
სტატიის ავტორი: ნიკოლოზ გრიგალაშვილი
პიროვნების კულტი, ყველაზე ხშირად ამ სიტყვების მნიშვენლობა ცნობილი დიქტატორების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით იხსნება, რადგან, როგორც ვიცით, პიროვნების კულტი ყალიბდება მაშინ, როდესაც სათავეში მყოფი ადამიანის შესაძლებლობები გაზვიადებულად არის მოაზრებული, მისი ძალაუფლება უდავოდ წმინდად, თავად ადამიანი კი ამაღლებულად, ასეთი ადამიანი გაღმერთებულია. უმეტესად ეს ხდება ტოტალიტარულ ქვეყნებში. პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, ესენია:
1. კრიზისი – სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისის დროს ადამიანები ცდილობენ მონახონ პიროვნება, ლიდერი, რომელიც მათ წინ გაუძღვება და აარიდებს თავს ამ ყველაფერს. ასევე კულტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს რეპრესიები და კონტროლი, როდესაც სათავეში მყოფი ადამიანი ცდილობს აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას;
2. ლიდერთა სურათების შექმნა – ხალხმრავალ ადგილებში დიქტატორის პორტრეტების, ქანდაკებების ან სხვა გამოსახულებების განთავსება, რათა ხალხმა იცოდეს და ხედავდეს ვინ უდგას მათ სათავეში. ასევე ამ დროს ლიდერებს სჩვევიათ უძლეველობისა და შეუზღუდავი ძალის ჩვენება;
3. პიროვნული კულტურისა და განათლების დაბალი დონე – გაუნათლებელი ადამიანი ყველაზე მარტივად სამართავია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და უმაღლესი მთავარსარდალი იოსებ სტალინი. ის დაიბადა 1878 წლის 21 დეკემბერს საქართველოში, ქალაქ გორში, მეწაღე-ხელოსნის ოჯახში, ხოლო გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს მოსკოვში. დედამისი იყო ეკატერინე გელაძე, მამამისი კი – ბესარიონ ჯუღაშვილი. მან დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ის წარჩინებული მოსწავლე იყო, ახალგაზრდობის წლებიდანვე აქტიურად ეწეოდა რევოლუციურ მოძრაობასა და მარქსისტულ პროპაგანდას. იგი გახდა ცეკას წევრი, ძალიან დიდი როლი ითამაშა ბოლშევიკური რევოლუციის მომზადებაში. მისი უმაღლეს თანამდებობაზე ასვლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან უამრავი მტერი ჰყავდა, მათ შორის გამოირჩეოდა ლევ ტროცკი, ასევე მას ხშირად ეწინააღმდეგებოდა თვით ლენინიც, რომელიც სიცოცხლის ბოლოსაც კი სტალინის თანამდებობიდან გადაყენებასა და მის ადგილას ტროცკის დასმას მოითხოვდა. სათავეში მოსვლისას პარტიაში, ჩეკასა და წითელ არმიაში უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ესენი იყვნენ ხალხი, რომლებიც აქტიურად მიყვებოდნენ ტროცკისტულ-ლენინისტურ პოლიტიკას. ამ ხალხის არსებობა პრობლემა იყო, პრობლემის გადაჭრის გზად კი, სტალინმა მათი დასჯა გადაწყვიტა. თავად ლევ ტროცკი, რომელიც გაციმბირების მიუხედავად მაინც აგრძელებდა ანტისტალინურ პროპაგანდას, დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. სტალინის მმართველობის პერიოდი შეფასებულია, როგორც ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ სისტემის მიუხედავად, სტალინზე მაინც აქტიურად იწერებოდა ლექსები, მას უძღვნიდნენ სიმღერებს. შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ საბჭოთა საქართელოს ჰიმნი, რომელშიც არაერთხელ არის ნახსენები სტალინი. მისი სახელის ხსენება ასევე არ წყდებოდა სამამულო ომის დროს, როდესაც წითელი არმიის ჯარისკაცები მზად იყვნენ თავი გაეწირათ სიტყვებით: სტალინისთვის, ქვეყნისთვის. სტალინის გარდაცვალების შემდეგ აქტიურ დესტალინიზაციის პოლიტიკის გატარებას იწყებს ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც სტალინის მმართველობის პერიოდში მისი ხუთეულის წევრი იყო. 1956 წლის 25 თებერვალს კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე ხრუშჩოვი გამოდის სიტყვებით, რომლებიც დაუნდობლად კიცხავს სტალინის კულტს. ამ ყრილობით გაოგნებული დარჩა მთელი საბჭოთა კავშირი, განსაკუთრებით კი საქართველო. ამავე წლის 9 მარტს ქართველებმა გამოხატეს პროტესტი. ამის გამო პროტესტანტების გარკვეული ნაწილი დაიხვრიტა.