
სტატიის ავტორი: დანიელა დალალიშვილი
თავისუფლება ადამიანის უძვირფასესი მონაპოვარია. ახალგაზრდასინდივიდად ჩამოყალიბებისთვის სჭირდება შესაფერისი გარემო, რომელიც აძლევს უფლებას გამოსცადოს ის, რაც სურს და ასე იპოვოს საკუთარი თავი. როდესაც პიროვნება თავს შებოჭილად გრძნობს, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იპოვოს გასასვლელი ამ ჩაკეტილობიდან. მაგრამ რამდენად შორს წავა ის თავისუფლებისთვის? 1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზრდები: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი ჰაერში აფრინდნენ თავისუფლების მოსაპოვებლად.
ისტორიული კონტექსტი :
საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა 1921 წელს რუსეთის მიერ ხელმეორე ოკუპაციის შემდეგ. წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში (1921 წლის 12 თებერვალი – 17 მარტი) იყო რუსეთის საბჭოთა წითელი არმიის სამხედრო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალ-დემოკრატიის დამხობას, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გაუქმებას და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის (საქართველოს კომუნისტური პარტიის) ძალუფლების დამყარებას. აღსანიშნავია, რომ 1917 წელს, რუსეთში დაწყებული თებერვლის რევოლუციის შემდეგ, საქართველო ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახდა. 1918 წლის აპრილში მან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად შექმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, მაგრამ ის დატოვა ერთი თვის შემდეგ და 26 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთმა 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი მოსკოვის ტრაქტატით აღიარა. 1921 წელს საქართველოში შეჭრა მოსკოვში საყოველთაოდ შეთანხმებული არ იყო. იგი ძირითადად შემუშავებული გახლდათ ორი გავლენიანი პირის, იოსებ სტალინისა და სერგო ორჯონიკიძის მიერ, რომლებმაც 1921 წლის 14 თებერვალს მიიღეს რუსეთის ლიდერის ვლადიმერ ლენინის თანხმობა საქართველოში შეჭრაზე, სავარაუდოდ აჯანყებული „გლეხებისა და მუშათა“ მხარდაჭერის საბაბით. საზოგადოების შედარებით ფართო მხარდაჭერისა და გარკვეული წარმატებული რეფორმების მიუხედავად, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ვერც სტაბილური ეკონომიკისა და ვერც ძლიერი, დისციპლინირებული არმიის შექმნა, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას. მიუხედავად იმისა, რომ არმიაში იყო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ოფიცრების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მან მაინც ვერ შეძლო გამკლავება საბჭოთა არმიასთან. რუსულმა ჯარებმა აიღეს საქართველოს დედაქალაქი თბილისი (მაშინ ცნობილი, როგორც ტფილისი). 1921 წლის 25 თებერვალს გამოაცხადეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი საბჭოთა არმიამ სამ კვირაში დაიპყრო, თუმცა საბჭოთა მმართველობა მთლიანად საქართველოში მხოლოდ 1924 წლის სექტემბერში დამყარდა. საქართველო შეუერთდა საბჭოთა კავშირს, რომლის წევრიც იყო 1991 წლამდე.
ცხოვრება საბჭოთა კავშირში – რატომ გაუჩნდათ ახალგაზრდებს თვითმფრინავის გატაცების იდეა?
დღევანდელ საქართველოსთან შედარებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოვრება მეტად იაფი და მარტივი იყო. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ეს დრო და ფიქრობენ, რომ სწორედ მაშინ იყო ყველაზე „კარგი ცხოვრება“. თუმცა ეს მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც საკვები და ფიზიკური არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფლება და ადამიანის უფლებები. საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებები მკაცრად იყო შეზღუდული. ეს ქვეყანა იყო ტოტალიტარული სახელმწიფო 1927 წლიდან 1953 წლამდე და ერთპარტიული სახელმწიფო 1990 წლამდე. სიტყვის თავისუფლება აღიკვეთა და განსხვავებული აზრი ისჯებოდა. დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობები მიუღებელი იყო, აკრძალულ იყო თავისუფალი პროფკავშირები, კერძო კორპორაციები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საბჭოთა კავშირში ცენზურა ფართოდ იყო გავრცელებული და მკაცრად ხორციელდებოდა. ამან საფუძველი ჩაუყარა „სამიზდატს“, სახელმწიფოს მიერ ჩახშობილი ლიტერატურის ფარულ კოპირებას და გავრცელებას. ამ დროს დააარსეს გაერთიანება „ცისფერყანწელები“. მისი დამაარსებლები და წევრები (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი) და გრიგოლ რობაქიძე) ილაშქრებდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რის გამოც მოძრაობა საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო. მწერლებიდან ძალიან ბევრი დააპატიმრეს და დახოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ. საბჭოთა კავშირში ყოფილიყავი განსხვავებული აზრის მქონე და გამოგეხატა ის, იყო სიკვდილის (პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით) ტოლფასი.
