
სტატიის ავტორი: ლიზი საყვარელიძე
სიტყვა „რელიგია“ ლათინურიდან მომდინარეობს და იშიფრება, როგორც გაერთიანება, დაკავშირება. ახლა ეს განმარტება უდავოდ აბსურდულად მიიჩნევა – მრწამსის გამო რამდენი ომი გაჩაღებულა, ვინ მოთვლის. მართლაც, უამრავი ადამიანი დაიღუპა ბრძოლის ველზე ქრისტეს სახელით, ალაჰის სახელით… ვერ უარვყოფთ, კაცობრიობის ისტორიის უდიდესი განხეთქილების ვაშლი რელიგიაა, რაც უნდა სიკეთეს ქადაგებდეს, ყოველთვის ჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ხალხის რწმენით მანიპულირებს. რასაკვირველია, ამ საკითხს არაერთი მწერალი ეხმიანება, მოსაზრებები კი ზოგჯერ რადიკალურად განსხვავდება და მკითხველსაც სხვა კუთხით დაანახვებს ამა თუ იმ ამბავს. მე თუ მკითხავთ, სწორედ ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებთან შეჯახებით ყალიბდება ინდივიდის შეხედულებები და იდეოლოგია.
ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთქმედების შესახებ პირველი თვალსაჩინო ტექსტი „ილიადაა,“ რომელშიც ნათლად იხატება პრობლემა – მოკვდავი არა თავისუფალი ინდივიდი, არამედ ოლიმპიელ ღვთაებათა მიერ მართული არსებაა. ჰომეროსისეული რწმენით, წუთისოფელი ემორჩილება ზეციურ ძალებს და ცხოვრების თითოეული დაბრკოლება უკვდავთა მიერ მოვლენილი განსაცდელია. ერთი მხრივ, ბერძნული მითოსის ღვთაებები კაცობრობის შემწენი არიან, მეორე მხრივ, ისინი პასუხისმგებელნი არიან თითოეულ ტრაგედიაზე. გავიხსენოთ, ოდისევსის მთელი ეკიპაჟი ემსხვერპლა პოსეიდონის რისხვას, მხოლოდ თავად ითაკის მმართველი გადარჩა, ისიც ათენას შემწეობით. ამგვარად, ჰომეროსი აცნობიერებს, ღმერთებიც კი არ არიან სრულყოფილნი, თუმცა ცალკეული შემთხვევები არ უდებს საფუძველს რწმენის შერყევას. ვფიქრობ, რთულია დაადანაშაულო ის, ვინც თვალით არ გინახავს, ბოლოს და ბოლოს, რა არის რელიგია, თუ არა ადამიანში საგულდაგულოდ ჩანერგილი გრძნობა?
ლიტერატურის განვითარებასთან ერთად სახე იცვალა სამწერლობო სტილმაც, კერძოდ, საუკუნეთა განმავლობაში ახალი ტენდენციები დამკვიდრდა. თუკი ჰომეროსის პოემებში ფანტაზიისეული ელემენტები მრავლადაა, ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში თითოეული ეპიზოდი რეალობას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, რელიგიის როლი დიდად გაიზარდა მწერლობაში მას შემდეგ, რაც ისეთი დიდი რელიგიები დამკვიდრდა, როგორებიცაა ქრისტიანობა და ისლამი. საინტერესოა, საუკუნეების განმავლობაში თითქმის უცვლელი იყო ძირითადი შინაარსობრივი ქარგა – ყველასაგან გამორჩეული პერსონაჟი უფლის ხმას მიჰყვება და სულიერი ამაღლებისკენ ისწრაფვის, თუმცა რენესანსის ეპოქაში მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. გავიხსენოთ, თუნდაც, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია,“ რომელიც ხორცს ასხამს ავტორის მრწამსს. პროტაგონისტი არა გაიდეალურებული გმირი, არამედ მოგზაურია, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვება მკითხველი. აქ ნაკლებად დომინანტია განღმრთობის თემა, წინა პლანზე რწმენის სიღრმეების კვლევაა წამოჭრილი. აქედან გამომდინარე, ეპოქა დიდად განსაზღვრავს ამა თუ იმ თემის შესახებ შექმნილ შემოქმედებას.
აქვე შეუძლებელია, რელიგიასთან მიმართებით არ განვიხილოთ ფილოსოფიის განვითარება. ახალი იდეოლოგიები განსხვავებული რაკურსით წარმოგვიდგენს აწ უკვე დამკვიდრებულ შეხედულებებს, ფიქრი კი აყალიბებს ინდივიდის ზნეობრივ კრედოს. ამაზე საორიენტაციოდ გავიხსენებ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „წინასწარმეტყველს,“ რომლის პროტაგონისტის პირით გამოითქმის ტექსტის მთავარი სიბრძნე.
