ვინ იტყვის უარს ფუმფულა, თბილ მაჭკატებზე? არ აქვს მნიშვნელობა, მას როდის მივირთმევთ, მისი გემო და ტექსტურა, უბრალოდ, გასაოცარია. მაჭკატი კლასიკური საკვებია, რომელიც შეიძლება იყოს მარტივი და ასევე დახვეწილი, როგორსაც მოისურვებთ. მზადდება იმ ძირითადი ინგრედიენტებით, რომლებიც თითქმის ყველა სამზარეულოში მოიპოვება. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით დამზადებული მაჭკატები უხდება ახალ ხილს, ათქვეფილ ნაღებსა და შოკოლადის სპრედს.
მომზადებისთვის საჭიროა:
2 კვერცხი;
380 გრამი მაწონი;
1 ჩაის კოვზი სოდა;
1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი;
ფქვილი;
კარაქი;
ვანილი;
100 გრამი შაქარი.
მომზადების წესი:
ავთქვიფოთ კვერცხი და შევურიოთ შაქარი, მაწონში ჩავასხათ ძმრისა და სოდის ნარევი, დაველოდოთ 1-2 წუთი, რათა აფუვდეს და შევურიოთ შაქრისა და კვერცხის მასას. დავამატოთ ფქვილი, სანამ სითხე არ შესქელდება, შემდეგ – 3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, ასევე ვანილი. ციტრუსის არომატისთვის შეგიძლიათ დაამატოთ მცირეოდენი ლიმონის წვენი.
დავასხათ ცომი გახურებულ ტაფაზე პატარა ულუფებად, დაველოდოთ სანამ ცომის ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, შემდეგ გადავაბრუნოთ მაჭკატი მეორე მხარეს, რამდენიმე წამი დავაყოვნოთ და გადავიტანოთ გასაგრილებლად, გემრიელად მიირთვით!