მე, ადამიანი, რომელსაც არასოდეს უცხოვრია საბჭოთა კავშირში, როდესაც წარმოვიდგენ ამ პერიოდს, თვალწინ მიდგებიან ადამიანები, რომლებიც ჩაცმით, დახურვით, შესახედაობით, ქცევით, მანერებით ერთმანეთს გავდნენ. დავით ტურაშვილი თავის ნაწარმოებში „ჯინსების თაობა“, რომელშიც ის თვითმფრინავის საქმის შესახებ გვიამბობს, წერს, რომ ჯინსები იყო რაღაც უცხო ხილი. ის არ იშოვებოდა სსრკ-ში და თითქმის არავის ეცვა. მხოლოდ ამ ფაქტის ცოდნაა საკმარისი რომ წარმოიდგინო, რამდენად ჩაკეტილი იყო საბჭოთა კავშირი. სწორედ ასეთ რეალობაში ცხოვრობდნენ ახალგაზრდა გეგა კობახიძე და მისი მეგობრები. მათ, როგორც ბევრ სხვას, თავის დაღწევა სურდათ ამ რეჟიმისგან, რომელიც მათ არ აძლევდა საშუალებას, გაეშალათ ფრთები. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ გრძნობდნენ ისინი თავს, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ახალგაზრდის სისხლი სხვანაირად ჩქეფს და მისი გული სხვანაირად ცემს. მაშ, მათი საქციელი გასაკვირი არაა. მეტიც, ეს ყველაფერი სევდიანია. თითქოსდა სასოწარკვეთილი ახალგაზრდები უბრალოდ ვეღარ ხედავდნენ სხვა გზას, რითაც შეძლებდნენ თავი დაეღწიათ ამ მწარე რეალობისგან.
1983 წლის 18 ნოემბერი – რა მოხდა „ტუ-134“-ის N65807 ბორტზე?
მოსკოვის დროით 15 საათსა და 43 წუთზე თვითმფრინავმა, რომელშიც იმყოფებოდნენ მსახიობი გეგა კობახიძე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი, კურსი აიღო ბათუმისკენ. წესით ის უნდა წასულიყო მარშრუტით: თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი, თუმცა ახალგაზრდებმა დაგეგმეს, რომ ისინი აიძულებდნენ პილოტს მარშრუტის შეცვლას და ლენინგრადში წასვლის მაგივრად წავიდოდნენ ჯერ ამერიკაში, იქ, სადაც ჯინსები იშვიათობა არ იყო. ზუსტად რა მოხდა თვითმფრინავში, არ ვიცით. დავით ტურაშვილი თვითმფრინავის სცენის აღწერისას გვიხატავს არა ტერორისტებს, არამედ უბრალო ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც თავისუფლება სწყურიათ. გამოძიების ვერსიით კი მათ მოკლეს ა. სოლომონია, რომელიც შეცდომით მიიჩნიეს საჰაერო ხომალდის გამცილებელ მილიციის თანამშრომლად, ტაბიძემ ასევე ორჯერ ესროლა სალონის პირველ რიგში მჯდომ სამოქალაქო ავიაციის პილოტის ფორმაში ჩაცმულ ა. პლოტკოვას. სამწუხაროდ ყველაფერი წყალში ჩაიყარა. პილოტთა კაბინაში მყოფმა ეკიპაჟის შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა თავისი ტაბელური იარაღიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგად გია ტაბიძე ადგილზე იქნა მოკლული, ხოლო სოსო წერეთელი და კახა ივერიელი დაიჭრნენ, რითაც პილოტებს მიეცათ კაბინის ბლოკირების საშუალება. 