„ის, ვისთვისაც ღვთისმოსაობა ფანჯარაა, რომელსაც ხსნიან და ხურავენ, ჯერ კიდევ არ ყოფილა თავისი სულის სახლში – მისი ფანჯარა ღიაა განთიადიდან განთიადამდე. თქვენი ყოველღიური ცხოვრებაა თქვენი ტაძარი და რელიგია.“
ზემოთქმული ცხადყოფს, ავტორი არა იმქვეყნიურ, არამედ წუთისოფლისეულ ცხოვრებაზე ორიენტირდება. მისთვის რელიგია ისაა, თუ როგორ გაატარებს ადამიანი არსებულ დროს ამქვეყნად. მეოცე საუკუნის ლიტერატურაზეც კი იგრძნობა რენესანსული ფილოსოფიის გავლენა, სამყაროს ცენტრში ადამიანი დგას. „წინასწარმეტყველი“ ადასტურებს, ღირსეული ცხოვრება სინთეზია უფლება-მოვალეობისა, პიროვნებას შეუძლია, სურვილების დაკმაყოფილება უნდოდეს, თუმცა ამისთვის მან უნდა იშრომოს.
იმ მწერალთაგან, რომლებიც რწმენას განიხილავენ, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ალბათ მაინც ჟოზე სარამაგუა. პირველად „კაენი“ წავიკითხე. იმდენად შთამბეჭდავად არის გადმოცემული ბიბლიური ანტაგონისტის თავგადასავალი, მკითხველს დააფიქრებს, ვინ განასახიერებს სიკეთეს და ვინ – ბოროტებას. პორტუგალიელი ავტორის სამწერლობო ნიშა ამქვეყნიურ ნიშან-თვისებებზე ორიენტირებაა, ამგვარად, იგი ბიბლიურ პერსონაჟებს განსხვავებული ხედვის კუთხით აკვირდება. ამას ადასტურებს „იესოს სახარებაც,“ რომელშიც ქრისტეს არა ღვთაებრივი, არამედ მიწიერი ბუნებაა წინა პლანზე წამოწეული. საოცარია, ნაწარმოებში სატანა ბევრად უფრო ჰუმანური პერსონაჟია, ვიდრე – უფალი, მაშასადამე, სარამაგუ კრიტიკულად განეწყობა ქრისტიანობის მიმართ და აყალიბებს ახალ შეხედულებებს. მეტად შთამბეჭდავია ჯვარცმის ეპიზოდის ერთ-ერთი მონაკვეთი: „შეუნდეთ, ხალხო, რამეთუ არც კი იცის, რას აკეთებს.“ თუკი ტრადიციულად იესო მამა ღმერთს სთხოვს, ცოდვები მიუტევოს კაცობრიობას, ამ შემთხვევაში პირიქითაა, თავად ღმერთი არის სულწარწყმენდილი პერსონაჟი. ჩემი აზრით, სიუჟეტის ინვერსია გარკვეულწილად დამთრგუნველიცაა, თუმცა მკითხველს არწმუნებს, მონეტას ორი მხარე აქვს და სწორად უნდა განვსაჯოთ, რომელი პრინციპები უნდა ვაქციოთ ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედად.
რა თქმა უნდა, სამარაგუ ეწინააღმდეგება ტრადიციულ წაკითხვას, აღქმას, გააზრებასა და ხედვას, მაგრამ ის არის ნიმუში იმისა, თუ როგორ შეცვალა ახალმა დრომ მიმართება და დამოკიდებულება იმასთან, რაც ყველას ურყევი და მარადიული ეგონა.
ვიღაც ასეთ ხედვას დაეთანხმება, გაცილებით მეტი ალბათ არა, თუმცა ასეთი ტექსტები ნამდვოლად უწყობს ხელს იმას, რომ დაისვას ახალი კითხვები და ადამიანი კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ჭეშმარიტებაზე.
აქვე წარმოგიდგენთ ამონარიდებს სტატიაში ნახსენები წიგნებიდან.
