთა კავშირში ხელოვნება იქცა „მიწისქვეშა ენად“, სადაც ხელოვანები და აუდიტორია ერთნაირად შიფრავდა და იზიარებდა ქვეტექსტებს, რაც ბადებდა უნიკალურ კავშირსა და სოლიდარობას რეჟიმის მოწინააღმდეგეთა შორის.
ისტორიაში ჩაგვრის პირობებში შემოქმედების პარადოქსი აშკარაა: მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე ღირებული ხელოვნების ნიმუში გაჭირვების პერიოდებში წარმოიშვა. საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნებიდან დაწყებული, დამთავრებული ჯაზითა და ბლუზით, ეს პარადოქსი არის ფსიქოლოგიური პასუხი უბედურებაზე. ფსიქოანალიტიკური თეორიების თანახმად, კრეატიულობა ხშირად არის უბრალოდ ტრავმისა და გაჭირვების გადამუშავების მექანიზმი, რაც საშუალებას აძლევს ინდივიდებს გამოხატონ, გაერკვნენ და გადალახონ თავიანთი დაბრკოლებები. საბჭოთა ხელოვანები არა მხოლოდ დაუპირისპირდნენ ცენზურას, არამედ იყენებდნენ მას, როგორც კატალიზატორს თავიანთი ხელოვნებისთვის. მათი ნაშრომები რეზონანსული გახდა მსოფლიო მაშტაბით. საბოლოოდ, თუ შეამჩნევთ, რომ გზღუდავენ, არც კი დაფიქრდეთ გაჩერებაზე. დახურეთ კარი, მოიწვიეთ თანამოაზრეები და დაუკარით ჯაზი.