18 ნოემბერს 16 საათსა და 40 წუთზე (მოსკოვის დროით), აფრენიდან 57 წუთის შემდეგ, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაბრუნდა. დარწმუნებულმა, რომ თვითმფრინავის გატაცების გეგმა ჩაიშალა, დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა. ყელში დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. გამტაცებლები მოითხოვდნენ თვითმფრინავის ავზის შევსებას და თურქეთში გადაფრენას, სხვა შემთხვევაში თვითმფრინავს ააფეთქებდნენ. თვითმფრინავზე შტურმი 19 ნოემბერს დილით 06:55 წუთზე მიიტანეს. იერიშის დროს დაიღუპა ერთი მგზავრი, 11-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ჯამში გატაცების წარუმატებელი მცდელობისას დაიღუპა 7 ადამიანი, გამტაცებლებიდან გია ტაბიძე ვლადიმერ გასოიანის ტყვიამ იმსხვერპლა, დათო მიქაბერიძემ თავი მოიკლა, ხოლო სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა. 1984 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ კახა ივერიელს, პაატა ივერიელსა და გეგა (გერმანე) კობახიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა, ხოლო თინათინ ფეტვიაშვილს, რომელიც იყო ორსულად, იძულებით გაუკეთეს აბორტი და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ გაასამართლეს და დახვრიტეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა თვითმფრინავზე. ეს იყო თეიმურაზ ჩიხლაძე (მამა თევდორე), რომელსაც ბრალი დასდეს ბანდის ხელმძღვანელობასა და დანაშაულის ორგანიზება-დაგეგმვაში. განაჩენი აღასრულეს 1983 წლის 3 ოქტომბერს.
„მე გადავცურავ ზღვას..“ – დღევანდელი საქართველო:
ქართველებს პატარა სამშობლო გვაქვს. სულ 4 მილიონი ვცხოვრობთ ამ დედამიწაზე და ალბათ, როგორც პატარა ერს, გაგვაჩნია უფრო ძლიერი სიყვარული ჩვენი ქვეყნისა და ერის, ვიდრე სხვებს. ვფიქრობ, რადგან ასე ცოტანი ვართ, მეტად გვაქვს ინსტინქტი განვითარებული, დავიცვათ ჩვენი კულტურა, ქვეყანა, ენა და ის თვისებები, რაც ქართველს ქართველად ხდის. ალბათ ეს იმის შიშიდან გამომდინარეობს, რომ შეიძლება მალე გავქრეთ და ჩვენთან ერთად გაქრეს ქართული კულტურა და ტრადიციები. საქართველოს ისტორიას ახსოვს უამრავი მტერი, მაგრამ როგორღაც მაინც შევძელით აქამდე მოსვლა. სსრკ-ში ყოფნის პერიოდი ალბათ არის ყველაზე მძიმე და რთული წლები საქართველოსთვის. ვერც კი წარმოვიდგენ, როგორი იქნებოდა გეცხოვრა ასეთ შეზღუდულ სამყაროში. „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სცადეს ქართველებმა თვითმფრინავის გატაცება. „ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაა, თავისუფლების საიდუმლო კი გამბედაობა”- კერი ჯონსი. როდესაც ადამიანი არის ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ის თავს შებოჭილად გრძნობს, ალბათ აქტიურდება გადარჩენის ინსტინქტი. ცხოვრების გზა, ძიების გზაა, ძიების საგანი კი – თავისუფლება. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ამ გზაზე ვდგავართ. ადამიანები დღე და ღამე იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ასე გაგრძელდება, სანამ არ გვექნება დემოკრატიული საქართველო. ჩვენი ვალია, ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გვახსოვდეს, რა გამოვიარეთ და ამან მოგვცეს მოტივაცია, რათა არ დავნებდეთ. („ვინც წარსული არ იცის, განწირულია გაიმეოროს ის“ – ჯორჯ სანტაიანა , „ადრე ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – ილია ჭავჭავაძე). გახსოვდეს , თავისუფლებაა ყველაზე მთავარი და ძალა ერთობაშია.