„როდესაც შრომობთ, მაშინ მართლა გიყვართ სიცოცხლე, ხოლო სიცოცხლის შეყვარება მუშაობაში ნიშნავს, რომ ცხოვრების უღრმეს საიდუმლოს დაუახლოვდით.“ – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, „წინასწარმეტყველი.“
„ცოდვები კი სულ სხვა საქმეა, ცოდვა თვალით უხილავი სნეულებაა, არც კოჭლობაა, არც გამხმარი ხელი გახლავთ, არამედ კეთრი, სწორედ კეთრია, სულს რომ გვიჭამს შინაგანად. მართალი, ცამდე მართალი იყო ღმერთი, იქ, ნავში იესოს რომ უთხრა, ადამიანი არ არსებობს, ერთი ცოდვა მაინც რომ არ ჰქონდეს ჩადენილიო, არადა, როგორც წესი, ერთი კი არა – ათასობით. ჰოდა, რახან ქვეყნის დასასრული და ცათა სასუფეველი მოახლოებულა, იქ შესასვლელად მონანიებისა და შენდობის გზით განწმენდილი სულის ქონა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასწაულებრივად განკურნებული ხორცისა.“ – ჟოზე სარამაგუ, „იესოს სახარება.“
„თქვენს სწრაფვაში თქვენივე არსებისაკენ დევს სიკეთე. ის თითოეულ ადამიანშია, მაგრამ ზოგიერთში ეს სწრაფვა მშფოთვარე, დაუცხრომელი დინებაა, თავის წყლებს ზღვისკენ რომ მიაქანებს მთის ფერდობთა საიდუმლოებასა და ტყის სიმღერასთან ერთად, ზოგში კი ის პატარა ნაკადულია, კლაკნილებში რომ იკარგება, იხლართება და ილევა იქამდე, ვიდრე ნაპირს მიაღწევდეს. მაგრამ ის, ვისაც ბევრი სწყურია, არ ეუბნება მას, ვინც მცირედითაც კმაყოფილდება: “რატომ ორჭოფობ და არ ჩქარობო?” რადგან ნამდვილად კეთილი ადამიანი შიშველს არ ჰკითხავს: “სად არის შენი ტანისამოსი?” ხოლო უსახლკაროს – “რა მოუვიდა შენს სახლსო?” – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, „წინასწარმეტყველი.“
„თქვა იესომ: გელოდები. რას მელოდები? თქვა ღმერთმა და გამხიარულდა. გელოდები, როდის მეტყვი, რამდენ სიკვდილად და წამებად დაუჯდებათ ადამიანებს შენი ომი უცხო ღმერთებთან, რამდენ სიკვდილს და წამებას გადაიხდის გამარჯვებაში შენი და შენი სახელით ის, ვინც გამოგვყვება? დაბეჯითებით მოითხოვ პასუხს? დაბეჯითებით. კეთილი: იმ თავყრილობის თუ ერთობის, მე რომ გითხარი, შენობა მკვიდრად აიგება, მაგრამ საძირკველს ცოცხალ ხორცში გაიდგამს იგი, ხოლო ბალავარს უარყოფა, ცრემლი, ტანჯვა შეადუღაბებს, წამება და ყველა სახის მოკვდინება, ის, რაც ამჟამად ცნობილია, და ის, რაც ჯერ არც გაუგონიათ.“ – ჟოზე სარამაგუ, „იესოს სახარება.“
„არც ერთ ადამიანს დედამიწის ზურგზე არ შეუძლია, აღმოგიჩინოთ რაიმე გარდა იმისა, რაც უკვე თვლემდა თქვენი ცოდნის გარიჟრაჟისას. მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებით გარშემორტყმული ბოლთას სცემს ტაძრის ჩრდილში, თავისი სიბრძნიდან კი არ გაიღებს, არამედ უფრო რწმენიდან და სიყვარულიდან. თუ ის მართლა ბრძენია, კი არ გიბრძანებთ, შეხვიდეთ მისი სიბრძნის სასახლეში, არამედ თქვენივე გონების ზღურბლთან მიგიყვანთ.“ – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, „წინასწარმეტყველი.“
„ის, ვინც ქცევაში მხოლოდ წესს მისდევს, თავის მოჭიკჭიკე ჩიტს გალიაში კეტავს. თავისუფალი სიმღერა კი რკინის მავთულხლართებიდან არასდროს გამოდის. ის, ვისთვისაც ღვთისმოსაობა ფანჯარაა, რომელსაც ხსნიან და ხურავენ, ჯერ კიდევ არ ყოფილა თავისი სულის სახლში – მისი ფანჯარა ღიაა განთიადიდან განთიადამდე. თქვენი ყოველდღიური ცხოვრებაა თქვენი ტაძარი და რელიგია. როცა არ უნდა შეხვიდეთ იქ, ყველაფერი, რაც გაბადიათ, თან წაიყოლეთ.“ – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, „წინასწარმეტყველი.“